ხატია დავლიანიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

„არალიბერალური დემოკრატიის“ ზეიმი უნგრეთში

„არალიბერალური დემოკრატიის“ ზეიმი უნგრეთში

1988 წელს შექმნილი მემარცხენე ცენტრისტული მოძრაობა – „ახალგაზრდა დემოკრატთა ალიანსი“, რომელიც მმართველი „სოციალისტური მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ იბრძოდა, 1990 წელს პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა (1995 წლიდან – „უნგრული სამოქალაქო ალიანსი – ფიდეში“) და მისი ლიდერი ვიქტორ ორბანი გახდა.

„ფიდეშმა“ უნგრეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 1998 წელს შეძლო, თუმცა 2002 და 2004 წლების საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურ პარტიასთან დამარცხდა და ოპოზიციაში გადაინაცვლა.

2006 წელს მმართველი სოციალისტური პარტიის დახურული შეხვედრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ფერენც გიურჩანი ხელისუფლებას უნგრეთის მოქალაქეების მოტყუებაში ამხელდა. სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ სოციალისტურმა პარტიამ მხარდაჭერა დაკარგა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

ფერენც გიურჩანის ჩანაწერის გავრცელების გარდა, მმართველი პოლიტიკური გაერთიანების რეიტინგის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა. შედეგად, 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეკონომიკური პრობლემებით გადაღლილმა  ამომრჩეველმა „ფიდეშისა“ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის ალიანსს დაუჭირა მხარი. აღნიშნულმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა (386 მანდატიდან 263) მოიპოვა და პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახდა.

საპარლამენტო მანდატების 2/3-ის ფლობამ „ფიდეშს“ 2011 წელს ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აღმოფხვრის შესაძლებლობა მისცა.

მმართველმა გუნდმა ძალაუფლების განმტკიცება სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებითა და კრიტიკული მედიასაშუალებების გაჩუმებით დაიწყო.

ახალი კონსტიტუციით მნიშვნელოვნად შეიზღუდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება. ამას გარდა, 2012 წელს „ფიდეშმა“ მოსამართლეების, პროკურორებისა და ნოტარიუსების საჯარო სამსახურში ყოფნის მაქსიმალური ასაკი 70 წლიდან 62-მდე შეამცირა, რამაც სასამართლო ხელისუფლების მმართველი პარტიის მხარდამჭერი მოხელეებით დაკომპლექტება უზრუნველყო.

2010 წლის დეკემბერში უნგრეთის პარლამენტმა მედიის შესახებ კანონი მიიღო, რომლითაც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები მძლავრ სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარა. ვიქტორ ორბანმა, რომელმაც 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება „ლიბერალურ მედიას“ დააბრალა, კრიტიკული აზრის ჩახშობის მიზნით, „მედიისა და კომუნიკაციების ეროვნული ორგანო“ და „მედიის საბჭო“ შექმნა, რომლებიც კერძო ტელე-  და რადიომაუწყებლების, გაზეთებისა და ონლაინ საინფორმაციო ვებგვერდების საქმიანობას აკონტროლებენ. მედიის საბჭო განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად „დაბალანსებულად აშუქებს“ კონკრეტული მედიასაშუალება ინფორმაციას, ასევე, რა წარმოადგენს უნგრეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენას. ამას გარდა, აღნიშნულ საბჭოს „ადამიანის ღირსების შემლახველი“, ასევე, „არადაბალანსებული და გაუწონასწორებელი გაშუქებისთვის“ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისთვის ჯარიმის დაწესებისა და საქმიანობის შეზღუდვის უფლებამოსილება აქვს. კანონთან დაკავშირებით მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობის გამო, ამ დრომდე გაუგებარია, რა მიიჩნევა „ამბის დაუბალანსებელ გაშუქებად“ უნგრეთში.

თანდათანობით კერძო მედიასაშუალებები, „ფიდეშის“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენების ხელში აღმოჩნდნენ, რამაც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების უმრავლესობა სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა. ხოლო მედიის ის ნაწილი, რომელმაც მმართველი გუნდის კრიტიკაზე უარი არ თქვა, სარეკლამო კონტრაქტების გარეშე დარჩა და გაკოტრდა.

2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, უნგრეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც, საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს მოქალაქეობა მიენიჭათ და „ფიდეშის“ ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას გარდა, საარჩევნო ოლქების საზღვრები, ხელისუფლების სათავეში მყოფი ძალისთვის სასურველი შედეგის მოპოვების მიზნით, შეიცვალა. 2014 წელს „ფიდეშმა“ მეორედ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ფიდეშმა“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან მის მიმართ სიმპათიით განწყობილი ბიზნესმენების მფარველობა, ხოლო კრიტიკული პოზიციის მქონე კომპანიების რეგულაციებით დასჯა დაიწყო.

წლებია, ვიქტორ ორბანი თანამდებობებზე დანიშვნით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებითა და სხვადასხვა ტიპის შეღავათის დაწესებით, საკუთარ თანამოაზრეებს გულუხვად ასაჩუქრებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბუნებრივია, რომ ხელისუფლება იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებიც მისთვის სასარგებლოა. უნგრეთში დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა კეთილდღეობაც მმართველ პარტიასთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთი, ბულგარეთის შემდეგ, ევროპის კავშირის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას წარმოადგენს. „ფიდეში“ კორუფციული გარიგებების საშუალებით ევროპის კავშირის ფულადი სახსრების გაფლანგვასა და ბოროტად გამოყენებაშია მხილებული.

ვიქტორ ორბანი, რომელსაც პოპულისტი პოლიტიკოსების უმრავლესობის მსგავსად, ეფექტური საჯარო გამოსვლისა და მოსახლეობის მანიპულირების განსაკუთრებული უნარი აქვს, მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას მტრის ხატის შექმნითა და მის წინააღმდეგ „საერთო ეროვნული დარაზმვით“ ცდილობს. 2014, 2018 და 2022 წლების საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელმწიფოს მტრებად ჯორჯ სოროსი და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მიჩნეული, რომლებიც, მმართველი პარტიის განცხადებით, უნგრეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, მასობრივ იმიგრაციას უწყობენ ხელს.

მიგრაციის საკითხი, 2015 წელს ევროპაში დაწყებული ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ, უნგრეთის პოლიტიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ნაციონალისტური სენტიმენტების მქონე მოსახლეობის ხედვით, „ფიდეში“ სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და უნგრეთის ეროვნულ იდენტობას იცავს. შესაბამისად, მულტიკულტურალიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა, ასევე რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით გამორჩეულმა ვიქტორ ორბანმა, მიგრაციის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიით, მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა არ გაიზიარა ევროპის კავშირის გეგმა, რომელიც მიგრანტების კვოტების სისტემით გადანაწილებას გულისხმობდა. ამას გარდა, 2018 წლის ივნისში უნგრეთის პარლამენტმა მთელი რიგი კანონები – „Stop Soros Laws“ მიიღო, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ინდივიდი ან ჯგუფი, რომელიც არალეგალ იმიგრანტს უნგრეთის ტერიტორიაზე დარჩენის მიზნით სტატუსის მოპოვებაში დაეხმარება, დამნაშავეა და თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნულმა კანონმდებლობამ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა შეზღუდა, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებოდნენ.

წლების განმავლობაში, ზემონახსენებ ფაქტორებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის გამარჯვებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს სუსტი და დანაწევრებული ოპოზიცია, რომელიც არაორგანიზებულად მოქმედებდა და იდეოლოგიური განსხვავებების გამო „ფიდეშის“ წინააღმდეგ გაერთიანება ვერ შეძლო.

2018 წელს „ფიდეშისა“ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის ალიანსის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მესამედ მოპოვების შემდეგ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გაერთიანების მნიშვნელობაზე დაიწყეს საუბარი.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პირველად 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანდნენ და საერთო კანდიდატები წარადგინეს, რის შედეგადაც 23 ქალაქიდან 10, მათ შორის დედაქალაქი, მოიგეს.

2019 წლის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში სოციალისტურმა პარტიამ – MSZP, დემოკრატიულმა კოალიციამ – DK, დიალოგმა უნგრეთისთვის, მწვანე პარტიამ – LMP, Momentum Movement-მა და Jobbik-მა პირობა დადეს, რომ იდეოლოგიურ სხვაობას გვერდზე გადადებდნენ და 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდებოდნენ, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ერთობლივ კანდიდატებს წარადგენდნენ.

2021 წლის შემოდგომაზე პრემიერმინისტრობისა და ერთმანდატიან ოლქებში საერთო კანდიდატების შესარჩევად უნგრეთის ისტორიაში პირველად გაიმართა პრაიმერისი, რომლის შედეგადაც, პრემიერმინისტრობის კანდიდატად უპარტიო პეტერ მარკი-ზაი აირჩიეს.

ამ უკანასკნელმა უნგრეთის მოსახლეობის ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც 2018 წელს ოპოზიციური კანდიდატების გაძლიერების მიზნით, პოლიტიკური მოძრაობა – Everybody’s Hungary Movement-ი შექმნა და მშობლიური ქალაქის – ჰოდმეზოვასარჰელის მერი გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰოდმეზოვასარჰელი 1990 წლიდან „ფიდეშის“ ბასტიონს წარმოადგენდა, 2018 წელს პოლიტიკურად გამოუცდელი პეტერ მარკი-ზაის გამარჯვება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

ისტორიკოსი, ეკონომისტი, მარკეტერი და ელექტროინჟინერი, პეტერ მარკი-ზაი, რომელსაც ხშირად უპარტიო მოთამაშესა და პოლიტიკურ აუტსაიდერს უწოდებენ, უნგრეთის ნატოსა და ევროპის კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას უჭერს მხარს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მოპოვების შემთხვევაში, უნგრეთი შემოიღებდა ევროს, შეუერთდებოდა ევროპულ საჯარო პროკურორის ოფისს – EPPO-ს, წარადგენდა ახალ კონსტიტუციას, რომელიც კანონის უზენაესობის აღდგენასა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილებას უზრუნველყოფდა, მხარს დაუჭერდა საგადასახადო რეფორმას, რომელიც ქვეყანას „საგადასახადო სამოთხედ“ აქცევდა, გააუქმებდა „ფიდეშის“ მიერ მიღებულ ანტი-ლგბტქ კანონს და მხარს დაუჭერდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.

თუ 2014 და 2018 წლების საპარლამენტო არჩევნებამდე ვიქტორ ორბანი სოროსისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების, რომლებიც, მისი თქმით, უნგრეთის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს, წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად წარმოჩნდა, 2022 წლის 3 აპრილამდე, „ფიდეშმა“ მთელი წინასაარჩევნო კამპანია „ტრადიციული“ ღირებულებების დაცვაზე ააგო და ლგბტქ-თემის წინააღმდეგ გაილაშქრა. ამჯერად, სახელმწიფოს მტრები, ჯორჯ სოროსის გარდა, ლგბტქ-პირების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები იყვნენ. საპარლამენტო არჩევნებამდე ვიქტორ ორბანმა ევროპის კავშირი უნგრეთში „გენდერული სიგიჟის“ შექმნაში დაადანაშაულა. მოსახლეობას კი, აღნიშნული „სიგიჟის“ თავიდან ასაცილებლად, „ფიდეშის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. უნგრეთის ჰომოფობი და ტრანსფობი მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პარალელურად, მმართველმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ლგბტქ-საკითხებზე რეფერენდუმიც კი დანიშნა.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო,  „ტრადიციული“ ღირებულებების დაცვას უნგრეთის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაც დაემატა.

24 თებერვლიდან 3 აპრილამდე ვიქტორ ორბანი მოსახლეობას აქტიურად არწმუნებდა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთი ომსა და ქაოსში ჩაფლული აღმოჩნდებოდა, „ფიდეშის“ წარმატება კი ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფდა.

რუსეთის მიმართ ხისტი პოზიციის არქონის გამო, ვიქტორ ორბანმა ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა, რისთვისაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უნგრეთის საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა. „ფიდეშის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები საშუალებები განუწყვეტლივ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ოპოზიციის მიზანი უნგრეთის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევაა.

საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანოს 2022 წლის არჩევნების შედეგად, „ფიდეშისა“ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის ალიანსმა 199 მანდატიდან 135, ხოლო 6 პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ – United for Hungary – 56 მოიპოვა.

United for Hungary-ის წევრი პარტიებიდან მხოლოდ Dialogue for Hungary-მ შეძლო 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგის გაუმჯობესება.

Jobbik – 17 (2018 – 26), სოციალისტური პარტია – 15 (2018 – 17), დემოკრატიული კოალიცია – DK – 9 (2018 – 9), მწვანეთა პარტია – LMP – 6 (2018 – 8). Momentum Movement კვლავ საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლა პირველად მოახერხა ულტრამემარჯვენე პარტიამ – Our Homeland Movement-მა, რომელიც 2018 წელს Jobbik-დან წამოსულმა წევრებმა შექმნეს.

„ფიდეშისა“ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის ალიანსმა 106 ერთმანდატიანი ოლქიდან 88-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. 2014 წელს – 96-ში, 2018 წელს – 91-ში.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანის პარტიის მხარდაჭერა სულ უფრო და უფრო მცირდება დედაქალაქში. ამჯერად, ბუდაპეშტის 18 ერთმანდატიანი ოლქიდან მხოლოდ 2 მოიგო. 2014 წელს – 10, 2018 წელს – 6.

„ფიდეში“ ხმების უმრავლესობას არა დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებსა და პატარა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობისგან იღებს, სადაც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებია და პოპულიზმით მანიპულირება გაცილებით მარტივია.

პეტერ მარკი-ზაის, უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ხუთი წუთი დაეთმო. ტელე- და რადიომაუწყებლები, გაზეთები და ონლაინ საინფორმაციო ვებგვერდები, რომელთა უმრავლესობაც ვიქტორ ორბანის მიერ კონტროლდება, მუდმივად ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტაციას.

საბოლოოდ, ხელისუფლების შტოების დამორჩილებით, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლით, საარჩევნო სისტემის მმართველი პარტიის სასარგებლოდ ცვლილებით, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებით, 2022 წლის აპრილში „ფიდეში“ ხელისუფლების სათავეში მეოთხედ მოვიდა.

კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, პრესის თავისუფლების შეზღუდვის, სამოქალაქო საზოგადოების ხელყოფით, სახელმწიფოს ფულადი სახსრების გაფლანგვის, წინაასაარჩევნოდ სამთავრობო რესურსების გამოყენების, კორუფციის აყვავების, უნგრული ნაციონალიზმის პროპაგანდის, ანტისემიტური სენტიმენტების, მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რელიგიური ინსტიტუტების წინააღმდეგ რეპრესიების, ანტი-ლგბტქ კანონის და ა.შ. და ა.შ. გამო ევროპის კავშირი „ფიდეშს“ მუდმივად აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში, ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის კამათის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორბანის მთავრობა დემოკრატიის პრინციპებს სისტემურად უთხრის ძირს, „ფიდეში“ ევროპის კავშირის კრიტიკას არ იღებს და ბრიუსელს უნგრეთის ეროვნული სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ არალიბერალური დემოკრატიის არქიტექტორი, ვიქტორ ორბანი, რომელიც დასავლეთს ზეწოლაში მუდმივად ადანაშაულებს, მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ულტრანაციონალისტ ლიდერთან და პოლიტიკურ გაერთიანებასთან.

რაგინდ უცნაური იყოს, ადამიანს, რომელმაც ქვეყანაში ანტიკომუნისტური მოძრაობა დააფუძნა და 1989 წლის 16 ივნისს ბუდაპეშტში, გმირთა მოედანზე მდგარი საბჭოთა ჯარების გასვლა მოითხოვა, ამჟამად  პოლიტიკური სიმპათიები აქვს ვლადიმირ პუტინისა და სი ძინ პინის მიმართ.

„მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენმა ქრისტიანულ-დემოკრატიულმა, კონსერვატიულმა, პატრიოტულმა პოლიტიკამ გაიმარჯვა. ჩვენ ევროპას ვუგზავნით გზავნილს, რომ ეს არ არის წარსული, ეს არის მომავალი“ – ვიქტორ ორბანი.

გარდა იმისა, რომ ვიქტორ ორბანი საკუთარი ქმედებებით ყოველდღიურად ხელყოფს იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლებსაც ევროპის კავშირი ემყარება, მისი წარმატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალისებს ულტრანაციონალიზმს.

ხელისუფლების სათავეში „ფიდეშის“ ზედიზედ მეოთხედ მოსვლა ნამდვილად უნდა იყოს ევროპის კავშირის მხრიდან უნგრეთზე წნეხის გაზრდის წინაპირობა, რამაც ვიქტორ ორბანისა და მისი მმართველობით აღფრთოვანებული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერისთვის მკაფიო გზავნილის მიღება უნდა უზრუნველყოს, რომ „ქრისტიანულ-კონსერვატიულ-პატრიოტულ პოლიტიკას“ ამოფარებული მემარჯვენე რადიკალიზმის, რომელსაც უნგრეთში დემოკრატიის დეფიციტი კვებავს, ადგილი ევროპულ გაერთიანებაში არაა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში პოლონეთის მთავრობა „ფიდეშის“ ლიდერის მიმართ სიმპათიებს ავლენდა და უნგრეთს ევროპის კავშირის შიგნით იზოლაციისგან მუდმივად იცავდა. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმირ პუტინის მიმართ ხისტი პოზიციის არქონის გამო, ვიქტორ ორბანმა პოლონეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

არსებობს შანსი, რომ მომავალში, როდესაც ევროპის კავშირი, „ფიდეშის“ ლიდერის დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამო ქმედებების შესაზღუდად, ბუდაპეშტზე წნეხს გაზრდის, ვარშავამ უნგრეთს მხარდაჭერა აღარ გამოუცხადოს.

ევროპის კავშირში მეგობარი სახელმწიფოების კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის დაკარგვის შემთხვევაში, საინტერესოა, ვიქტორ ორბანი როგორ მოახერხებს ერთი მხრივ, EU-ს ბენეფიტებით სარგებლობას და, მეორე მხრივ, ავტორიტარ ლიდერებთან პოლიტიკური ფლირტის გაგრძელებას.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა