საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

დემოკრატიის შიში - კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ

დავლიანიძე2

საქართველოს მმართველი პარტიიდან, „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილმა, თუმცა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ინტერესების გამტარებელმა და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატების ჯგუფმა, „ხალხის ძალამ“, უცხოური აგენტის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, რეესტრში – „უცხოურ აგენტად“ რეგისტრაცია სავალდებულო იქნება, რის შემდეგადაც, საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ.

საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპიდან და აშშ-დან მიღებული ფინანსური დახმარებით ცდილობენ დემოკრატიის პრინციპების, პოლიტიკური ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, თავისუფალი მედიის, მართლმსაჯულების რეფორმის, საგანმანათლებლო პროექტების, სიღარიბისა და კორუფციის აღმოფხვრის, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების და ა.შ. და ა.შ. მხარდაჭერას, მმართველი ძალა მტრად აღიქვამს და მათი საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს.

კანონის მიხედვით, სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება ბერკეტი, რომლის საშუალებითაც, მას შესაძლებლობა ექნება, აწარმოოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის დააწესოს ჯარიმები და „გამჭვირვალობის არარსებობის“ გამო გააუქმოს მათი რეგისტრაცია.

„ხალხის ძალა“ „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის აუცილებლობას გამჭვირვალობის საჭიროებითა და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნის, თუმცა რეალური მიზანი „აგენტის“ იარლიყის მინიჭებით არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია და საქმიანობის შეზღუდვაა.

კანონპროექტი, რომელიც სინამდვილეში „უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ანალოგია, „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებით, აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსია.

1938 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი – FARA“ მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას უცხოური ძალის მოთხოვნით, მითითებითა და კონტროლქვეშ ახორციელებს, იუსტიციის დეპარტამენტში უცხოეთის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ კომუნისტური სამყაროდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად გამოიყენებოდა. 1966 წელს აქტში განხორციელებული ცვლილებით, აქცენტი პროპაგანდიდან პოლიტიკურ ლობიზმზე გადავიდა, ამას გარდა, ფიზიკური და იურიდიული პირი იუსტიციის დეპარტამენტის ბაზაში ვერ განთავსდება, თუ აშშ-ის მთავრობა არ დაამტკიცებს, რომ ისინი მოქმედებენ უცხოური ხელმძღვანელის ბრძანებით, მოთხოვნითა და კონტროლით. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო, FARA-ს აქტუალობა გაიზარდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მთავრობაზე დაკისრებული მტკიცების ვალდებულების არსებობის გამო, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ფარგლებში დაწყებული სამართლებრივი დევნის რაოდენობა უფრო და უფრო იკლებს. რუსული კანონისგან განსხვავებით, FARA-ს მიზანი აშშ-ის საშინაო პოლიტიკაზე არადემოკრატიული სამყაროს გავლენის კონტროლია და არა დემოკრატიის პრინციპების მხარდამჭერი სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვა.

რუსეთის ფედერაციაში „უცხოეთის აგენტის შესახებ კანონი“ 2012 წელს მიიღეს, როდესაც მოსახლეობამ 2011 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო. კრიტიკული აზრის ჩახშობის მიზნით, სახელმწიფო დუმამ „არალიცენზირებულ დემონსტრაციებში“ მონაწილეობისთვის ჯარიმები დააწესა და ყველა ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, ჩართულია პოლიტიკურ აქტივობებსა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მცდელობაში, იუსტიციის სამინისტროში „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრაცია დაავალდებულა, ხოლო მისი შეუსრულებლობა იწვევს ჯარიმას, თავისუფლების აღკვეთასა და სხვა სანქციებს. კანონის მოქმედების არეალი წლებთან ერთად მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რითაც მმართველმა პარტიამ პოლიტიკური ოპონენტების ხმა ჩაახშო და ძალაუფლება განუსაზღვრელი ვადით განიმტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში „უცხოური აგენტის შესახებ კანონი“ არ არსებობს.

2017 წელს უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ფიდეშმა “უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ყოველწლიურად 7,2 მილიონ ფორინტზე (21 000 ევრო) მეტს იღებდნენ, „უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის მმართველი პარტიის მიერ „მეტი გამჭვირვალობის“ მოტივით მიღებულ კანონში, რუსული კანონისგან განსხვავებით, ტერმინი – „უცხოური აგენტი“ არ ფიგურირებდა, შინაარსობრივად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ მიღებული კანონის ანალოგი იყო.

უნგრეთის ხელისუფლების სათავეში პოლიტიკური პარტია – „ფიდეში“ და პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 2010 წლიდან იმყოფება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლით, არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვით, საარჩევნო სისტემის მმართველი პარტიის სასარგებლოდ ცვლილებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და კანონის უზენაესობის აღმოფხვრით, ძალაუფლებას ინარჩუნებს, რის გამოც მას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე მუდმივად აკრიტიკებენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს უნგრეთმა „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყნის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობისა და 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარანტირებული გამარჯვების მოპოვების მიზნით მიიღო.

მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიმართვის საფუძველზე, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უნგრეთის მიერ „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი არალეგიტიმურად ცნო და ევროპის კავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია, მმართველმა პარტიამ კანონი გააუქმა.

არადემოკრატიულ რეჟიმებში, სადაც პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი აღარ არსებობს, მხოლოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ მმართველი ძალის საქმიანობის კონტროლი და კრიტიკა, შესაბამისად, ნებისმიერი არადემოკრატიული რეჟიმის ლიდერის ინტერესშია სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვა. როგორც წესი, ძალა, რომელსაც სახელმწიფო აქვს მიტაცებული, არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმების მცდელობას „ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, მეტი გამჭვირვალობითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნის, სინამდვილეში კი „უცხოური აგენტის“ იარლიყის მინიჭებით, არადემოკრატიული რეჟიმის უკანასკნელი მმხილებლის დისკრედიტაციასა და მის საბოლოო გაქრობას ცდილობს.

„ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება. ბუნებრივია, რომ ძალას, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილების პრინციპის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ინსტიტუტების დამორჩილებაში, კრიტიკული აზრის ჩახშობაში, კორუფციულ გარიგებებში, სახელმწიფოს ფულადი სახსრების გაფლანგვაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, დასავლური კურსიდან გადახვევასა და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ შეფერხებაში მუდმივად ამხელს, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვა სურს, შესაბამისად, მმართველი პოლიტიკური პარტია მიზნის მიღწევას „ხალხის ძალის“ საშუალებით ცდილობს.

„გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღვწიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას” – ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

„უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის არა თუ მიღებით, არამედ მისი განხილვითაც კი, საქართველო უფრო და უფრო შორდება ევროპის კავშირს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან, ერთ-ერთი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობას ეხება.

“სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საკვანძო საკითხია და 12 კრიტერიუმის ნაწილს წარმოადგენს“ – ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელი.

გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად რადიკალურად შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება, რამაც ევროპის კავშირის ინტეგრაციის მოლოდინში მყოფი სახელმწიფოებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა, ვერ გამოიყენა, „ხალხის ძალის“ საშუალებით გახმოვანებული კანონპროექტით კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ მმართველი პარტია ევროპის კავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი.

საქართველოში, სადაც სახელმწიფო მმართველ პარტიას აქვს მიტაცებული და ოპოზიცია იმდენად სუსტი და დანაწევრებულია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას სამუდამოდ მოუსპობს, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში შეუზღუდავი უფლებამოსილებით უსასრულოდ დატოვებს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა