AP Photo/Ryan Sun
ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, ამერიკულ კომპანიას, არასრულწლოვნების მავნე კონტენტისგან ეფექტიანად დასაცავად, Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება დაევალა.
სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლე ბრაიან ბიდშაიდის განცხადებით, სოციალური მედიის გიგანტი Meta „საზოგადოებრივ ზიანს“ ქმნიდა, რაც ჰაერის დაბინძურების მსგავსია. ბიდშაიდის დადგენილებით, დაკისრებული თანხის ნაწილი კომპანიამ სპეციალურ ფონდში უნდა განათავსოს, რაც მომავალში ბავშვებისთვის მიყენებული ზიანის პრევენციას მოხმარდება.
შედეგად, ახალი გადაწყვეტილებით, საქმეზე Meta-ს წინააღმდეგ დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ $942 მილიონს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ამერიკულ კომპანიას ბავშვთა ექსპლუატაციის ხელშეწყობისთვის $375 მილიონის გადახდა დაეკისრა. მარტის ბრალდება ასევე ითვალისწინებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას — კერძოდ, იმ ნეგატიური გავლენის დამალვას, რომელსაც პლატფორმები მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს.
ცნობისთვის, ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა Meta-ს წინააღმდეგ საქმე 2023 წელს აღძრა. სარჩელის თანახმად, Meta ეფექტიანად ვერ ახერხებდა პლატფორმის არასრულწლოვანი მომხმარებლების დაცვას არასრულწლოვნებისთვის შეუსაბამო კონტენტისგან, ასევე არასასურველი კონტაქტებისა და ტრეფიკინგის საფრთხეებისგან.
მოსამართლის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ნიუ-მექსიკოში მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი ბოლო წლებში გამძაფრდა. სასამართლოს მიერ მოყვანილი კვლევები მიუთითებს დეპრესიული ეპიზოდების, კვებითი დარღვევებისა და მოზარდებში თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდაზე. ბიდშაიდის შეფასებით, სოციალური ქსელების პრობლემური გამოყენება ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია, რადგან მათი ალგორითმები მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობის შესანარჩუნებლადაა შექმნილი.
გარდა ფინანსური სანქციებისა, სასამართლომ Meta-ს კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც დაავალა. კომპანიამ უნდა გააძლიეროს არასრულწლოვანი მომხმარებლების დაცვის მექანიზმები, უზრუნველყოს 13 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ პლატფორმების გამოყენების უფრო ეფექტიანი კონტროლი და არ დაუშვას არასრულწლოვნების ნებისმიერი რომანტიკული ან სექსუალური ხასიათის ინტერაქცია Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან.
რაც შეეხება Meta-ს პოზიციას, კომპანია სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. დაცვის მხარის განცხადებით, Meta გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან კომპანია მუდმივ რეჟიმში მუშაობს პლატფორმებზე უსაფრთხოების გაუმჯობესების, მავნე კონტენტისა და მომხმარებლების დაცვის მიმართულებით.













