ფოტო: Adel Hana—AP
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილმა „მშვიდობის საბჭომ“, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, ღაზის აღდგენის $2.45-მილიარდიანი გეგმა წარადგინა. დაფინანსება 66 პროგრამაზე გადანაწილდება და ძირითადად საცხოვრებელი სახლების აღდგენას, მოსახლეობის დიზელის გენერატორებით უზრუნველყოფას, ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავებასა და სხვა გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება.
ამ დროისთვის საერთაშორისო დონორებს ღაზის აღსადგენად ჯამში $18 მილიარდის გამოყოფის ვალდებულება აქვთ აღებული, თუმცა რეალურად მხოლოდ $280 მილიონია გადარიცხული. ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეფასებისთვის, ღაზის სრული აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით $71 მილიარდის გამოყოფა იქნება საჭირო.
ამასთან, საბჭოს არც ღაზის რეკონსტრუქციის დაწყების თარიღი დაუკონკრეტებია. პრეზიდენტ ტრამპის გეგმა კი, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა, გასულ წელს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგაც, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდება. მთავარი საკითხი კვლავ „ჰამასის“ განიარაღებაა.
პალესტინური დაჯგუფება სანაცვლოდ ისრაელისგან ღაზის იმ ტერიტორიის 60%-დან ეტაპობრივად გასვლას მოითხოვს, რომელსაც ნეთანიაჰუს ჯარები ამჟამად აკონტროლებენ. ამის საპირისპიროდ ისრაელი „ჰამასის“ სრულად განიარაღებას ითხოვს მანამ, სანამ ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას დაიწყებს.
გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად ღაზაში არსებული ნაგებობების დაახლოებით 80% დაზიანებული ან განადგურებულია, ხოლო ნანგრევების რაოდენობა 60 მილიონ ტონას აღემატება. ტერიტორიიდან 1.9 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 90%, იძულებითაა გადაადგილებული.
„მშვიდობის საბჭო“ ტრამპის მიერ გასული წლის სექტემბერში წარდგენილი ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მისი მიზანი ღაზაში მშვიდობის დამყარება იყო, თუმცა მოგვიანებით ორგანიზაციის საქმიანობა მსოფლიოს სხვა კონფლიქტებზეც გაფართოვდა.














