ბელარუსმა ნობელის პრემიის ლაურეატ ბიალიაცკის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსმა ნობელის პრემიის ლაურეატ ბიალიაცკის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2022 წლის ლაურეატს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების აქტივისტ ალეს ბიალიაცკის ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიალიაცკი და მის მიერ დაარსებული Viasna Human Rights Centre-ის სამი წამყვანი ფიგურა ანტისამთავრობო აქციების დაფინანსების ბრალდებით გაასამართლეს.

ალეს ბიალიაცკი თანამოაზრეებთან ერთად, 2020 წლის არჩევნების გამო გამართული მასობრივი აქციებისას დააკავეს. არჩევნების შედეგებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი ვადით საპრეზიდენტო მანდატის მოპოვება შეძლო. ლუკაშენკო, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 1994 წლიდან მოყოლებული იკავებს, ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით გამოირჩევა. ბიალიაცკისა და მისი კოლეგების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უკავშირდებოდა Viasna-ს მიერ პოლიტპატიმრებისთვის ფულის მიწოდებასა და მათი იურიდიული მომსახურების გადასახადების დაფარვას.

ცნობისთვის, პროკურორებმა მინსკის სასამართლოს ბიალიაცკისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯის მოთხოვნით მიმართეს. თავად უფლებადამცველი ბრალდებებს არ აღიარებს. განაჩენი, მათ შორის ბიალიაცკისთვის ათწლიანი პატიმრობის მისჯა, ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta-მ უკვე დაადასტურა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *