„რენესანსის“ ტურნემ ბიონსეს შესაძლოა $2 მილიარდზე მეტი გამოამუშავებინოს

„რენესანსის“ ტურნემ ბიონსეს შესაძლოა $2 მილიარდზე მეტი გამოამუშავებინოს

Forbes-ის ინფორმაციით, ბიონსეს „რენესანსის“ მსოფლიო ტურნემ შესაძლოა, მომღერალს $2 მილიარდზე მეტის გამომუშავების საშუალება მისცეს. ამერიკული გამოცემის მონაცემები „პოზიტიურ“ შეფასებებს ეყრდნობა, რასაც ბილეთების მყიდველი გულშემატკივრების დიდი რაოდენობა და მისი მაღალი საშუალო ფასი, დაახლოებით $700 განაპირობებს.

ცნობისთვის, ბიონსეს ბოლო ალბომის სახელწოდების მქონე „რენესანსის“ მსოფლიო ტურნე, ჯამში ათი ქალაქის კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიებით უზრუნველყოფს. გასულ წელს გამოშვებული „რენესანსი“ მომღერლის რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომია. თებერვალში ბიონსე ყველაზე მეტი გრემის მფლობელი შემსრულებელი გახდა. გრემის 65-ე დაჯილდოებაზე მომღერალმა 32-ე გრემის მოპოვებით რეკორდი დაამყარა.

უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მომღერლის პირველი მსოფლიო ტური სტოკჰოლმში, 10 მაისს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ბიონსეს რამდენიმე კონცერტი აქვს ჩანიშნული, მათ შორის ერთ-ერთი ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოტსბურის“ სტადიონზე.

Forbes-ის თანახმად, „რენესანსის“ ტურნემ, მხოლოდ სექტემბრის დასასრულამდე შესაძლოა $2.4 მილიარდზე მეტი გამოიმუშაოს. ჟურნალის შეფასებები სოლიდურად აღემატება ტეილორ სვიფტის მიმდინარე ტურნეს, The Eras Tour-ის შემოსავლებს, რომელიც $1.9 მილიარდს შეადგენს. გამოცემის განცხადებით, ოპტიმისტური შეფასებები შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ფანების მხრიდან კონცერტებზე დასწრების გაძლიერებული სურვილითაც იყოს გამოწვეული.