ბეზოსი ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებს

ბეზოსი ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებს

ჯეფ ბეზოსმა, სიცოცხლის განმავლობაში, თავისი $122-მილიარდიანი ქონების უმეტესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღების პირობა დადო. Amazon-ის დამფუძნებელმა გადაწყვეტილების შესახებ მრავალწლიანი კრიტიკის შემდეგ განაცხადა, რომელიც სხვა მილიარდერებთან შედარებით, მის პასიურ ფილანთროპიულ საქმიანობას შეეხებოდა.

Amazon-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დადებითად უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ქველმოქმედებისთვის გაიღოს. მილიარდერს საკუთარი გეგმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია და შესაბამისად უცნობია, ზუსტად რა სფეროებს მოხმარდება მისი ქონება. თუმცა ამ დრომდე ბეზოსმა მილიარდობით დოლარი კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად და „სმითსონის საჰაერო და კოსმოსური მუზეუმისთვის“ გამოყო.

ცნობისთვის, ჯეფ ბეზოსმა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა „Giving Pledge“-ის ინიციატივისთვის, რომელიც ქონების სრულად ქველმოქმედებისთვის გაღებას ითვალისწინებს და ისეთი პირების ინიციირებულია, როგორებიც ამერიკელი მილიარდერები უორენ ბაფეტი და ბილ გეიტსი არიან. როგორც CNN-თან ბეზოსმა განაცხადა, ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა, რადგან თანხის არაეფექტიანი გამოყენების მრავალი გზა არსებობს.

Forbes-ის შეფასებით, ჯეფ ბეზოსი, $122-მილიარდიანი ქონებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსსაც ფლობდა, თუმცა Amazon-ის აქციების ფასის დაცემამ სიტუაცია შეცვალა. მაშინ, როდესაც Amazon-ის აქციების ღირებულება რეკორდულ $188.11-ს შეადგენდა, ბეზოსის ქონება $200 მილიარდს აჭარბებდა.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო საქმიანობით გამოირჩევა ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაქკენზი სკოტი. სკოტი Forbes-ის 2022 წლის ტოპ-10 ქველმოქმედ ამერიკელ მილიარდერს შორისაც მოხვდა, ფილანთროპიისთვის გაღებული $8.61 მილიარდით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *