პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, სინოლოგი.

კონფუციონიზმი და აზიური კორპორაციული ეთიკა

ჩიხლაძე ბლოგი

გლობალიზებულ სამყაროში, სადაც კორპორაციები თანამედროვე „ბაბილონის გოდოლს“ ჰგვანან, უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ერთმანეთის მსგავსი ბიზნესეთიკის, მენეჯმენტისა და ღირებულებების გამოყენების ფაქტები. უნივერსიტეტები, განსხვავებულ კონტინენტებსა და ქვეყნებში ხშირად იყენებენ კლასიკურ ნაწარმოებებსა და ავტორებს, რომელთა გაცნობა და შემეცნება თითქოს აყალიბებს უნივერსალურ მიდგომებსა და ღირებულებებს მულტინაციონალურ კორპორაციებსა თუ ორგანიზაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაცილებით მეტი იცის მსოფლიომ ერთმანეთზე, ვიდრე ოდესმე, ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია მთელი რიგი კულტურული ნიუანსები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის კორპორაციულ  ეთიკას აღწერს და ზოგჯერ არცთუ მარტივად აღსაქმელია უცხოსთვის. ბოლო რამდენიმე ათწლეულში აღმოსავლეთი აზია ეკონომიკური და ტექნოლოგიური ინოვაციების ერთ-ერთი მთავარი კერა გახდა, რომელმაც მისი მნიშვნელობა დანარჩენი მსოფლიოსთვის საგრძნობლად გაზარდა. მიუხედავად იმისა,  რომ აღმოსავლეთ აზიაში არსებობენ სახელმწიფოები საკუთარი იდენტობითა და კულტურული ტრადიციებით, კონფუციონიზმი როგორც საერთო ღირებულებების ერთ-ერთი ნიშანსვეტი სხვადასხვა დონით წარმოდგენილია მათში. კონფუცი კაცობრიობისთვის ცნობილ ფილოსოფოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე „ასაკოვანია“ და მისი ცხოვრება უკავშირდება პერიოდს ძვ.წ. 551-479 წლებს შორის. 2600 წლის მანძილზე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა და დაინგრა იმპერიები, ერთმანეთს ჩაენაცვლნენ დინასტიები, მოხდა რევოლუციები, თუმცა კონფუციონიზმი, როგორც ფილოსოფიური მოძღვრება და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთგვარი სახელმძღვანელო, ჯერ კიდევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნის აზიურ კორპორაციებს, რა თქმა უნდა, თანამედროვე მენეჯმენტი აქვთ და ამაზე არავინ დაობს, დასავლურ საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება ინტერესი იმ საბაზისო ღირებულებებისადმი, რომლებიც გავლენას ახდენს ამ რეგიონის მცხოვრებთა ბიზნესქცევასა და ინტერესებზე. განსხვავებული პროპორციით კონფუციონიზმი, როგორც ღირებულებათა სისტემა, ძირითადად წარმოდგენილია კონტინენტურ ჩინეთში, თაივანში, ჰონგ-კონგში, სინგაპურის ჩინურ თემსა და ვიეტნამში. მისი გავლენის სფეროდ შეგვიძლია მოვიაზროთ იაპონიაცა და კორეაც, თუმცა შედარებით ნაკლებად, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოებები.

კონფუციონიზმი და კორპორაციების მენეჯმენტი

პირველ რიგში შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ მაინცადამაინც კონფუციონიზმი? რა კავშირი აქვს ათასწლეულების წინ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიურ მიმდინარეობას თანამედროვე კორპორაციებთან? ეს კითხვები სავსებით ლეგიტიმურია და უფრო ამარტივებს საკითხის აღქმას. კონფუციონიზმი თავისი არსით კოლექტივზე, ჯგუფებსა და ადამიანთა დიდ კატეგორიაზე ორიენტირებული მოძღვრებაა. მის რთულ სტრუქტურაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი მთლიანად საზოგადოებაში არსებულ წესრიგისა და ჰარმონიის უზრუნველყოფას უჭირავს, სადაც ინდივიდის ცალკეული მოტივები და სურვილები შედარებით უკან არის გადაწეული. სწორედ ამ ნიშანსვეტის გამო მიიპყრო ბევრი არააზიელის ყურადღება მისმა გამოყენებამ თანამედროვე მენეჯმენტში. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში განვითარებულ საზოგადოებებში ატომისტური ელემენტები სულ უფრო და უფრო ჭარბობს, კლასიკად ქცეული ღირებულებები და მექანიზმები მენეჯერებისთვის მაინც მიმზიდველი და საინტერესოა. კონფუციონიზმზე საუბრისას პირველი ასოციაცია, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს უჩნდება, მკაცრი იერარქიულობა და მორჩილებაა. ფილოსოფიურ მოძღვრებაში წესრიგსა და იერარქიულობას ნამდვილად დიდი ადგილი უჭირავს, თუმცა მხოლოდ ამ პრიზმაში საკითხის აღქმა, ცოტა არ იყოს, ზედაპირულია.

და მაინც, რა ასპექტები შეიძლება მივიჩნიოთ ვალიდურად თანამედროვე მენეჯმენტში?!

მენეჯერს ან/და ლიდერს მოეთხოვება მაღალი მორალური სტანდარტები – მორალი და ღირსება კონფუციონიზის ერთ-ერთი კრიტიკული ნაწილია, სადაც, ერთი მხრივ, იერარქიულობა წესრიგის საფუძველია, თუმცა ამასთან ერთად იერარქიის სათავეში მყოფ პირებს ის არცთუ  მცირე პასუხისმგებლობას აკისრებს. პასუხისმგებლობას, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში „აიძულებს“ ლიდერს, გვერდზე გადადოს საკუთარი ეგოიზმი და კოლექტიური ინტერესი დააყენოს წინ. „ანალექტებში“ კონფუცი ხაზს უსვამს შრომის დანაწილების აუცილებლობას, მკაცრად განსაზღვრული ფუნქციებითა და მოვალეობებით, სადაც წარმატების მთავარ საზომად კოლექტიური წარმატება ესახება.

