Binance-მა მუშაობა განაახლა – მომხმარებლებმა პლატფორმიდან $3.64 მილიარდი გაიტანეს

Binance-მა მუშაობა განაახლა – მომხმარებლებმა პლატფორმიდან $3.64 მილიარდი გაიტანეს

ფოტო: livemint.com

 

მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც პლატფორმიდან $6.3 მილიარდის ღირებულების აქტივები მოიპარეს, კვირას მუშაობა განაახლა. ბირჟის ხელახლა ამოქმედებას მომხმარებლების მხრიდან თანხების გატანის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. მათ პლატფორმიდან $3.64 მილიარდი, Binance-ის აქტივების დაახლოებით 2.1%, გაიტანეს.

Binance-ის განცხადებით, თავდაპირველი მკვეთრი ზრდის შემდეგ თანხების გატანის მაჩვენებელი სტაბილურდება, ხოლო დეპოზიტების მოცულობა კვლავ მაღალია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოპარული $6.3 მილიარდის ღირებულების აქტივებიდან ამ დროისთვის 95% უკვე აანაზღაურეს.

ჰაკერული თავდასხმა, რომელსაც ანალიტიკოსები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ ძარცვად მიიჩნევენ, კრიპტოინდუსტრიაში გახშირებული კიბერთავდასხმების ფონზე მოხდა. მომხმარებლების მიერ თანხების გატანის მოცულობა ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია იმისა, რამდენად შენარჩუნდა მათი ნდობა პლატფორმის მიმართ. TRM Labs-ის მკვლევრების მონაცემებით, გასულ წელს კრიპტოვალუტების ქურდობის თითქმის 150 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგადაც თავდამსხმელებმა ჯამში $2.9 მილიარდის ღირებულების აქტივები მიითვისეს.

Binance-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც გრინვიჩის დროით 15:30 საათის მდგომარეობით მომხმარებლების მიერ გატანილ და შეტანილ თანხებს ასახავდა, DefiLlama-ს მაჩვენებლებისგან განსხვავდებოდა. კრიპტოანალიტიკურმა პლატფორმამ წმინდა გადინების მოცულობა $5.81 მილიარდად შეაფასა, მაშინ როდესაც მანამდე გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი $4.36 მილიარდი იყო.

Binance-ში განმარტეს, რომ DefiLlama-ს მონაცემები სრულად ზუსტი არ არის, რადგან მასში კომპანიის მიერ საკუთარ ახალ ცხელ საფულეში გადარიცხული თანხები არ არის გათვალისწინებული. ბირჟის წარმომადგენლის თქმით, ყველაზე ზუსტ სურათს კომპანიის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული ბოლო განახლება ასახავს.

მომხმარებლებისთვის თანხების გატანა ეტაპობრივად აღდგა, მოთხოვნის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პირველ ეტაპზე 15 კრიპტოაქტივი გახდა ხელმისაწვდომი, მათ შორის Bitcoin-ი, Ether-ი, Dogecoin-ი, ასევე USDC და USDT სტეიბლკოინი.

კომპანიის განმარტებით, დაკარგული აქტივების აღდგენა რამდენიმე წყაროს დაფინანსებით მოხერხდა. Binance-მა თავდაპირველად განაცხადა, რომ კვირას მოპარული კრიპტოვალუტების დაახლოებით $6 მილიარდის ღირებულება უკვე აღდგენილი ჰქონდა. დარჩენილი 5% ნაკლებად ლიკვიდური აქტივებისგან შედგება, რომელთა საჭირო რაოდენობით მოძიებასაც შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

FBI თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებით, Binance-ზე განხორციელებული თავდასხმის უკან ჩრდილოეთ კორეის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor-ი დგას.

FBI-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააფიქსირეს, რომ დაჯგუფების წევრები მოპარულ აქტივებს კრიპტოვალუტა Ether-ში აკონვერტირებდნენ. უწყება ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მოპარული თანხების წარმომავლობის დასამალად დამატებით ფინანსურ ოპერაციებსა და შესაბამის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობაზე მანამდე კრიპტოანალიტიკურმა კომპანიებმა TRM Labs-მა და Chainalysis-მაც მიუთითეს. მათი შეფასებით, მოპარული აქტივების ძირითადი ნაწილი დაახლოებით 20 წუთში, ხუთშაბათს გვიან ღამით მიითვისეს. თავდასხმის მეთოდი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფების მიერ წარსულში განხორციელებულ კიბერშეტევებს ჰგავდა.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, მონაწილეობდა თუ არა თავდასხმაში ჩრდილოეთი კორეა. „არ ვიცით, ეს ჩრდილოეთი კორეა იყო თუ არა, მაგრამ თუ ასეა, მათთან ამ საკითხზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

Binance ზარალის სრულად დაფარვას საკუთარ თავზე იღებს

Binance-ის განცხადებით, კომპანია მოპარული აქტივების გაყინვის მიზნით სხვა კრიპტოპლატფორმებთან თანამშრომლობს. პარასკევის მდგომარეობით, მათ დაახლოებით $3 მილიარდის ღირებულების აქტივების იდენტიფიცირება და გაყინვა შეძლეს.

ბირჟა აცხადებს, რომ თავდასხმით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს სრულად თავად დაფარავს. ამისთვის კომპანიამ დაახლოებით $6.34 მილიარდის ოდენობის სახსრები გამოყო.

მოპარული ტოკენების ჩანაცვლებისთვის გამოყენებული თანხის ნაწილი Binance-ის მომხმარებელთა დაცვის ფონდიდან, Secure Asset Fund for Users (SAFU)-დან გამოიყო. ფონდი თავდაპირველად $1 მილიარდის ღირებულების Bitcoin-ის რეზერვს მოიცავდა და მომხმარებლების აქტივების უსაფრთხოების ინციდენტებისგან დასაცავად შეიქმნა. თანხის ნაწილი კომპანიის ფიუჩერსების სადაზღვევო ფონდიდან და კორპორაციული ხაზინიდანაც გამოიყო.

ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პარასკევს კრიპტოვალუტების ფასები შემცირდა, Binance-მა კი მომხმარებლების დარწმუნება დაიწყო, რომ მათი აქტივები უსაფრთხოდ იყო.

ჩინეთში დაფუძნებულ Binance-ს მსოფლიო მასშტაბით 335 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის განცხადებით, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, პლატფორმაზე განთავსებული აქტივების საერთო ღირებულება $171 მილიარდს შეადგენდა.

თავდასხმაზე FBI-ის განცხადებას Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაოც გამოეხმაურა. მან აშშ-ის სამართალდამცველებს მოპარული აქტივების კვალის მიკვლევასა და ნაწილის გაყინვაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჟაო, რომელიც აშშ-ში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი კონტროლის პროგრამის შეუსრულებლობის გამო იყო მსჯავრდებული და 2025 წელს დონალდ ტრამპმა შეიწყალა, სოციალურ ქსელ X-ზე წერდა, რომ სამართალდამცველი უწყებების წვლილისთვის მხოლოდ ერთი პოსტი საკმარისი არ არის. მისი თქმით, სწორედ მათ დახმარებას უნდა მიეწეროს ისიც, რომ თავდასხმის შემდეგ Bitcoin-ის ფასი უფრო მკვეთრად არ შემცირებულა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი