ბიტკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა. ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
კრიპტოვალუტის „მაინინგი“ მასშტაბურ კომპიუტერულ გამოთვლებს მოითხოვს, ეს პროცესი კი დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის ხარჯვასთანაა დაკავშირებული.
როგორც კემბრიჯელი მკვლევრები ამბობენ, კრიპტოვალუტა წელიწადში 121.36 ტერავატ/საათ ენერგიას მოიხმარს, მაშინ როდესაც არგენტინა 121 ტერავატ/საათს, ნიდერლანდები – 108.8-ს, ნორვეგია – 122.2-ს, ხოლო გაერთიანებული საამიროები – 113.2 ტერავატ/საათს.
ცნობისთვის, ბიტკოინის ფასმა მიმდინარე კვირას მორიგი რეკორდი მოხსნა და $48 000-ს მიაღწია. ფასის მატება Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებამ განაპირობა, სადაც მან თქვა რომ $1.5 მილიარდის ინვესტირებას აპირებს ბიტკოინებში, რომელთაც კომპანია სამომავლოდ გადახდის საშუალებად გამოიყენებს.
ბიტკოინის ფასის ზრდა კი კიდევ უფრო მეტად ახალისებს ე.წ მაინერებს, რომლებიც ცდილობენ, უფრო და უფრო მეტი კრიპტოვალუტა გამოიმუშაონ, რასაც კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება. ამგვარად ფასის ზრდასთან ერთად იზრდება ელ.ენერგიის მოხმარებაც.
მკვლევრების თქმით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.