ფოტო: armenpress.am
ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საბჭომ ოფიციალურად მიიღო სომხური პროდუქციის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთის ეკონომიკას რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შემდეგ.
აღნიშნული ზომები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და პროდუქციის ფართო სპექტრზე იმპორტის გადასახადების გაუქმებას გულისხმობს. გადაწყვეტილება გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსაც ეხება.
ევროსაბჭოს მიერ მიღებული დროებითი ზომები ხელს შეუწყობს სომხეთიდან ევროკავშირში სავაჭრო ნაკადების მხარდაჭერას და გაძლიერებას, ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მიზნების შესაბამისად. შეთანხმებაში გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც ევროკავშირის ბაზრის დასაცავად, თუ იმპორტი უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის მწარმოებლებზე.
რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. ის ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს და ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
სომხეთთან სპეციალური შეთანხმების გაფორმებას გამოეხმაურა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, ჰელენ მაკენტი. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სომხეთისა და მისი ხალხის მიმართ, რომლებმაც აშკარად აირჩიეს პროევროპული გზა საგარეო ზეწოლის მიუხედავად. დღევანდელი გადაწყვეტილება დაეხმარება სომხეთის ეკონომიკას, რომელიც სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალდა და აჩვენებს, რომ ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ, ევროკავშირს დაეყრდნონ“, – განაცხადა მან.
















