2016 წელს კონორ მაკგრეგორმა ფეხბურთის ვარსკვლავ რონალდუსთან დაიქადნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გადაუსწრებდა მას, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავს. წელს UFC მებრძოლმა დანაპირები შეასრულა.
დასტინ პორიესთან განმეორებითი მატჩისთვის ვარჯიშს კონორ მაკგრეგორი დუბაიში ღამის 12:30-ზე წყვეტს Forbes-თან სატელეფონო ზარისთვის. „ეს უკვე დიდი ხანია, მზადდებოდა და მე ამ ზარს ველოდებოდი, სიმართლე რომ გითხრათ“, – ამბობს მაკგრეგორი მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ის გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელეს. ეს გვირგვინოსანი ირლანდიელი ჩხუბისთავი, ყოფილი UFC ჩემპიონი და ყოფილი მოკრივეა, რომელმაც ახლა უკვე ცნობილ 2016 წლის ვიდეოში ფეხბურთის სუპერვარსკვლავ რონალდუსთან, $88 მილიონის მქონე, იმ წლის N1-თან ხუმრობისას იწინასწარმეტყველა, რომ ის მას „შესაძლოა შემდეგ წელს“ შეცვლიდა. მაისში 32 წლის მაკგრეგორმა პირობა შეასრულა, თავისი აღმასვლა იზეიმა და ტვიტერზე Forbes-ის გარეკანს მიმსგავსებული ახლად გამომცხვარი ტორტის ფოტოები გააზიარა. „მიხარია წელს რონალდუს დამარცხება“, – ამბობს ის. ჩხუბისთავობა მაკგრეგორისთვის დიდი ხანია, რაც წარმატების საწინდარია – ისევე როგორც პოლემიკის წყარო. მან თავისი კარიერა 12 წლისამ დუბლინის გარეუბანში, Crumlin Boxing Club-ში დაიწყო. სანტექნიკოსის შეგირდად მუშაობისა და შემწეობის იმედად ცხოვრების პარალელურად მან მუშტიკრივი ადგილობრივ შერეული ორთაბრძოლების წრეზე დაიწყო.
UFC-ში მისი დებიუტი 2013 წელს შედგა, რამაც შესაძლებლობა მისცა, 2015 წელს – საშუალო წონით კატეგორიაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ მსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოეპოვებინა. ის არ ითვლება ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე გაწაფულ მებრძოლად, მაგრამ ქმედობაუნარიანობის, სტილის, სიტყვიერი ზეწოლისა და ქარიზმატულობის ფეთქებადი მიქსის წყალობით ის საყოველთაოდ ცნობილი გახდა. მაკგრეგორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დღე 2018 წელს დადგა, როცა ის MMA-ის გალიიდან მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონთან ფლოიდ მეივეზერ ჯუნიორთან მატჩისთვის გამოვიდა. მართალია, იგი დამარცხდა, მაგრამ გარჯისთვის $99 მილიონი მიიღო. მეივეზერმა იმ წელს სახლში $285 მილიონი წაიღო. ბრალდებები ცუდი საქციელის გამო, მათ შორის სექსუალური ძალადობისთვისაც, პოპულარობისკენ მის სვლას თან სდევდა. გამოძიების შემდეგ ირლანდიაში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეჩერდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო სარჩელი იმავე შემთხვევის გამო. იგი ყველა ბრალდებას უარყოფს.
2019 წელს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი მაკგრეგორის ჩხუბისა უფროს მამაკაცთან დუბლინის ბარში. „მე დამნაშავე ვიყავი, – უთხრა მაკგრეგორმა ESPN-ს. – ის კაცი იმსახურებდა პაბში მშვიდად დროსტარებას იმის ნაცვლად, რომ საღამო ისე დაესრულებინა, როგორც ის დასრულდა“. მაკგრეგორისთვის ხელი არც კანონთან პრობლემებს და არც პანდემიას შეუშლია – მან გასულ წელს ერთ (წაგებულ) ორთაბრძოლაში $22 მილიონი მიიღო UFC ოქტაგონზე, ამას დაემატა პროდუქციის რეკლამისთვის მიღებული $8 მილიონი. მისი შემოსავლების დიდი ნაწილი $150 მილიონის სახით (დაბეგვრამდე) გასულ წელს მან საკუთარი ვისკის ბრენდის Proper No. Twelve-ის საკონტროლო წილის გაყიდვიდან მიიღო. ამან საშუალება მისცა, გადაესწრო ლიონელ მესისთვის, რომელსაც რეიტინგში $130 მილიონით მეორე ადგილი ეკავა, ისევე როგორც რონალდუსთვის (მესამე ადგილი $120 მილიონით). მაკგრეგორის შესვლა სასმელებში მთლიანად სტრატეგიული ნაბიჯი იყო. „შემეძლო, ამეღო მარტივი ფული, – თქვა მან თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ რეკლამების მიღმა გასულიყო და 2018 წელს ალკოჰოლის ბიზნესი დაეწყო. – შემეძლო, სწრაფი მაყუთი ამეღო, [მაგრამ] გავრისკე. ჩემი სული და გული ამაში ჩავაქსოვე და შედეგმაც არ დააყოვნა“.
ინსპირაციისთვის მან ირლანდიური სასმელების ყველაზე ცნობილი მწარმოებლის, არტურ გინესის გამოცდილება შეისწავლა და ჭეშმარიტად ირლანდიური ვისკის შექმნა დაიყო: ირლანდიური მიწა, ირლანდიური წყაროს წყალი, ირლანდიური მარცვალი – ეს ყველაფერი გამოხდილი ჩრდილოეთ ირლანდიის ანტრიმის მუნიციპალიტეტის „უნაკლო ნაკვეთზე“, Bushmills Distillery-ში, რომელიც მექსიკურ სასმელების გიგანტ Becle-ს (ცნობილი როგორც ხოსე კუერვო) ეკუთვნის, და რომელიც თავდაპირველად Proper No. Twelve-ის მცირე წილს ფლობდა. „ირლანდიაში გვყავს როგორც ოსტატი გამომხდელები, ასევე ოსტატი მსმელები. ჩემი ბაბუა ოსტატი მსმელი იყო, – ამბობს მაკგრეგორი. – ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ირლანდიელები ვისკის მომზადებაში ჩემპიონები იყვნენ“.
სამ წელიწადზე ნაკლებ დროში დამზადდა 6 მილიონ ბოთლზე მეტი Proper-ი, და აპრილში Becle-მა და Proper No. Twelve-მა განაცხადეს, რომ Becle-მა მაკგრეგორის წილის დიდი ნაწილი გამოისყიდა. უნაკლო ფორმაში მყოფს, მას წინ სავარაუდოდ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა ელის. „ამ სიიდან ბევრ სპორტსმენს ვიცნობ, ისინი დიდ ფულს აკეთებენ თავიანთი სპორტით, თავიანთი რეკლამებით, – ამბობს ის, რითაც ხაზს უსვამს, რომ თავისი ფულის დიდი ნაწილი მან არა რინგზე, არამედ როგორც ანტრეპრენიორმა იშოვა. – მე ამის სრული საპირისპირო ვარ. ცალკე მდგომი. მეამბოხე.