ომი პოსტმილიტარისტულ ეპოქაში

ომი პოსტმილიტარისტულ ეპოქაში

Commerce has changed the ethics of citizenship and the incentives for national service.
We now buy private contractors – we used to call them mercenaries – to do the country’s fighting.
Michael Ignatieff

კომერციამ შეცვალა მოქალაქეობის ეთიკა და ეროვნული ინტერესების მსახურების სტიმული.
ჩვენ ახლა ვყიდულობთ კერძო კონტრაქტორებს, – რომელთაც მანამდე დაქირავებულებს ვეძახდით
– რათა მათ იბრძოლონ ქვეყნისთვის.
მაიკლ იგნატიევი

ომს გრძელი ჩრდილი აქვს. ომის დასრულების შემდეგაც ის სიკვდილის კარამდე მიჰყვება ომგადატანილებს და მრავალი წელი გრძელდება მომდევნო თაობების გონებასა და გულში. ახლა შევხედოთ სარკეს მეორე მხრიდან: რანაირად ხდება, რომ მრავალი წლით ადრე წინასწარმეტყველებენ ომებს? ჯადოქრებს არ ვგულისხმობ. ჩემი აზრით, მომავალი და გარდაუვალი ომების სუსხით ფერდაკარგული  მხატვრების ნამუშევრები – ფლემინგის მღელვარე ლანდშაფტები, უტრილოს უხალისო ქუჩები, კუბისტების ჟესტიკულაციები, დადაისტების აბსურდი, პიკასოს ლურჯი პერიოდის სასოწარკვეთილი ჯამბაზები თუ დალის ფანტასმაგორიები – მიუთითებს კატასტროფებისკენ. ყველაზე გრძელი ფითილი კი კაფკას აღმოაჩნდა. მისი ნოველების აბსურდულობამ და სიურრეალიზმმა არაერთხელ იქუხა მე-20 საუკუნის ბარბაროსულ ომებში და დღესაც კი სახეში შემოგვაყარა ომის გავარვარებული ნამსხვრევები. ეს წინათგრძნობა იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე ომები შესაბამის იდეოლოგიებსა და დოქტრინებში გაქვავდებოდა. საიდან ეს წინათგრძნობა? ალბათ, მხატვრებსა და მწერლებს ბევრად ადრე შეეძლოთ, ეგრძნოთ მომდევნო  zeitgeist-ი (ეპოქის სულისკვეთება), ისე როგორც მხოლოდ გამოცდილი მეზღვაური მიხვდება ჯერ კიდევ უხილავი ცუნამის მოახლოებას ოკეანის ზედაპირის მხოლოდ მისი თვალისთვის შესამჩნევი ტორტმანით.

ვფიქრობ, რომ დასავლეთ ევროპის ერებს და მთავრობებს  ეგონათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ მიწებზე ქვემეხები სამუდამოდ დადუმდნენ. ჯერჯერობით ეს ასე არის და თან აღარ არის. იუგოსლავიის ომებმა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და შემდეგ უკრაინის ომმა აგერ უკვე 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულში დაგვანახა, რომ ომს არ სძინავს, ის მხოლოდ თვლემს და ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

ლიბერალურმა სამყარომ მე-20 საუკუნეში არაერთი მძვინვარე ომი გადაიტანა დიქტატორულ რეჟიმებთან. როგორ მივიდა დასავლეთი (ბოდიშს ვიხდი ამ ამორფული ტერმინის გამოყენებისთვის) დღევანდელ პოსტმილიტარიზმამდე?

