Binance-ის დამფუძნებელს 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Binance-ის დამფუძნებელს 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Binance-ის დამფუძნებელსა და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენგ ჟაოს, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბიზნესმენმა ფულის გათეთრებისა და სანქციების დარღვევის საქმეზე ბრალი აღიარა. სასჯელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე პროკურორების მოთხოვნა ჟაოსთვის 3-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, ჟაო დათანხმდა, დატოვოს Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და ჯარიმის სახით, $50 მილიონიც გადაიხადოს. ჯარიმა ბიზნესმენს როგორც ფულის გათეთრების, ასევე სანქციების დარღვევის საქმისთვის დაეკისრა, რომელიც კავშირშია მომხმარებლებთან სირიაში, ირანსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებშიც.

პროკურორების განცხადებით, ჟაოს დანაშაული წინასწარ იყო განზრახული, მისი ქმედებებისთვის შესაბამისი სასჯელი კი მესიჯი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის. ფედერალური წესდებების თანახმად, მსგავსი ტიპის დანაშაულებზე 12-დან 18 თვემდე პატიმრობაა გათვალისწინებული. თუმცა, პროკურორების მტკიცებით, ეს წესდება ადეკვატურად არ ასახავს ჟაოს დანაშაულის სიმძიმეს.

თავის მხრივ კი, კრიპტომილიარდერის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5-თვიან გამოსაცდელ ვადას ითხოვდნენ. ადვოკატების თქმით, აშშ-ის დატოვების აკრძალვის გამო, ჟაო ისედაც 5 თვეზე მეტია, რაც ოჯახისგან შორს იმყოფება, ამასთან ერთად კი მილიარდერმა ფულის გათეთრების საქმეზეც პასუხისმგებლობა აიღო, რაც სასჯელის შემსუბუქების საშუალებას იძლეოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფედერალური მოსამართლის მიერ დამტკიცებული საპროცედურო შეთანხმების ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი $4.3 მილიარდზე მეტი ღირებულების ჯარიმისა და კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.