ღირს კი მოლაპარაკება პუტინთან?!

ღირს კი მოლაპარაკება პუტინთან?!

თავისთავად მოლაპარაკებები ქვეყანასთან, რომელიც: კლავს ხელებშეკრულ მშვიდობიან მოქალაქე მამაკაცებს, აუპატიურებს, შემდეგ კლავს და დასაწვავად ამზადებს გაშიშვლებული ქალების ცხედრებს, კლავს სრულიად უდანაშაულო და უმწეო ბავშვებს, ბომბავს ქალებით, ბავშვებით და მოხუცებით გავსებულ თეატრის შენობას (რომელსაც დიდი ასოებით აწერია „ბავშვები“), საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, სკოლებს, ბაღებს და სხვადასხვა რელიგიურ დაწესებულებებს, მათ შორის უმეტესად მართლმადიდებლურ ეკლესიებს, იტაცებს  ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და ძალით მიჰყავს სახელდახელოდ მოწყობილ რუსეთის საფილტრაციო ბანაკებში, აყაჩაღებს ჰუმანიტარულ დახმარებებს და არ ატარებს მათ შიმშილით და წყურვილით ღონემიხდილ მშვიდობიან მოქალაქეებამდე, ცეცხლს უხსნის მათ გამოსაყვანად მისულ სასწრაფოებსა და ავტობუსების კოლონას, ემოციურად წარმოუდგენელია. მაგრამ… იმიტომაც არის უკრაინის ხელისუფლება, გმირი ხალხის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, პასუხისმგებლობიანი და საკუთარ მოქალაქეებზე ბოლომდე გადაფარებული, რომ გადაძალოს საკუთარ ემოციებს და აიძულოს მტერი, შეაჩეროს მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალო ხოცვა და ქვეყნის მიწასთან გასწორება.

ამასთან, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მის პირობებთან განსაკუთრებით, უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დამოკიდებულება აუცილებლად გასათვალისწინებელია. ამიტომაც არის საოცარი გმირი ხალხი უკრაინელები, რომ არათუ ჩივიან  ან წუწუნებენ, ან საყვედურობენ საკუთარ პრეზიდენტს და მომლაპარაკებელთა გუნდს, დროზე მიაღწიეთ შეთანხმებას, თორემ გავწყდით ხალხიო, არამედ პირიქით, იბრძვიან ბოლომდე და ზურგს უმაგრებენ თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ მათი გაუსაძლისი ტკივილისა და არსებული მდგომარეობის გამო ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხიოს პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა უკან.

უკრაინული მხარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ეფექტიანად მიჰყავთ მოლაპარაკებები. მათ აჩვენეს მსოფლიოს, რომ მშვიდობის მისაღწევად არიან მოქნილები, შეუძლიათ, წავიდნენ კომპრომისებზე, მაგრამ აქვთ წითელი ხაზები, რომელთაც არასდროს გადაკვეთენ. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა (ბოლოს ამერიკული „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა), უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ყირიმისა და დონბასის უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყოფნის საკითხი არასდროს გადაიხედება და გახდება რაიმე შეთანხმების/ვაჭრობის ნაწილი. #წერტილი! შეიძლება ვინმესთვის, იქნება ეს უკრაინის გულშემატკივარი თუ ჩასაფრებული არაკეთილმოსურნე, უკრაინის პოზიციები ნატო-სთან, ნეიტრალიტეტის ხსენებასთან, ყირიმის თაობაზე 15-წლიანი მოლაპარაკებების დაწყებასა და ზოგადად შეთანხმების მიღწევის სურვილთან დაკავშირებით სახიფათოა, წაგებიანია ან სულაც კაპიტულაციის ტოლფასია (ზოგს ძალიან უნდა, რომ ეს კაპიტულაცია გაფორმდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ვერასდროს მიიღებენ), მაგრამ უკრაინულმა მხარემ იცის, რა ტაქტიკა და სტრატეგია უნდა აირჩიოს.

უკრაინის ხელისუფლებამ ასევე ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა ესაუბროს პარტნიორებს. შესაძლოა, მათ თავიდანვე კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული,  რომ ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიღება არ იქნებოდა ადვილად მისაღწევი. დიახ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა – აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ გამოხატეს მზადყოფნა, დაუდგნენ გარანტორებად უკრაინას, მაგრამ ამ ეტაპზე არ არიან მზად, ნატო-ს მე-5 მუხლი სარკისებურად გაავრცელონ ალიანსის არაწევრ ქვეყანაზე. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს  უკრაინელი დიპლომატების აქტიური მოლაპარაკებები კოლეგებთან პარტნიორი ქვეყნებიდან, რათა შეათანხმონ უსაფრთხოების მყარი გარანტიების შესაძლო კომპრომისული გადაწყვეტილება.

სრულად ვიზიარებ უკრაინელების მიდგომას, რომ რაც უფრო სწრაფად მიიღებს უკრაინა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მძიმე შეიარაღებას და, შესაბამისად, მიაღწევს გარდამტეხ წარმატებას მოკლე დროში, მოლაპარაკებები მტერთან უფრო მოგებიანიც იქნება და წარმატებულიც. იმედის მომცემი განცხადებები გაკეთდა და გადაწყვეტილებები იქნა მიღებული გასული დღეების განმავლობაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობების მიერ უკრაინისთვის ჰაერივით საჭირო მძიმე საარტილერიო შეიარაღებისა და საბრძოლო მანქანების მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს სწრაფი ქმედება უნდა მოჰყვეს. კიევის აღების გეგმა პუტინის დამნაშავეობრივ რეჟიმს ჩაუვარდა და აღარც არასდროს გამოუვა. ამიტომ მათ შეცვალეს ტაქტიკა და ახლა დონბასის მიმართულებაზეა გადასროლილი მთელი შეიარაღება, ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

9 მაისი უნდა იქცეს ფაშიზმზე გამარჯვების ახალ თარიღად. შესაძლოა, პუტინმა მაინც გამართოს აღლუმი, მაგრამ ამ აღლუმისთვის სჭირდება რაიმე წარმატების მიღწევა. მართალია, მას ტერორში ჰყავს მთელი ქვეყანა, მოსახლეობის დიდი ნაწილის ტვინები დიდი ხანია, „გამორეცხა“ (81% მხარს უჭერს პუტინის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, ანუ ქალების, ბავშვების, მოხუცების ხოცვა-ჟლეტას – უკრაინელი ხალხის გენოციდს 🙁), მაგრამ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის (დროებით მაინც) უშუალოდ მის გარემოცვაში, უკრაინაში მოკლული რუსი ოკუპანტების ოჯახებთან მიმართებით (ვეღარ მალავენ მსხვერპლს და დაიწყეს ე.წ. „პახარონკების“ დაგზავნა) და, ბოლოს, მოლაპარაკებებში უპირატესი პოზიციებიდან სალაპარაკოდ, პუტინს სჭირდება რაიმე გამარჯვების მსგავსი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. ეს არ მოხდება. არ უნდა მოხდეს!!!

ზოგადად, ჩემი აზრით, პუტინს საერთოდ არ უნდა რაიმეზე შეთანხმება. მან მშვენივრად იცის, რომ მსოფლიოსთვის ის და მისი თანამზრახველები კეთროვანი და საერთაშორისო ომის დამნაშავეები არიან; რომ ის და მისი გარემოცვა კიდევ დიდხანს ვერ დაიძვრენენ თავს მსოფლიოს სანქციების მარწუხებიდან; რომ უკრაინელი ხალხი, მათ შორის, და ალბათ პირველ რიგში, უკრაინის რუსულენოვანი მილიონობით მოქალაქე არასდროს აპატიებს მას მათი შვილების, ქმრების, დედებისა და მამების ხოცვა-ჟლეტას. ერთადერთი,  რაც მის თავში შეიძლება იმედის ნაპერწკალივით ენთოს, არის ცალკეული ქვეყნების მცდელობა, აიძულონ/დაარწმუნონ ზელენსკი, უკრაინისთვის წაგებიან, კაპიტულანტურ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. მე პირადად ამას გამოვრიცხავ, ისევე როგორც წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ თავად პუტინი დათანხმდეს მე-5 მუხლის ანალოგს ნატო-ს ფარგლებს გარეთ და მით უმეტეს რაიმე მსჯელობას ყირიმის თაობაზე.

აქედან გამომდინარე, სად მივყავართ ამ ყველაფერს? რა სურათი შეიძლება ვიხილოთ 9 მაისამდე ან მის შემდეგ? კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი შეიარაღება ექნება უკრაინას მისი აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილების დასაცავად და ისედაც უკვე დემორალიზებული, თავსლაფდასხმული, მსოფლიოში „სიძლიერით და სიდიდით მეორე არმიის“ 🙂 🙂 🙂 საბოლოოდ გასანადგურებლად და ქვეყნიდან განსადევნად. უკრაინა ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს, მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ როდის და როგორ იარაღს მიიღებს, განისაზღვრება მსხვერპლის მასშტაბიც და წარმატების ვადებიც. რაც უფრო დაიგვიანებს შეიარაღება, მით უფრო გაიწელება დროში ეს გამარჯვება. თუ არ იქნება დროულად საჭირო იარაღი, რუსეთს შეუძლია გამაგრდეს 24 თებერვლამდე ოკუპირებული დონბასის ტერიტორიის 30%-ზე და გადაიყვანოს ეს ომი გრძელვადიან ბრძოლაში.

უკრაინელებს, ცხადია, ეს არ აწყობთ. აკი ღიადაც ამბობს პრეზიდენტიც და მისი გუნდიც, უკრაინაში „ავღანიზაცია“ არ მოხდება, მით უმეტეს, თუ დროულად მივიღებთ საჭირო შეიარაღებასო. იმედი მაქვს, ასე ფიქრობს დემოკრატიული თანამეგობრობის დიდი ნაწილიც. გასაგებია, რომ პუტინთან დაკავშირებით მათ განაჩენი გამოტანილი აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მის რეჟიმს მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენონ. იმედია, დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გაფრთხილებასაც ყურად იღებენ ცალკეული ქვეყნების ლიდერები, რომ არ მოახდინონ ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე ნებისმიერ ფასად შედეგის მიღწევის მიზნით.

ომის დაწყებიდან სულ ეს ფრაზა ისმის: „მომდევნო ორი კვირა განმსაზღვრელი იქნება“! ვფიქრობ, ამჯერად მომდევნო სამი-ოთხი კვირა მართლაც გადამწყვეტი იქნება!

დიდება და გამარჯვება უკრაინას!