ბილ და მელინდა გეითსების ფონდი – საჭირო იქნება 7 მლრდ ადამიანის ვაქცინაცია

ბილ და მელინდა გეითსების ფონდი – საჭირო იქნება 7 მლრდ ადამიანის ვაქცინაცია

ბილ და მელინდა გეითსების ფონდი მოუწოდებს მსოფლიოს თანამშრომლობისკენ, რათა 7 მილიარდი ადამიანისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნას. ამასთან, ფონდი დამატებით 150 მილიონი დოლარის მობილიზების შესახებ აცხადებს, რაც ვირუსის სამკურნალო საშუალებების შექმნას უნდა მოხმარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შექმნას დაახლოებით შესაძლოა 18 თვე დასჭირდეს, მსოფლიო მთავრობები და ბიზნესები უნდა მოემზადონ იმისათვის რომ წარმოების შესახებ გეგმები შეიმუშაონ.

“როდესაც ჩვენ ისეთ ახალ პათოგენთან გვიწევს გამკლავება, როგორიც COVID-19–ია, ჩვენ დაგვჭირდება მილიარდობით დოზა. პლანეტაზე 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ დაგვჭირდება თითქმის ყველა მათგანის აცრა. ამის საწარმოო შესაძლებლობები კი არ არის“, – განაცხადა ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მთავარმა აღმასრულებელმა მარკ სუზმანმა.

შეგახსენებთ, გეითსების ფონდმა თებერვალში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად $100 მილიონის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, ახლა კი ამას დამატებით $150 მილიონს ამატებენ. თანხის უმეტესობა უნდა მოხმარდეს დიაგნოსტიკური ტესტების, სამკურნალო საშუალებების და ვაქცინის შექმნას, რათა ის გლობალურად იყოს ხელმისაწვდომი.

თანხის ნაწილი კი სამხრეთ აზიასა და სუბ–საჰარულ აფრიკაში მდებარე ყველაზე ღარიბი ქვეყნების დახმარებას მოხმარდება, რომელთაც საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის დეფიციტი აქვთ.

თუმცა, ფონდი აქცენტირებას მაინც ვაქცინის შექმნაზე აკეთებს. ამ დროისთვის დაახლოებით 100 პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. მათმა ნაწილმა შესაძლოა დამაიმედებელი შედეგები აჩვენონ შემოწმების საწყის ეტაპზე.

“წარმატებული ვაქცინა 7 მილიარდი ადამიანისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ამიტომაც საჭიროა მისი შემოწმება, აქვს თუ არა მას რაიმე მოულოდნელი გვერდითი ეფექტები, რომელიმე ჯგუფში, იქნებიან ესენი ორსულები თუ მოხუცები ან მცირეწლოვნები“, – აცხადებს სუზმანი.

ბილ და მელინდა გეითსების ფონდში ასევე ამბობენ, რომ საჭიროა აშშ–ისა და ჩინეთის თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან შექმნილ ვითარებაში. შეგახსენებთ გასულ კვირას აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის WHO-ს დაფინანსებას შეუწყვეტს.

“ნათელია ჩვენთვის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ძალიან ძლიერი და სანდო პარტნიორია“, –აღნიშნავს სუზმანი. აღსანიშნავია, რომ WHO-ის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ–ის შემდეგ სწორედ გეითსების ფონდია.

სუზმანი აცხადებს, რომ გეითსების ფონდი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ 12–18 თვეში ერთი ან ორი წარმატებული ვაქცინა შეიქმნება.

“ეს იქნება ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა კაცობრიობის ისტორიაში“, – დასძინა მან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *