"ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე" | + posts

"ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე"

არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ: „რას ვუყუროთ?“

622

არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ: „რას ვუყუროთ?“

თავისუფლება გაცნობიერებული არჩევანია.

თავისუფალი მედიაც არჩევანია.

რას და რატომ ვუყუროთ მედიაში – ჩვენი ნებაა.

ამაზე კიდევ ერთხელ მას მერე დავფიქრდი, რაც ჭავჭავაძის ცენტრში სტუდენტებთან ერთად რიჩარდ ლაგრავენესის ფილმს – „თავისუფლების მწერლებს“ ვუყურეთ და შემდეგ, რეალურ ისტორიაზე გადაღებულ ფილმზე, ორსაათიანი დისკუსიაც გავაჩაღეთ – თავისუფალ საქართველოში დაბადებულ სტუდენტებთან ერთად ვისაუბრეთ სტერეოტიპებზე, ჩვენს გონებაში არსებულ „გამზადებულ სცენარებზე“, განათლების და განვითარების როლსა და ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე. ჩვენმა მასპინძელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, საბჭოთა კავშირის დროს არარსებული მედიაარჩევანი და ამერიკაში მოხვედრილი „საბჭოთა“ მოზარდის მედიაარჩევანის მრავალფეროვნებით გამოწვეული შოკი გაიხსენა. მერე, დისკუსიისას, ყველაზე მეტი ჩვენს ბავშვობასა და პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უწყინარ განვითარების ტრავმებზე ვისაუბრეთ, რომლებიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გარემომ მოგვიტანა.

ამ შეხვედრის მერე ჩემს თავს ვკითხე: რომელ ტელეგადაცემებს, ფილმებს და მულტფილმებს ვუყურებდი ბავშვობაში? გონებაში პირველი “სამი კაკალი კონკიასათვის” ამოხტა, ამას მოჰყვა “მარია და მირაბელა”, “თოვლის დედოფალი”, “წუნა და წრუწუნა”, ოსკაროსანი “ტომი და ჯერი”, “ბემბი”…  თუ თქვენ რომელიმე მაინც გეცნოთ ბავშვობიდან, მე და თქვენ საზიარო მედიამეხსიერება გვქონია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ, შესაძლოა, ჩვენ ერთი მედიაბავშვობაც კი გვქონდა.

ბავშვობა გვერდზე იყოს და დავფიქრდი: იმ ეპოქის შესახებ რა შემოგვრჩა მეხსიერებაში? მეხსიერების მაშველ რგოლად აქაც მედია ამოხტა. ეს იმიტომ, რომ არსებობს მედიაარქივი, არქივი, სადაც, სამწუხაროდ, მთლიანი სურათისა და კონტექსტის გააზრების გარეშე, ზოგჯერ ძნელი გასარჩევია ნამდვილი და მოგონილი ამბავი… პოსტსაბჭოთა მედია ამის კარგი მაგალითია. ის ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც „90-იანები“, დღემდე გაუაზრებელი და გაუმიჯნავი ყალბი და რეალური ისტორიებით. როცა მედია ჩვენივე წარსულს გვახსენებს, ეკრანის მეორე მხარეს ისმის კითხვა: რა ვაქციეთ გამოცდილებად? რა შევცვალეთ იმ გარემოში, რომელიც განუწყვეტლივ თავს გვახვევს ათასჯერ გადაღეჭილ სცენარებს?

იმ დღეს ბევრი ვილაპარაკეთ ამერიკასა და ამერიკულ მედიაზე. დღის წესრიგის თეორია გამახსენდა: ამერიკელი ავტორების განმარტებით, მედია გვეუბნება, რაზე (რა თემებზე) და როგორ (რა ატრიბუტებით) ვიფიქროთ.  ამ თეორიის ერთ–ერთი ავტორი, დონალდ შოუ, თბილისში სტუმრობისას, დიდი ინტერესით უყურებდა ქართულ საინფორმაციო გამოშვებებს (ქართული არ იცოდა) და შემდეგ უზუსტესად მიხსნიდა, განვითარების რა დონეზე იყო ჩვენთან მედიადემოკრატია. მაშინ (2011 წელს) მისი მიგნებები მაკვირვებდა და ახლა ვხვდები, რომ ამას დონალდი საზოგადოების ქცევებსა და მედიის მიერ თემების რიგითობის არჩევანზე დაკვირვებით აკეთებდა. მოგვიანებით გავიაზრე, რომ, სინამდვილეში, მედია, ნაწილობრივ, ჩვენს  ტრავმებსაც აჩვენებდა, რომლებიც საბჭოთა მეხსიერებამ შემოინახა. აჩვენებდა სწორედ იმ ისტორიულ ტრავმებს, რომლებიც ვერ გავიაზრეთ, რადგან ვერ დავახვედრეთ ახალი რესურსები, არ მოვინდომეთ განახლება და ტრანსფორმაცია. ასე აღმოვჩნდით ერთ დროს დაწერილი შავ-თეთრი სცენარის ცირკულირებად წრეში. პროფესორ შოუს ახლა თამამად ვეტყოდი, რომ მედია არა მარტო გვეუბნება, რაზე და როგორ ვიფიქროთ, არამედ გვეუბნება, რა და როგორ უნდა გვახსოვდეს.

მართლაც, ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში უკვე დაწერილია სცენარი, რომელმაც წლების მანძილზე, თაობები გამოიარა. ამ სცენარს მედიაც ავტომატურ რეჟიმში ირეკლავს ისე, რომ მგრძნობელობა მის მიმართ დაქვეითებული აქვს. რას არ შეხვდებით აქ: „ეს შეიძლება/ის არ შეიძლება“, „ქართველები ასეთები ვართ/ასეთები არ ვართ“, „ქალები ასეთები არიან“ VS „კაცები ასეთები არიან“ და ა.შ. ეს სტერეოტიპები, ჩვენდა უნებურად, ქარგავენ და ადასტურებენ ჩვენი ცხოვრების რუტინას, რომელიც მატერიალურ სხეულშიც ჩაბეჭდილია და არამატერიალურ არაცნობიერშიც.

სინამდვილეში, კოლექტიურ მეხსიერებაში გამოკვეთილი სცენარის გადაწერა მარტივი არ არის. ამ დროს შეულამაზებლად უნდა დაინახო და მიიღო ეპოქა, საზოგადოება, ადამიანები და საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია  (იდეალურები კი არავინ ვართ). ეს ძნელია. მერე უნდა აპატიო საკუთარ თავს და სხვებსაც შეცდომები – ესეც არაა მარტივი.

კარგია ის, რომ სადღაც იქ, არამატერიალურ არაცნობიერში, ჩვენ ყველას გვაქვს რესურსების საბადო, რომელიც ზოგჯერ ჩვენივე ტრავმების უკან არის ჩამალული და თუ ჩვენივე თავში გამომწყვდეულ „ჯინს“ (მოდი, ვთქვათ, ჩვენივე ნებას) სწორ დროს და  სწორი მიმართულებით მივმართავთ, ან სწორ სურვილს ჩავუთქვამთ, ჩვენივე საბადოდან შეიძლება ზღაპრული შედეგიც მივიღოთ.

ამ ყველაფრის გათვალიწინებით, მედიაც შეიძლება გახდეს ჩვენი „რესურსული ადგილი“, საიდანაც ვიკვებებით იმისთვის, რომ გავხდეთ უფრო ძლიერები და თავისუფლები. განვითარების პროცესში მედიას შეუძლია ჩვენი ან დეზინფორმაციით მოწამვლა, ან ინფორმირება და რეალობის ჩვენება. ინფორმირებული ადამიანი უფრო დაცული და ფხიზელია. მას უკეთესი იმუნიტეტი აქვს და შეუძლია, აისხლიტოს სიტყვა-ვირუსები, მედია-ვირუსები, ოღონდ, იყო ინფორმირებული მოქალაქე – ესეც გაცნობიერებული არჩევანია.

„თავისუფლების მწერლების“ კინოჩვენების შემდეგ რამდენიმე დღეა, ვფიქრობ იმაზე, რა (ვერ) შევცვალეთ მემკვიდრეობით მიღებულ სცენარებში, სად ვართ და საით მივდივართ, რამდენად გაცნობიერებულია ჩვენი ყოველდღიური არჩევანი და მოქმედება, რა როლი (ვერ) შეასრულა ჩვენს ტრანსფორმაციაში მედიამ. ფიქრისას რამდენჯერმე გამახსენდა თავისუფალ საქართველოში დაბადებული სტუდენტების მსჯელობა და მივხვდი, რომ სინამდვილეში, ყველაზე მთავარი, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევამ და ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ გააჩინა  – ეს ინფორმირებული არჩევანია: დაინახო შეულამაზებელი რეალობა და დასვა კრიტიკული კითხვები. სწორედ ეს კრიტიკული კითხვებია ის, რაც ცვლის რუტინული მეხსიერების დრამატურგიას. დამაიმედა იმან, რომ ამ სტუდენტების უმრავლესობა მომავალი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსია.

შეიძლება საკამათო, მაგრამ მიმზიდველია დალაი-ლამას ეს სიტყვები: „არასდროს არის გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა, მთავარია, იცოდე, რომ მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული“. საბჭოთა ბავშვობის რა მოგახსენოთ, მაგრამ შეიძლება, არასოდესაა გვიანი, უფრო კრიტიკულად შევხედოთ იმას, რასაც მედიაში ვუყურებდით ადრე ან ვუყურებთ ახლა, რადგან ეს პროცესი მართლაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური მედიაარჩევანი დიდია. არჩევანის მოტივაციები, თუ რას ვუყუროთ – სხვადასხვაა. ერთი რამ, რაც ახლა დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ არასოდესაა გვიანი, უყუროთ „თავისუფლების მწერლებს“ და დაიწყოთ თქვენს გონებაში არსებული არამატერიალური სცენარის გააზრება, უფრო სწორად კი, დაიწყოთ თქვენი ახალი ამბის მოყოლა. კარგია, თუ, ცვლილებებისა და განვითარების პროცესში, თქვენ გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს უპირობო სიყვარულს თქვენი ტრანსფორმაციის შემდეგაც შეძლებენ.

და კარგია, თუ თქვენ გვერდით იქნება კრიტიკული მედია, რომელიც თავის ყოველდღიურ არჩევანს ასევე თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთებს.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin