აუქციონის ანონიმმა გამარჯვებულმა, რომელმაც გრაფიტის მხატვარ ბენკსის პრინტი “CND Soldiers” შეიძინა, მთლიანი 6-ნიშნა თანხა, $106,505 უკრაინის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს Okhmatdyt Children’s Hospital-ს გადასცა. მიმდებარე ტერიტორიების რუსეთის მიერ დაბომბვების მიუხედავად, კიევში არსებული ბავშვთა სამედიცინო ცენტრი პაციენტების მკურნალობას კვლავ აგრძელებს.
შუამავალი ლონდონში დაარსებული კერძო გაყიდვების პლატფორმა MyArtBroker-ი იყო, რომელმაც კიევის საავადმყოფოს საკუთარი საკომისიო თანხაც კი გადაურიცხა. ანონიმად დარჩენა სურს თავად გამყიდველს, რომელიც MyArtBroker-ს დაუკავშირდა პრინტის აუქციონზე გატანისა და შემდგომი დონაციისთვის. პრინტი ერთ-ერთია იმ 700 ნამუშევრიდან, რომლებიც 2005 წელს, ინგლისელი ხელოვანისა და ლონდონური გამომცემლობა Pictures on Walls-ის ოფიციალური თანამშრომლობით შეიქმნა.
$106,505 საკმაოდ მაღალი ფასია პრინტების საბაზო ღირებულებისთვის, რომლებიც საშუალოდ $20,000-დან $30,000-მდე იყიდება. დიდი ალბათობით, აუქციონზე უჩვეულოდ მაღალი შეთავაზება გაყიდვის ფილანთროპულმა ბუნებამ განაპირობა. ბენკსი, რომელიც საჯაროდ ვინაობას არ ამხელს, გაყიდვაში პირდაპირ ჩართული არ ყოფილა. თუმცა წარსულშიც მის სახელს არაერთი საქველმოქმედო აქტი უკავშირდებოდა.
“CND Soldiers” პირველად 2003 წელს, ლონდონში, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე ქუჩაზე გამოჩნდა. ის ერაყის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გამოხატულებაა. “CND Soldiers“-ზე ორი ჯარისკაცია გამოსახული, რომლებიც კედელზე წითელი ფერის საღებავით მშვიდობის ნიშანს ხატავენ. ბენკსიმ ნამუშევრის ორიგინალი საპროტესტო აქციების მონაწილე და ბრიტანეთის არმიის ყოფილ სნაიპერს, ბრაიან ჰოუსს გადასცა.