ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ამხანაგი მა

ამხანაგი მა

None of most powerful tech companies answer to
what’s best for people, only to what’s best for them.

Tristan Harris

10 აპრილს ჩინეთის სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ჩინელი მაგნატისა და ბიზნესის საკულტო ფიგურის, ჯეკ მას ელექტრონული ვაჭრობის გიგანტური კომპანია Alibaba მანამდე არნახული 18.2 მლრდ იუანით (2.8 მლრდ აშშ დოლარი) დააჯარიმა.

2020 წლის ოქტომბერში ჯეკ მამ შანხაის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა რისკების კონტროლის სახელით აფერხებს კომპანიების განვითარებას და სახელმწიფო ლომბარდს შეადარა. ერთი თვის შემდეგ მარეგულირებელმა ორგანოებმა შეაჩერეს Alibaba-თან დაკავშირებული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიის, Ant Group-ის შანხაისა და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟებზე გასვლა. იმავე წლის დეკემბერში დაიწყო Alibaba-ს საქმიანობის  ანტიმონოპოლიური გამოძიება. ამის შემდეგ ჩინელი ტექმილიარდერების რიგებში ფუსფუსია. 2021 წლის მარტში მა ჰუატენგმა მოითხოვა მკაცრი რეგულაციები ტექნოლოგიურ სფეროში. მა ჰუატენგი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური და ინტერნეტკომპანია Tencent-ის (საბაზრო კაპიტალიზაცია: 735 მლრდ აშშ დოლარი), დამაარსებელი და გენერალური დირექტორი. რამდენიმე დღის შემდეგ პოსტიდან გადადგა საიმონ ჰუ, Ant Group-ის აღმასრულებელი დირექტორი. იმავე თვეს თანამდებობა ასევე დატოვა კოლინ ჰუანგმა, კომპანია Pinduoduo-ს (აგროსავაჭრო ტექნოლოგიური პლატფორმა) აღმასრულებელმა დირექტორმა. Ant Group-ი ჯერ კიდევ არ გასულა საფონდო ბირჟაზე. ამჟამინდელი შეფასებით, მისი ღირებულება 1/3-ით შემცირდა და დაახლოებით 200 მლრდ აშშ დოლარს უდრის. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კოლოსალური ზომის კომპანიებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  Alibaba-ს, Tencent-ისა და Pinduoduo-ს ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 1.2 ტრლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

Alibaba-ს დაჯარიმება არის ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის სიგნალი და გაფრთხილება როგორც ტექნოლოგიური, ასევე სხვა დიდი კომპანიების მიმართ: აქ მე ვარ უფროსი. ჯეკ მა არის ჩინეთის სამეწარმეო კულტურის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი და მისი კომპანიის სანქცირება  ნიშნავს, რომ არავინ არის ხელშეუხებელი. მეორე სიგნალი შემდეგია: ბიზნესმენები უნდა იყვნენ კონცენტრირებულები თავიანთ უშუალო საქმეზე და თავი აარიდონ კომენტარებს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულაციების სახელმწიფო ადმინისტრაციის თანახმად, Alibaba-ს ბიზნესპრაქტიკა აფერხებდა კონკურენციას, ზღუდავდა მოვაჭრეებისა და მომხმარებლების ინტერესებს. Alibaba ჯარიმას მორჩილებით შეეგება და შესაბამისი საჯარო რევერანსიც გააკეთა: „ჯარიმას გულწრფელად ვღებულობთ და იმ მიზნით, რომ პასუხისმგებლობით მოვემსახუროთ საზოგადოებას, ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვიმოქმედებთ კანონმდებლობის გათვალისწინებით“. ჩინეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ინფორმაციის თანახმად, სანქცია შეადგენს Alibaba-ს შიდა წლიური ბრუნვის 4%-ს. კომპანიის მოგებამ მხოლოდ 2020 წლის ბოლო კვარტალში შეადგინა 12 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. ეს ჯარიმა კომპანიას გამოუსწორებელ ფინანსურ ზარალს ვერ მიაყენებს და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იყო, სანქციებს კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონოდა, საბოლოოდ ეს Alibaba-თვის არც ისეთი ცუდი შედეგია. ინტერნეტკომპანიების მასშტაბურობა შეშფოთებას იწვევს დასავლეთშიც, სადაც მარეგულირებელ ორგანოებს არაერთხელ დაუჯარიმებიათ დიდი კომპანიები –  მაგალითად, Google-ი. საბოლოო ჯამში, ჯარიმებმა დასავლეთში ვერ შეძლო აღმოეფხვრა ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე წვდომის რისკი.

მიუხედავად ეკონომიკური ლიბერალიზაციისა, ჩინეთის კომუნისტური პარტია კვლავ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის მიმართულებას და დინამიკას. ისეთ ჩინელ მაგნატებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორებიც არიან რიჩარდ ლიუ (ინტერნეტვაჭრობა და გადაზიდვები), ხუ ჯიაინი (უძრავი ქონება) და ლიანგ ვენგენი (მძიმე მრეწველობა), არაერთხელ განუცხადებიათ თავიანთი ერთგულების შესახებ ჩინეთის კომპარტიისადმი.

სავარაუდოდ, ძალის დემონსტრირებისა და ტექნოლოგიური გიგანტების საჯაროდ დადასტურებული მორჩილების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო არ იქნება ზედმეტად მკაცრი ამ კომპანიების მიმართ. ასეთი მიდგომის მიზეზი ის არის, რომ ჩინეთს არ უნდა დასუსტება ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე გლობალური დაპირისპირების პროცესში, განსაკუთრებით კი აშშ-თან მიმართებით. ჩინეთის სახელმწიფოს სჭირდება ინოვაციური, გლობალური გავლენის მქონე  და ლოიალური ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები. ამ მიზეზით, სავარაუდოდ, სამომავლოდ ჩინეთი (არაოფიციალურად) არ დაუშვებს უცხოელების წილობრივი მონაწილეობის ზრდას ტექნოლოგიურ კომპანიებში. ამჟამად იაპონური მულტინაციონალური კონგლომერატი, SoftBank Group Corp. ფლობს Alibaba-ს 24.9%-იან წილს, ხოლო ნიდერლანდური საინვესტიციო კომპანია, Procus NV, Tencent-ის მეწილეა. სავარაუდოდ, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგეს Procus-ს, საერთო აქციების 2% გაეყიდა. Procus-მა 14.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქცია განახორციელა 7 აპრილს და შედეგად მისი წილი Tencent-ში 28.9%-მდე შემცირდა.

ჩინეთი ემზადება კიდევ უფრო გამძაფრებული ტექნოლოგიური კონკურენციისთვის გლობალურ არენაზე და ამისთვის სახელმწიფო არ ზოგავს არც ენერგიას და არც ფინანსებს. დანარჩენს კი ბაზრის უხილავი ხელი გააკეთებს. ალბათ.

P.S. 2021 წლის პირველი კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან რეკორდულ 18.3%-ს შეადგენს. მართალია, ეს არის შედარება 2020 წლის კოვიდით დაზარალებულ ეკონომიკასთან, მაგრამ 18.3% პრეკოვიდურ ზრდაზეც მაღალია. მეტიც, ჩინეთს ზრდის მსგავსი ტემპი არასდროს ჰქონია. აბსოლუტური მაჩვენებლების სივრცეში კი არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე ეხება 16-ტრილიონიან (აშშ დოლარი) ეკონომიკას.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin