„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“

#აიცერით - პროვაქსერული ფოტოების ეფექტი

#აიცერით – პროვაქსერული ფოტოების ეფექტი

ბევრი ჩემი მეგობრის მსგავსად, ამ დღეებში „სინოფარმით“ ავიცერი. ბევრის მსგავსად, გადავიღე ამ პროცესის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ასატვირთად და მეც  მხოლოდ შექება და ასობით მეგობრის მოწონება დავიმსახურე. ჩემი წარმოდგენით, პასუხისმგებლობიან მოქალაქედ გამოვჩნდი. ჰეშტეგით „აიცერით!“ სხვებსაც მოვუწოდე გამბედაობისკენ. მოკლედ, სოციალური მედიის წყალობით, ღრმად გულში უკვე მეც მჯერა, რომ ერთ ადამიანს მაინც გადავაწყვეტინე – აიცრას.

მედიაფსიქოლოგიაში დადასტურებული ფაქტია, რომ მედიაში ნანახ ქცევას გამეორების და იმიტაციის სურვილის გაჩენა შეუძლია. რაც უფრო ხშირად ვნახავთ კონკრეტულ სურათს (ჩვენს შემთხვევაში ესაა მხარმოშიშვლებული მოქალაქე, რომელსაც ექიმი ნემსით ვაქცინას უკეთებს), მით უფრო ნაცნობი ხდება ჩვენი ტვინისთვის ეს სცენარი. და ის, რაც ძალიან ნაცნობია – ნაკლებად იწვევს შიშს. ზოგადად, მედიაში ნანახი ქცევის გამეორების სურვილი ვრცელდება როგორც ანტისოციალურ ქცევებზე (სიძულვილის დემონსტრირება, ძალადობა, აგრესია და სხვ.) ასევე, პროსოციალურზე (ემპათია, სოლიდარობა, გარემოს დასუფთავება, მოწევის თავის დანებება და სხვ.). ნანახის გამეორების სურვილი იზრდება, თუ მისაბაძი ქცევის ავტორები ცნობილი ადამიანები არიან. ასეთ დროს ჩვენი ტვინი უფრო სწრაფად იმახსოვრებს შემოთავაზებულ ვიზუალს და მოქმედებას.

სოციალური მედია არაა გამონაკლისი და მასაც შეუძლია, გააჩინოს მიბაძვის სურვილი. ამასთან, ადამიანებს უჩნდებათ მოტივაცია – მიეკუთვნებოდნენ იმ კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც იმსახურებს შექებას და ამ შემთხვევაში, ეს ვაქცინირებულების „ბაბლია“. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიაში, აცრილები იმთავითვე აღიქმებოდნენ პრივილეგირებულ ჯგუფად, რამაც გაუცნობიერებლად ბევრ ადამიანში შესაძლოა გაამძაფრა კიდეც ამ ჯგუფის წევრობის სურვილი. რატომაც არა, #გადარჩენის სურვილმა და აცრის შესაძლებლობამ ვაქცინისადმი ნდობა საბოლოოდ გაგვიმყარა და ასაცრელად პირადად მე, ბევრის მსგავსად, სხვა ქალაქში ჩამიყვანა. სხვების მსგავსად იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებში პარალელური რეგისტრაცია და პროვაქსერული მოწოდებები მიდიოდა.

იცოდით, რომ, როცა სოციალურ ქსელებში მუდმივად ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ჩვენი მეგობრები, გაუცნობიერებლად ვეჯიბრებით მათ და ვზომავთ  – რა შეგვიძლია ჩვენ? თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სქროლვისას საკუთარ თავს ეკითხებით: და მე შევძლებ გავაკეთო იგივე, რომ სოციალურ ქსელში პირდაპირი გაგებით მოწონება და „ჯილდო“ (შექება, პოზიტიური კომენტარები და ემოციები) მივიღო? ანტივაქსერებით სავსე ქვეყანაში ჯერ აცრა და მერე ამისთვის შექება ჩვენი სიმამაცის თუ გამბედაობის საყოველთაო აღიარებას დაუკავშირდა. უბრალოდ, “სინოფარმის” გამოჩენასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ „საგმირო საქმის“ გამეორება შესაძლებელია. ასეთ დროს,  ვაქცინის არასაკმარისი დოზები და სასურველი ადგილმდებარეობის მიხედვით დარეგისტრირების სირთულეები მხოლოდ აძლიერებდა ჩვენს თეთრ მოშურნეობას, ყველაფერი გვეცადა, რომ აცრილების ბაბლში მოვხვედრილიყავით.

სანამ ვაქცინაციის პროცესში სოციალური ქსელის ზემოქმედების დამსახურებაზე კვლევებს დაწერენ, ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა თავი თვითონ შეიქო – „ანტივაქსერული კამპანია გადავტეხეთო“. სინამდვილეში, როგორც კი აცრის შესაძლებლობა სოციალური ქსელების მომხმარებლების ყველაზე აქტიურ ასაკობრივ ჯგუფს შეეხო, ინფლუენსერებმა თავიანთი რუტინული საქმე გააკეთეს და პროვაქსერული კამპანია გააჩაღეს, როცა  ვირუსს – ფოტოების ვირუსული გავრცელებით შეუტიეს. რამდენიმე დღეში სოცმედიამ აცრა პროსოციალურ ქცევად აქცია და აცრილები  – პროგრესულ ტიპებად.

შეიძლება წლების მერე მართლა გაგვეცინოს, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი პატარა გმირობას და გამარჯვებას ჰგავს. და სანამ ფეისბუქის „memory” ამ წლებს და პოსტებს ირონიულად შეგვახსენებს, ახლა ჩვენს „ნიუსფიდში“ დაპოსტილი პროვაქსერული ფოტოები ბევრ ისეთ პოზიტიურ ემოციას და აზრს გააჩენს, რომელსაც არ ვწერთ, მაგრამ ნამდვილად ვგულისხმობთ: #გადარჩენას, #სიცოცხლეს, #ნორმალურცხოვრებას, #იმედს, #ჯანმრთელობას, #ზრუნვას, #გამბედაობას, #პასუხისმგებლობას, #ნდობას, #სიმშვიდეს… და მაშინ, რატომაც არა, #აიცერით!

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin