"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ჩინეთი VS. აშშ: დაწყნარდება ოდესმე მსოფლიო?!

პეტრ2 (4)

ცოტა ხანში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ახლა ყველას ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ, ანუ შეძლებს თუ არა რუსეთი, გაიმეოროს ერთი წლის წინანდელი მასშტაბის იერიში და მიაღწევს თუ არა პუტინი საერთოდ რამეს უკრაინაში. რაც შეეხება შედეგებს და მიზნებს, ამასთან დაკავშირებით უკრაინაში, ევროპასა და ამერიკაში პრაქტიკულად ყველა დარწმუნებულია, რომ წელს საერთოდ გამორიცხულია რუსეთისთვის რაიმე იმასთან მიახლოებულის მიღწევაც კი, რაც შეძლო გასულ წელს. უკრაინამ გაცილებით უფრო ნაკლები აღჭურვილობით, შესაძლებლობებით და გამოცდილებით შეძლო რუსეთის კიევზე იერიშის მოგერიება, უფრო მეტიც, მომდევნო თვეებში უკრაინამ იმ ტერიტორიების 50% გაათავისუფლა, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიპყრო. უკრაინას ახლა ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია ევროპაში, რომელსაც შეიარაღებაში უკვე აქვს ფრანგული და გერმანული არტილერია, გერმანული და ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, დასავლური ჯავშანმანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები. ცოტა ხანში მიიღებს საუკეთესო ამერიკულ და გერმანულ ტანკებს, აგრეთვე ყველაზე ძლიერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, შვედურ და ფრანგულ საარტილერიო სისტემებს, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, საუკეთესო ჯავშანმანქანებს და დასავლეთის მიერ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში გაწვრთნილ საარმიო კორპუსებს.

მიუხედავად უზარმაზარი დანაკარგისა როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტანკების, საბრძოლო თვითმფრინავების, სარაკეტო კომპლექსებისა და საზღვაო ხომალდების სახით, რუსეთსაც ჯერ კიდევ აქვს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზების, საარტილერიო ჭურვებისა  და მართვადი თუ უმართავი რაკეტების რესურსი. ცხადია, როგორც უკრაინას სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ისევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც შეიარაღების, აღჭურვილობის და კიდევ უფრო მეტად სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიური პროდუქტების მიღება (უმეტესწილად რაკეტების დასამზადებლად). თუ უკრაინის მხარეს დგას პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყარო, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მისი ტრადიციული მოკავშირეების იმედი, რომელთაგანაც ცდილობს მიიღოს შეიარაღებაც და აღჭურვილობაც. სანქციების დაწესების შემდეგ, ცხადია, ყველა ერიდება რუსეთთან სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის ისინიც კი, ვინც არ შეუერთდა სანქციებს და არ სურს მეორადი სანქციების სამიზნედ იქცეს. მაგალითად, ჩრდილოეთი კორეა კატეგორიულად უარყოფს, რომ ჭურვები ან სხვა რაიმე შეიარაღება მიაწოდა რუსეთს. ირანი ასევე საგულდაგულოდ მალავდა რუსეთისთვის კამიკაძე დრონების მიწოდების ფაქტებს, თუმცა ბოლოს იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა ნამდვილად შედგა.

გავლენიან ამერიკულ გამოცემა „უოლ-სტრიტ ჯორნალში“ დაბეჭდილ სტატიაში ამერიკული ორგანიზაცია C4ADS-ის მიერ გამოძიებული მასალების გამოქვეყნებამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი იფარგლებოდა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების მხარდაჭერით, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარირებით და სანქცირებული რუსული ნავთობის დიდი რაოდენობით და ძალიან შეღავათიან ფასში შესყიდვით. მართალია, ჩინეთს არ დაუდასტურებია და არც ოფიციალურ ვაშინგტონს გაუკეთებია განცხადებები, მაგრამ სტატიაში მოყვანილია ძალიან დეტალური ფაქტები ჩინური კომპანიების მიერ სანქცირებული რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპანიებისთვის სანავიგაციო, რადიოელექტრონული და სარაკეტო მოწყობილობებისთვის ჯამში 35 მილიონი დოლარის ღირებულების დეტალებისა და მოწყობილობების მიწოდების შესახებ.

გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თითქოს გაჩნდა ძალიან მკრთალი მოლოდინი იმისა, რომ მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და შეიარაღების მქონე სახელმწიფო შეძლებდა ძირითად პრობლემებზე დიალოგის განახლებას. ამ მოლოდინს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის პეკინში ვიზიტის შესახებ ცნობებიც ამყარებდა. თუმცა რამდენიმე დღით ადრე ამ ვიზიტს ჯერ აშშ-ში გაკეთებულმა რამდენიმე განცხადებამ დაუმძიმა ფონი, ხოლო ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტის ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების თავზე გადაფრენამ დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა სახელმწიფო მდივნის პეკინში ვიზიტის შესაძლებლობა. 4-ვარსკვლავიანი ამერიკელი საჰაერო ძალების გენერლის, მაიკ მინიჰენის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელმაც „რატომღაც“ პრესაში გაჟონა, ნათქვამია, რომ გენერალს აქვს „წინათგრძნობა“ ჩინეთის მიერ ტაივანზე 2025 წელს თავდასხმისთვის მზადების შესახებ. ექსპერტების შეფასებით, ამერიკელი სამხედროები ყოველთვის წინმსწრებად იჭერენ თადარიგს ასეთი ტიპის შეფასებების, პროგნოზებისა და ვარაუდების გამოთქმის დროს, რათა დაარწმუნონ პოლიტიკოსები ქვეყნის შეიარაღებული ძალების უკეთესად მომზადების აუცილებლობაში. ცხადია, ეს ვარაუდები არ არის ჰაერიდან მოტანილი. უფრო სწორად, ზუსტადაც რომ ჰაერში სულ უფრო და უფრო მძაფრად შეიგრძნობა ჩინეთის მიერ ტაივანის ძალისმიერი გზით შემოერთების საფრთხე (ყოველწლიურად იზრდება  ტაივანის უსაფრთხოების ზონაში შეჭრილი ჩინეთის საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა). როდესაც სამხედროების კვალდაკვალ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი ღიად საუბრობს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გაცემული აქვს განკარგულება 2027 წლისთვის ტაივანის შემოერთების მიზნით ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მზადყოფნის თაობაზე, ვფიქრობ, უსაფუძვლო არ უნდა იყოს წუხილი იმის შესახებ, რომ ტაივანის ძალისმიერი გზით ჩინეთის მიერ შეერთების მუქარები ერთ დღეს შეიძლება კონკრეტულ სამხედრო ოპერაციაში გადაიზარდოს. მართალია, ბილ ბერნსი იქვე აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ავტომატურად ტაივანზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილებას, მაგრამ მზადყოფნის შესახებ ბრძანებულების ინფორმაციაც კი საკმაოდ შემაშფოთებელია.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ჩინეთის ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემები, რომლებიც უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ყველაზე მძაფრად დადგა ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მისი მესამე ვადით არჩეული ლიდერის, სი ძინპინის წინაშე. შეიძლება 1.4-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ჩინეთისთვის უმნიშვნელოდ გამოჩნდეს, მაგრამ გასულ წელს პირველად მისმა მოსახლეობამ 1 მილიონით იკლო. ასევე საგრძნობლად შემცირდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპიც, რაზეც მძიმე ზეგავლენა მოახდინა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ არჩეული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ. მართალია, ბოლო პერიოდში ამ პოლიტიკის შერბილება და ეკონომიკის გახსნის პირველი ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ეკონომიკა სწრაფად გამოკეთდება და დაუბრუნდება ძველ მაჩვენებლებს. შესაბამისად, ექსპერტები შიშობენ, რომ ვიდრე ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულა, შესაძლოა, ჩინეთის ხელისუფლებამ დააჩქაროს ტაივანის „შემოერთების“ თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

როგორც იტყვიან, ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან უდროოდ კი გამოჩნდა ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთი, მასზე მიმაგრებული სამი სასკოლო ავტობუსის ზომის მოწყობილობით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში, მითუმეტეს მისურის შტატში განლაგებული ლეგენდარული B-2 ბომბდამშენების თავზე. მისი ჩამოგდების გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამაც კი იქონია ნეგატიური ზეგავლენა ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ხოლო აშშ-ჩინეთის დიალოგის განახლებაზე, გარკვეული დროით მაინც, საუბარიც კი ზედმეტია.

ასე რომ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა, საჰაერო სადაზვერვო ბუშტის აფეთქებასთან ერთად, ნიქსონ/კისინჯერის სტრატეგიის გამეორების სცენარი, შეიძლება ითქვას, ჩანასახში, ანუ ჰაერში ააორთქლეს. მიუხედავად ამისა, ჩემი ვარაუდით, ჩინეთი მაინც არ იჩქარებს რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის ღიად აღმოჩენას და როგორც ყველა ჩვენგანი, ისიც ყურადღებით დააკვირდება, თუ რა მოხდება 2023 წელს ბრძოლის ველზე უკრაინაში! სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ ვივარაუდოთ, (გარკვეული პერიოდით მაინც) დაწყნარდება თუ კიდევ უფრო დაიძაბება მსოფლიო!

გააზიარე