აქ არის ტრანსფორმაციის რამდენიმე ფაზა:

  • ეგზისტენციური ომები: მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მრისხანე ომებში როგორც ლიბერალური, ასევე დიქტატორული სახელმწიფოები მონაწილეობდნენ სამოქალაქო არმიებით (ანუ ჯარის უდიდეს ნაწილს ომში გაწვეული მოქალაქეები შეადგენდნენ). ეს არ იყო ომები მხოლოდ სამხედროებისა და მეომრების მონაწილეობით, რაც აგრერიგად ახასიათებდა შუა საუკუნეების ევროპას. ეს იყო მთელი საზოგადოების ტოტალური ძალისხმევა. საბჭოთა კავშირის 1941-42 წლების და ნაცისტური გერმანიის 1943-45 წლების ბრძოლები იყო დარვინისტული გადარჩენის მკაფიო მაგალითი: მოკალი, თორემ მოგკლავენ. მთელი ომის პერიოდში ორივე მხარე განადიდებდა სიკვდილს, ხდებოდა ველურობის იდეალიზაცია ჯარისკაცებში. მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლა ყოველი კვადრატული მეტრისთვის, რომლის აბსურდული პიკი იყო სრულიად განწირული ბერლინის დაცვა, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა (ალბათ, ომის ბოლო დღეებში სიკვდილი განსაკუთრებით მწარეა);
  • პოსტმოდერნული ომები: პირველი და მეორე მსოფლიო ომის კატასტროფებმა გამოიწვია ის, რომ დემოკრატიული ქვეყნების მოსახლეობამ დაკარგა სამოქალაქო არმიის მადა. ვიეტნამის ომი იყო ბოლო ომი, სადაც ლიბერალურმა სახელმწიფომ ბრძოლის ველზე ისევ სამოქალაქო არმია გაიყვანა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამეფებული ნიჰილიზმითა და ცინიზმით ვიეტნამის ომი იყო პირველი პოსტმოდერნული ომი. ზუსტად მისი მსგავსი იყო 20 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ომი ავღანეთში. პოსტმოდერნული ომების ერთ-ერთი მკვეთრი და უჩვეულო მახასიათებელია გმირობის გაქრობა ანუ დეჰეროიზაცია. დეჰეროიზაცია, ზოგადად, მოულოდნელია ომებში, სადაც ინდივიდ(ებ)ის გმირობა კოლექტიური მეხსიერებისა და თხრობის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია;
  • და მივაღწიეთ პოსტმილიტარიზმს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ომის პრივატიზაცია. ბოლო 30 წლის განმავლობაში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ომში, როგორც ბიზნესში, მონაწილეობა. თუ ჩვენ უკან გავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს კარგად დავიწყებული ძველი საქმეა. ანტიკური დროიდან ვიდრე შუა საუკუნეების ჩათვლით, რომის გერმანელი ლეგიონერებით დაწყებული, ბიზანტიის იმპერატორების პირადი ვარანგული (ვიკინგური) გვარდიით, იტალიელი კონდოტიერებით გაგრძელებული და შვეიცარიელი ჯარისკაცებით (რომლის ისტორიული ექო არის რომის პაპების დღევანდელი შვეიცარიული გვარდია მისი სახასიათო ჭრელი მუნდირებით) დამთავრებული, ომი ხშირად იყო დაქირავებული ჯარისკაცებისა და მეომრების ბიზნესი. მე-19 და მე-20 საუკუნეში ეს ტენდენცია მინელდა, 21-ე საუკუნიდან კი ახალი ძალით აყვავდა. თანამედროვე კერძო საკონტრაქტო კომპანიებს შეუძლიათ პრაქტიკულად ყველაფერი – დაწყებული საველე სამზარეულოს გაწყობით და  დამთავრებული სადესანტო ოპერაციების ჩატარებით.

ომი, როგორც ბიზნესი, პრაქტიკულად გამორიცხავს გმირობას და ინდივიდუალური თავდადების დაფასებას. არანაირი beyond and above duty (ვალდებულების მიღმა და მაღლა – აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ჯილდოების გადაცემისას გამოყენებული დახასიათება), არანაირი ივო ძიმაზე დროშის აღმართვა. არაფერი პერსონალური, მხოლოდ ბიზნესი.