კეთილსინდისიერება, სამართლიანობა და ნდობა – „ოქროს მმართველობის (ან, თანამედროვე ვარიაციით, ოქროს მენეჯმენტის) წინაპირობა. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებებია. ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია. საზოგადოდ ცნობილია, რომ კეთილსინდისიერება, სამართლიანობა და ნდობა უნივერსალურად კარგი ღირებულებებია, თუმცა ძაღლის თავი  სხვაგან მარხია. სახელდობრ, კონფუცი მიიჩნევს, რომ მმართველს თუ ეს ღირსებები არ გააჩნია, ის აზიანებს ნდობას საზოგადოებაში. ნდობის ზიანი თანამედროვე კორპორაციაში შეიძლება გახდეს მოტივაციის ნაკლებობის, ან უფრო მძიმე შედეგების გამომწვევი, რაც თავისთავად აზიანებს კორპორაციულ ინტერესს.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინება, რომლებიც აღმოსავლეთაზიელებთან  ურთიერთობისას უნდა იცოდეს ცალკეულმა პირმა თუ ჯგუფმა. ესენია:

Mianzi- ცალკეული პირის თუ კომპანიის რეპუტაცია, დაფუძნებული მის წარსულ საქმიანობასა და აწმყოზე. რეპუტაცია და იმიჯი ნებისმიერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა კორპორაციული (ან პიროვნული) რეპუტაციის კარგვა გაცილებით უფრო ტრაგიკულად აღიქმება ამ საზოგადოებაში, ვიდრე სხვაგან, შესაბამისად, მასზე ზრუნვაც მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

Junzi – ღირსეული პიროვნება, მაღალი მორალური სტანდარტებით – ეს ასპექტი უფრო მეტად მმართველობის ვერტიკალის სათავეში მყოფ პირებს ეხებათ, რამეთუ კონფუციონიზმში მმართველი თავისი ცოდნითა და მორალური კანონებით სხვებზე მაღლა უნდა იდგეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში მას „ზეცა წაართმევს ამ პრივილეგიას“.

Guanzi – ეს არის ურთიერთობათა სისტემა, დაფუძნებული პირად კომუნიკაციაზე, სანაცნობოსა და კლიენტილიზმზე. მის დასავლურ ვარიანტად შეგვიძლია განვიხილოთ „networking”-ი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ “კუანსის“ ფაქტორი სულ დადებით კონტექსტში არ მუშაობს აზიურ საზოგადოებებში, ის ზოგჯერ წყაროა კორუფციისა და ნეპოტიზმის, თუმცა მაინც ძლიერად აქვს გადგმული ფესვები და მისი უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

კონფუციონიზმის პრობლემები – ინდივიდულური ინიციატივები შეიძლება დაითრგუნოს

მიუხედავად იმისა, რომ კონფუციონისტური ღირებულებები მეტწილად პოზიტიურად არის გაშუქებული თანამედროვე აზიურ მენეჯმენტში, მის მიმართ მაინც არსებობს კრიტიკული განწყობები. PO Keung IP ნათლად მიუთითებს ინდივიდის (რაც ინოვაციის წყაროა) დათრგუნვის შესაძლებლობაზე. კორპორაციული ჰარმონია სტაბილური მენეჯმენტისთვის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა, მისი ხედვით, ეს ჰარმონია ზოგჯერ ცალკეული თანამშრომლების ხედვების, იდეებისა და, მეტიც, უფლებების შეზღუდვით მიიღწევა. ზემოთ ხსენებული კრიტიკა ნამდვილად შეიცავს ლოგიკის მარცვალს, რადგან აღმოსავლეთაზიურ კომპანიებში დასაქმებული დასავლელი მოხელეები ხშირად ხაზს უსვამენ შრომისადმი თავგანწირვის ეთიკას, რომელიც ზოგჯერ დასაქმებულების ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე გადის.

კონფუციონიზმის გავლენა თანამედროვე აზიური საზოგადოების დიდ ნაწილზე, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი და ყოვლისმომცველია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროპორციით რეგიონს გადაუარა როგორც ლიბერალიზმის, ასევე მარქსიზმის ტალღებმა, ფაქტია, რომ კონფუციონიზმი მათთან თანაარსებობას არა მხოლოდ წარმატებით ახერხებს, არამედ გარკვეულწილად „აიძულებს“ მათ, მხედველობაში იქონიონ ის „კლასიკური ღირებულებები“, რაც აგერ უკვე 2600 წელია, მოქმედებაშია. ამასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი დიდი კორპორაცია იყენებს თანამედროვე მენეჯმენტში უძველესი სიბრძნის ადაპტაციასა და მის 21-ე საუკუნის თარგზე მოჭრას. აღმოსავლეთაზიური კორპორაციების სათავო ოფისებში არცთუ ისე იშვიათია „ანალექტებიდან“ ამოღებული შეგონებები, რომლებიც თანამშრომლებს ცხოვრებისეულ ეთიკაზე მიუთითებს. შესაბამისად, ამ ყველაფრისადმი დასავლურ საზოგადოებაში ინტერესი მზარდია, რადგან ინფორმაციულობა გრძელვადიანი პარტნიორობისას წარმატების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

გააზიარე