საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

ევროპის კავშირის მედიაციის წარმატებული მაგალითი - ჩრდილოეთი მაკედონია

Forbes-WEB

ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კრიზისი სათავეს 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან იღებს, როდესაც ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მმართველი გუნდი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. კრიზისი განსაკუთრებით 2015 წლის თებერვლიდან გამძაფრდა, როდესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა – ზორან ზაევმა პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა გრუევსკი, 20,000-ზე მეტი, მათ შორის, ოფიციალური პირის, პოლიტიკური ოპონენტის, მოსამართლის, პროკურორის, არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტის, ჟურნალისტის და ა.შ. უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა. ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია  – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის“, რომელიც FYROM-ს 2006 წლიდან მართავდა, ლეგიტიმაცია დაკარგა ზაევის მიერ იმ სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც საუბარი იყო პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და სასამართლო სისტემაზე მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე, ოპონენტების დაშინებაზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და არჩევნების გაყალბებაზე, ასევე, 2011 წლის ივნისში დედაქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც მმართველი პოლიტიკური გაერთიანება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავდა, პოლიციის მიერ ცემით მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

ჩანაწერების სკანდალმა სახელმწიფოს დახვეწილი კორუფციული სისტემა გამოავლინა, რომლის საშუალებითაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებდა. ნიკოლა გრუევსკიმ ბრალდება უარყო და ზაევი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებას სწრაფადვე მოჰყვა საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

პოლიტიკურ კრიზისში მმართველი პარტიის „გულშემატკივრის“ როლი მოირგო რუსეთის ფედერაციამ და დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ოფიციალური მოსკოვის მიზანი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ნატოსა და ევროპის კავშირში ინტეგრაციის შანსების შემცირება და არასტაბილური ვითარების ხელშეწყობით რეგიონზე გავლენის შენარჩუნებაა.

ანტისამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ შეწყდა, რაც ოთხ პოლიტიკურ პარტიას შორის ევროპის კავშირის მედიაციით გაფორმდა პრჟინოს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა: რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ სოციალ-დემოკრატების პარლამენტში დაბრუნებას; ოპოზიციური პარტიებიდან მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნას; არჩევნებამდე 100 დღით ადრე მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადადგომას; ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას; მიმდინარე წლის ივნისში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და სპეციალური პროკურორის მიერ სატელეფონო ჩანაწერების საქმის გამოძიებას.

შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც FYROM-ის პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისი უნდა დაესრულებინა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ სპეციალურ პროკურორად მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი დაინიშნა. ვითარება განსაკუთრებით დაძაბა პრეზიდენტ ივანოვის გადაწყვეტილებამ გრუევსკის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტისა და ფარული მოსმენების საქმის ფიგურანტი პოლიტიკოსების შეწყალების შესახებ. ცხადია, კორუმპირებული თანამდებობის პირების დაცვის მცდელობას დასავლეთისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

საბოლოოდ, შიდა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური პარტიები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის შესაბამის პირობებს ითხოვდნენ, არჩევნების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. 2016 წლის ივლისის ბოლოს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი და ვადამდელი არჩევნები 11 დეკემბერს დაინიშნა. ევროპის კავშირის მედიაციის შედეგად დასრულებული პოლიტიკური კრიზისისა და საკანონმდებლო ორგანოს 2016 წლის დეკემბრის არჩევნების შედეგად, ხელისუფლების სათავეში კოალიციური მთავრობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით მოვიდა.

2016 წლის 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაესრულებინა პოლიტიკური კრიზისი, თუმცა მთავრობის ფორმირებაზე მანდატის მიცემაზე უარის თქმით პრეზიდენტმა ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. მან დემოკრატიის პრინციპებთან და კანონის უზენაესობასთან შეუსაბამო ქმედებით საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცა საშუალება, ჩამოეყალიბებინა ახალი ადმინისტრაცია და მაკედონია თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მთავრობის გარეშე დატოვა.

საბოლოოდ, დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით მაისში პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობისთვის მანდატის მიცემაზე დათანხმდა და 2017 წლის 1 ივნისს FYROM-ის პარლამენტმა, არჩევნებიდან 157 დღის შემდეგ, ახალი მთავრობა დაამტკიცა.

ზორან ზაევის ადმინისტრაციის პრიორიტეტს მეზობელ საბერძნეთთან დავის გადაწყვეტა წარმოადგენდა. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2018 წლის 12 ივნისს საბერძნეთსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას შორის პრესპას შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, FYROM-ის ახალი კონსტიტუციური სახელწოდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე (erga omnes), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაა.

სახელწოდებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავის მოგვარების შემდეგ, ჩრდილოეთი მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი გახდა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა