"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ზელენსკის ტრიუმფალური სვლა ლონდონიდან ბრიუსელამდე

პეტრ2

2000 ბრიტანელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, აზრის შემქმნელი და „ამინდის შემცვლელი“ ფეხზე დამდგარი აპლოდისმენტით ეგებებოდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრში – ლონდონის ვესტმინსტერის სასახლის ისტორიულ დარბაზში. ყველაფერი იყო აქ: მხარდაჭერაც, მადლიერებაც, იუმორიც და, რაც მთავარია, საჭირო გზავნილებიც. ზელენსკიმ და მისმა გუნდმა კარგად იციან, რომ მას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერს, არა აქვს საზღვარგარეთ ტრადიციული სახელმწიფო ვიზიტების ფუფუნება. მან ზუსტად უნდა მოარტყას მიზანში თავისი გამოსვლებით, გზავნილებით და, რა თქმა უნდა, საუკეთესო უნარებისა და თვისებების (მათ შორის სამსახიობოც) გამოვლენით. ამ ვიზიტების სერიას თამამად შეიძლება დაერქვას „მოგვეცით ფრთები და ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას“. ვიდრე ზელენსკი ევროპისკენ დაიძვრებოდა, უკვე ინტენსიურად მიდიოდა საუბრები თვითმფრინავების გადმოცემაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახალი გადაწყვეტილი იყო ტანკების კოალიციის შექმნის საკითხი, რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა უმაღლეს დონეზე ინტენსიური კონსულტაციების ჩათვლით, ცოტა რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ევროპული ბიუროკრატია ასე უცებ დაიძვრებოდა თვითმფრინავების გადაცემის საკითხის მსჯელობის მიმართულებით.

ზელენსკის თავადაც კარგად ესმის და მის მრჩევლებსაც, რომ ასეთ საკითხებს უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე ვირტუალური ჩართვებით მიმართვა პარლამენტებისადმი, ვიდრე ყოველდღიური მიმართვები ოფისიდან და თუნდაც ტელეფონით საუბრები პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობასთან. მავანი იკითხავს, რა საჭიროა ამდენი საუბარი და კომუნიკაცია, როდესაც ისედაც ცხადია, რომ უკრაინა ევროპის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძვის; რომ საჭირო შეიარაღების დროულად მიწოდების გარეშე უკრაინას არათუ მოგება გაუჭირდება, არამედ ხანგრძლივ ომში გაძლების პერსპექტივაც შეუმცირდება. დიახ, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხმალამოღებული მხარს უჭერენ უკრაინისთვის იარაღის დროულად მიცემას. მაგალითად, ბორის ჯონსონი, მას მერე რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და სახელმწიფოს მეთაურის ვალდებულებებისგან გათავისუფლდა, კიდევ უფრო აქტიურად შეუდგა უკრაინისთვის შეიარაღების მიცემის საკითხის ლობირებას საკუთარ დედაქალაქში, ვაშინგტონსა თუ ევროპის სხვა დედაქალაქებში. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ჯერ კიდევ ომის გარკვეულ ფასად შეწყვეტისკენ იხრება და შეიარაღების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღება ეძნელება.

უდავოდ განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, რომ ისეთი ძლიერი ევროპული ქვეყანა, როგორიც პოლონეთია, დაუღალავად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას და ამ ბრძოლაში გამარჯვების მისაღწევად სათანადო შეიარაღების დროულად მიღებას. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ პოლონეთის გადასაწყვეტი რომ იყოს, ის დაუყოვნებლივ მისცემდა უკრაინას მის ტანკებსაც და თვითმფრინავებსაც, მაგრამ ალიანსი ამიტომაც არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომ ასეთ დროს ამ ტიპის გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღება. შესაბამისად, მორიგი რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 50 ქვეყნის სამხედრო უწყებების ხელმძღვანელი პირები და სამხედროები მიიღებენ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის გავლით ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში პირადად ზელენსკის ჩასვლა და შთაბეჭდილების მოხდენა. აქვე ვიტყვი, რომ მან ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა.

ძალიან საინტერესოდ იყო დაგეგმილი თავად ტურნეც: დიდი ბრიტანეთი და მისი იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან იყო და ამ დრომდე არის უკრაინის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბორის ჯონსონმა დამუხტა დანარჩენი ევროპა და შეადუღაბა ევროატლანტიკური სივრცე უკრაინის ირგვლივ. სამხედრო დახმარების მოცულობის თვალსაზრისით აშშ-ის მერე დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზეა. რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის საკითხებშიც ნისლიანი ალბიონი მსოფლიოს ლიდერებს შორის არის. ტანკების გადაცემის ისტორიულ გადაწყვეტილებაშიც დიდი ბრიტანეთი პირველი იყო. სწორედ რიში სუნაკმა გამოაცხადა პირველმა, რომ ბრიტანული „ჩელენჯერები“ გადაეცემოდა უკრაინას. მოკლედ, ზელენსკის დაუნინგ-სტრიტზე უფრო ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა სჭირდებოდა, ვიდრე ელისეს სასახლეში დაგეგმილ სადილზე ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან, მაგრამ იმისათვის, რომ ტურნე პოზიტიურ ნოტზე დაწყებულიყო (ჩვენებურად რომ ვთქვათ, კაი ფეხზე 😉), დიდი ბრიტანეთიდან კონტინენტური ევროპისკენ წამოსვლა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. შედეგად, ზელენსკი და სუნაკი შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების მომზადებას დაიწყებდა და „ფრთების გადაცემის“ საკითხი დღის წესრიგში მაღლა აიწევდა. შეიძლება ითქვას, ლონდონიდან ფრთაშესხმული გაემგზავრა ზელენსკი პარიზისკენ.

ამ ფონზე, ბუნებრივია, უფრო მოზომილად გამოიყურებოდა შეხვედრა პარიზში, თუმცა აქაც, წინა დღეებში გაკეთებული პესიმისტური განცხადებები ჩაანაცვლა რიხიანმა „ყველაფერი გამარჯვებისთვის! უკრაინისკენ! გამარჯვებისკენ! ევროპისკენ“! სამ მუშკეტერს და მათ „ერთი ყველასთვის! ყველა ერთისთვის!“ ნამდვილად არ ვადრი, მაგრამ ასე ერთად სამნი დაიძრნენ ბრიუსელისკენ! იქ კი ზელენსკის ტურნეს ნამდვილი გვირგვინი იყო! ევროპარლამენტში უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნები და დროშები, მქუხარე ოვაციები და საოცრად თბილი ემოციები; შემდეგ კი ევროპული კავშირის სამიტზე შეხვედრა და იქაც აპლოდისმენტი და სითბოთი გაჟღენთილი ფოტოსესიები (მართალია, იყვნენ მაღალი მჟავიანობით გამორჩეული ერთეული ინდივიდები, მაგრამ მათ (მას) საერთო ფონზე ზეგავლენა არ მოუხდენია 😉)!

უკრაინა ევროკავშირში – ევროკავშირი უკრაინაში! ზელენსკის ძალიან ამბიციური გეგმა აქვს, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში ორ წელიწადში გაწევრიანდეს. ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა და ევროპარლამენტარების უმრავლესობა, როგორც ჩანს, ამ გეგმის რეალიზებაში მას მხარს უჭერს. ქალბატონი მეცოლას თქმით, „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება მოხდეს ისტორიულად რეკორდულ დროში“! ცხადია, არც ბრიუსელში და არც კიევში არ ავიწყდებათ, რომ ამისთვის ძალიან სერიოზული ამოცანები ძალიან მოკლე დროში უნდა გადაიჭრას. არავისთვისაა საიდუმლო, რომ კორუფციას გამოწვევებს შორის კვლავინდებურად პირველი ადგილი უკავია.

ლონდონშიც და ბრიუსელშიც, ისევე როგორც ვაშინგტონში, ზელენსკის გამოსვლები მართლაც ისტორიული იყო (აშკარად საჭირო იყო ბალანსის აღდგენა ატლანტიკის სანაპიროებზე. ასე რომ, ამ მხრივაც ძალიან სწორი და ზუსტი გათვლა იყო ვაშინგტონში ვიზიტიდან თვე-ნახევრის შემდეგ ევროპაში ჩასვლა 😉). ვნახოთ, რით დასრულდება რამშტაინის მე-9 შეხვედრა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც ათ  დღეში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ზუსტად ერთი წელი სრულდება. თუკი პუტინის რეჟიმის ამოცანებმა სახეცვლილება განიცადა სამ დღეში კიევის აღებიდან რუსეთის შენარჩუნებამდე, ზელენსკისა და მისი გუნდის მოთხოვნები „სტინგერებით“ დაიწყო და ახლა უკვე სამხედრო-საზღვაო გემების თაობაზეც კი მიდის საუბრები. ევროატლანტიკურ სივრცეში და არა მხოლოდ (რუსეთშიც კი) ყველა დარწმუნებულია, რომ ნატო-ს საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია, ხოლო შორი მანძილის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება რეალურად გადაწყვეტილია. მართალია, მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მაგრამ მოსკოვიაში ზელენსკის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერის და ნატო-ს ერთიანობის სულ უფრო მეტად ეშინიათ და ლუჟნიკებზე კონცერტის ჩატარებასთან ერთად ყველაზე ცუდი სცენარებისთვის ემზადებიან. ამაში მაინც, ნამდვილად არ გაემტყუნებათ!

გააზიარე