ყაზახეთს ციფრული აქტივების ახალი კანონმდებლობა აქვს — მასშტაბური განვითარების საწყისები

ყაზახეთს ციფრული აქტივების ახალი კანონმდებლობა აქვს — მასშტაბური განვითარების საწყისები

1 მაისს ყაზახეთში ციფრული აქტივების სამართლებრივი ჩარჩო ამოქმედდა. სამი დღის შემდეგ ალმათში GITEX AI Central Asia and Caucasus გაიხსნა — 50 ქვეყნიდან 336 კომპანია და სპიკერი შეიკრიბა ქვეყანაში, რომელიც მსხვილ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებას განაგრძობს. ამ ორი მოვლენის დროში თანხვედრა შემთხვევითი არ იყო — ახალმა კანონმდებლობამ ასპარეზი მიიღო. თუმცა, ძირითადი მამოძრავებელი ძალა კვლავ შიდა სტრუქტურული რეფორმებია.

ქვეყანას ახლა უნიკალური შესაძლებლობა აქვს, მასიური ციფრული აქტივების ბაზარი ლეგალიზებული გახადოს. ახალი წესები მიზნად ისახავს ეს მასშტაბური პოტენციალი ჩრდილიდან გამოიყვანოს.

გადახდებიდან — ციფრულ აქტივებამდე

ყაზახეთის ეროვნული ბანკის ინოვაციებისა და ციფრული აქტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არლენ მოლდაბეკოვი გადახდის სისტემების დეპარტამენტიდან ამ როლზე გადმოვიდა, ამ ორ პოზიციას შორის ტრანზიციას ის ლოგიკურ გაგრძელებად აფასებს.

„გადახდის სექტორის გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ფინანსური ინოვაციის მასობრივი დანერგვა შეუძლებელია ნდობის, გამჭვირვალე წესებისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის გარეშე,” — ამბობს ის. „სწორედ ეს ფუნდამენტური მიდგომა ვრცელდება ახლა ციფრულ აქტივებზეც.”

ეროვნული ბანკი ციფრული აქტივების კლასიფიკაციას მეთოდურად ამუშავებს – ძველი გადახდის ან კაპიტალის ბაზრის შაბლონების კოპირების ნაცვლად, ახალი სექტორის სპეციფიკაზე მორგებული მარეგულირებელი მოდელი იქმნება.

„ციფრული აქტივები ახალ ფინანსურ-ტექნოლოგიურ გარემოს წარმოადგენს, რომელიც საინვესტიციო ინსტრუმენტებს, ანგარიშსწორებებს და ციფრულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს,” – განმარტავს მოლდაბეკოვი. „ჩვენი ამოცანაა, დამოუკიდებელი მარეგულირებელი მოდელი შევქმნათ, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული აქტივების უსაფრთხო ინტეგრაციას ყაზახეთის ფინანსურ სისტემაში, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით.”

რას ამბობს კანონმდებლობა

ჩარჩოს შექმნამდე მოლდაბეკოვმა კოლეგებთან თანაავტორობით გამოსცა ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც სხვა იურისდიქციების კრიპტო-აქტივების რეგულირებას სწავლობდა – ღია რეჟიმებიდან თითქმის სრულ აკრძალვამდე. დასკვნა მარტივი იყო: არც ერთი მოდელი სხვა ქვეყანაში უცვლელად არ გადაინერგება.

„თითოეული ქვეყანა თავისი ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის სპეციფიკაზე დაყრდნობით აშენებს რეგულაციას,” — ამბობს ის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, კონკრეტული მიდგომები არ გადაგვეწერა, არამედ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა ყაზახეთის სპეციფიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით მოგვერგო ჩვენს რეალობაზე.”

შედეგად, ახლად შექმნილი ჩარჩო ციფრული აქტივების სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს, ბაზრის მონაწილეებისთვის მოთხოვნებს ადგენს და ზედამხედველობისა და რისკ-მენეჯმენტის მექანიზმებს ქმნის. „ჩვენ დავასრულეთ იზოლირებული პილოტური ინიციატივებიდან ყოვლისმომცველ სამართლებრივ-მარეგულირებელ ჩარჩოზე გადასვლის პროცესი,” — განაცხადა მოლდაბეკოვმა.

ახალი ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო მას შემდეგ დაინერგა, რაც სექტორი ექსკლუზიურად ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) ფარგლებში განვითარდა. ახლა ოფიციალური რეგულაცია ეროვნულ მასშტაბზე გაფართოვდება.

30 პროექტი, ერთი მიზანი

ეროვნული ბანკის მარეგულირებელი სენდბოქსი ამჟამად 30 აქტიურ პროექტს მართავს – სტეიბლქოინები, ტოკენიზაციის პლატფორმები და კრიპტო-ბირჟის ტექნოლოგიური გადაწყვეტები. პერსპექტიულ მიმართულებებს შორის მოლდაბეკოვი რეალური აქტივების ტოკენიზაციას გამოყოფს.

„საკუთრების ფრაქციონირებისა და ინვესტორთა ფართო წრისთვის უძრავ ქონებაზე, ოქროსა და სხვა აქტივებზე წვდომის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი ინვესტიციის ახალ მოდელს ქმნის,” — ამბობს ის.

ამავდროულად, 30-ვე პროექტში რეგულატორი ერთ ყოვლისმომცველ გამოწვევას გამოყოფს. „ყველაზე რთული ამოცანად ციფრული აქტივების ტრადიციულ ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაცია რჩება – როგორც ტექნოლოგიური, ისე AML/CFT მოთხოვნების, რისკ-მენეჯმენტისა და მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით.”

რეგიონი საკუთარ პასუხებს ეძებს

GITEX-სა და მსგავს ფორუმებზე მოლდაბეკოვი ქართველ, უზბეკ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად რეგულარულად გამოდის. თითოეული ქვეყანა მსგავს კითხვებს სხვადასხვა მიდგომით პასუხობს.

„თითოეული ქვეყანა საკუთარ მოდელს თავისი ფინანსური სისტემის სტრუქტურისა და ეროვნული პრიორიტეტების მიხედვით აყალიბებს,” — ამბობს ის. „ზოგი იურისდიქცია საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვაზე ფოკუსირდება, სხვები კი ევროპის MiCA რეგულაციის მსგავს მიდგომებს ნერგავს.”

მისი შეფასებით, რეგიონული თანამშრომლობის კონკრეტული ბენჩმარქები არსებობს. „AML/CFT, ლიცენზირებისა და მომხმარებელთა დაცვის ძირითადი მიდგომების ჰარმონიზაცია მთელ რეგიონს საერთაშორისო ინვესტორებისთვის გამჭვირვალედ და მიმზიდველად გახდის.”

რისკ-მენეჯმენტი

ეროვნული ბანკი ციფრულ ტენგეს, პროგრამირებადი გადახდებისა და სტეიბლქოინის ჩარჩოებს ქმნის – ინფრასტრუქტურას, რომელიც ათწლეულებით განსაზღვრავს ყაზახეთის ფინანსურ სისტემას.

„ყველაზე კრიტიკული რისკი აღნიშნული ტექნოლოგიების სათანადო საიმედოობისა და ზედამხედველობის გარეშე დანერგვაში მდგომარეობს,” — ამბობს მოლდაბეკოვი. „ტექნოლოგიური პროგრესი ფინანსური სისტემის სტაბილურობის გამყარებას უნდა ემსახურებოდეს, და არა ახალი სისტემური რისკების შექმნას.”

„დღეს ტექნოლოგიური ამბიციების გაცხადება საკმარისი აღარ არის,” — ამბობს ის. „გლობალური ბაზარი მკაფიო წესებს, გამჭვირვალე ინფრასტრუქტურასა და პროგნოზირებად ზედამხედველობას მოითხოვს.”

Forbes Georgia არლენ მოლდაბეკოვს GITEX AI Central Asia and Caucasus-ზე, ალმათში შეხვდა.

S