კრიპტოინდუსტრიაში კოლაფსის რისკები მნიშვნელოვნად იზრდება – მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი გარიგებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ რიგით მეორე უდიდესი ბირჟის, FTX-ის ყიდვას აღარ აპირებს.
Binance-ის წარმომადგენლობის განცხადებით, FTX-ი ფინანსურად იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც, განხილვის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, უდიდესი კონკურენტის ყიდვაზე და მის გაკოტრებისგან გადარჩენაზე უარი თქვას.
“ანალიზის, განხილვისა და აშშ-ში დაწყებული გამოძიების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უარი განვაცხადოთ FTX.com-ის შეძენაზე.
თავდაპირველად ვფიქრობდით, FTX-ის დახმარებას შევძლებდით, თუმცა კომპანიაში არსებული რეალური პრობლემები სცდება ჩვენს შესაძლებლობებს, Binance-ი FTX-ს ვერ უშველის”, – განაცხადა Binance-ის წარმომადგენელმა.
CoinDesk-ის წყაროების ინფორმაციით, FTX-ი ფაქტობრივად გაკოტრებულია და მას იმაზე გაცილებით მეტი ვალდებულებები აქვს, ვიდრე ამას კომპანიის წარმომადგენლობა ასაჯაროებდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ერთი კვირის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ FTX-ის ანგარიშზე გარღვევა იყო, კომპანია კი ვერ შეძლებდა ვალდებულებების გადაფარვას და კლიენტების მომსახურებას, რამაც ბაზარზე პანიკა და FTX-ის კრიპტოტოკენის, FTT-ის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.
FTX-ის კოლაფსში უდიდესი წვლილი სწორედ Binance-ს და მის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს მიუძღვის, რომელმაც FTX-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა და Binance-ის პორტფელში არსებული FTT-ის ლიკვიდირების გადაწყვეტილება მიიღო.