"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ბაიდენი - კიევში, სი ძინპინი - ფიქრებში

პეტრიაშვილი2 (1)

გასულ კვირაში, უფრო ზუსტად 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან 1 წელი შესრულდა. უკრაინა დგას, კიევი დგას, ზელენსკი და მისი გუნდი დგას, მაგრამ… ომი გრძელდება. უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად, როგორც იტყვიან, აქ და ახლა, სამხედრო დახმარება სჭირდება. არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ უკრაინა დახმარებას არ იღებს. უფრო მეტიც, რომ არა საერთაშორისო დახმარება, უკრაინაში (და არა მხოლოდ) დღეს სრულიად განსხვავებული ვითარება და მაღალი ალბათობით რუსული ხელისუფლება იქნებოდა. აგრესიის საწყის ეტაპზე, ანუ ურთულეს პერიოდში უკრაინამ, მისმა ხალხმა, ლიდერებმა და შეიარაღებულმა ძალებმა მართლაც სასწაული მოახდინეს, რასაც შემდგომ თვეებში მoჰყვა საერთაშორისო სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ზრდა. თუმცა საჭიროა კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება დღეს, რომ უკრაინამ ხვალ, ბრძოლის ველზე შთამბეჭდავ და გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწიოს.

შარშან გაუქმებული პუტინის ყოველწლიური მიმართვა 2023 წლის 21 თებერვალს დაიგეგმა, ხოლო საზეიმო კონცერტის სპორტულ კომპლექს „ლუჟნიკებზე“ ჩატარება მომდევნო დღეს გადაწყდა. შეიძლება აქ, ჩვენთან, მიაჩნიათ, რომ რუსეთს აქვს უპირატესობა და დიდი სამხედრო მიღწევები, მაგრამ ასე არ ფიქრობს თავად პუტინიც კი (26 თებერვალს პუტინი რომ რუსეთის დაშლის საფრთხეზე ისაუბრებდა სახელმწიფო ტელევიზიასთან, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა გასულ წელს ამ დროს). მას არაფერი ჰქონდა საამაყო ამ დღეს და არც არაფრით შეეძლო ეტრაბახა მეორე დღეს სტადიონზე 500 რუბლად მოყვანილ „მასოვკასთან“ (მისი გამოსვლა ლუჟნიკებზე სულ 4 წუთს გაგრძელდა). ამიტომაც, ფედერალური კრების წინაშე გამოსვლის დროს 2 საათის განმავლობაში პუტინმა ყველაფერზე ისაუბრა, გარდა უკრაინაში კონკრეტული წარმატებებისა. კვლავ გაჟღერდა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი „ნარატივები“: ბრძოლა რუსეთის გადარჩენისთვის, ბრძოლა პედოფილიისა და მამათმავლობის რუსეთში აშშ-დან და ევროპიდან გავრცელების წინააღმდეგ; ნატოს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. კრებაზე დამსწრეთაგან ბევრმა ვერ გაუძლო „ყურადღების ტესტს“ და მიეცა თვლემას; საერთოდ აღარ მივიდნენ კრებაზე კადიროვი, პრიგოჟინი, მოსკოვის მერი სობიანინი, „არმაგედონ“-სუროვიკინი; მოკლედ, სურათი საკმაოდ ნაცრისფერ და მძიმე, არცთუ შორეული წარსულის მწარე მოგონებას წარმოადგენდა. ყველა ლოგიკით, ამ ტიპის გამოსვლას ახლო მომავალში უწყვეტად „გედების ტბის“ ტრანსლაცია უნდა მოჰყვეს.

უკრაინაში განცდილი წარუმატებლობები ნამდვილად საკმარისი იყო იმისთვის, რომ განწყობა არ ყოფილიყო საზეიმო, მაგრამ პუტინისა და მისი რეჟიმის ისედაც დეპრესიული განწყობა საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტმა გაამძაფრა კიევში მოულოდნელი ვიზიტით. მას მერე, რაც უკრაინის დედაქალაქში ბრიტანეთის ყოფილმა და მოქმედმა პრემიერებმა, კანადის და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა, მინისტრებმა და საპარლამენტო დელეგაციებმა გამოხატეს უკრაინისადმი მხარდაჭერა, ხოლო თავად პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა ჯერ წინასაშობაოდ ვაშინგტონში, ცოტა ხნის წინ კი ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში, სულ უფრო აქტიურდებოდა საუბარი პრეზიდენტ ბაიდენის კიევში ვიზიტის შესაძლებლობაზე. მით უმეტეს, როდესაც გამოცხადდა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის 1 წლისთავის აღსანიშნავად პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში გეგმავდა ჩასვლას. ახლა როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი კიევში თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და მასში ჩართულები იყვნენ თავდაცვის, დაზვერვისა და საიდუმლო სამსახურის (დაცვის) წარმომადგენლები.

პრეზიდენტ ბაიდენს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმდენ ხანს დაეხმარება უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება მისი წარმატებისთვის, მაგრამ კიევიდან ნათქვამ ამ ფრაზას, აგრეთვე, რომ აშშ არასდროს!!! დაუშვებს უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას, დამეთანხმებით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ვიზიტმა საბოლოოდ ცხადი გახადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს ჩადის ფსონად უკრაინის გამარჯვებაზე. შესაბამისად, მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკრაინაში გამარჯვება უნდა იზეიმოს უკრაინელმა ხალხმა, ცივილიზებულმა სამყარომ და, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

აშშ-ის პოზიცია გასაგებია. ევროპული კავშირის დამოკიდებულებაც თითქოსდა მყარია, მაგრამ მაინც საფიქრალია. დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ ლიდერები შუაგულ ომში გამოცვალეს, მაგრამ პოზიციები სრულებითაც არ შეცვლილა. იაპონია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთი კორეა – მათგანაც მხარდაჭერის დონე კვლავინდებურად მაღალია.

რას შვრება ამ დროს ჩინეთი? მისი პრეზიდენტი სი ძინპინი აშკარად უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე ფიქრის პროცესშია. ცხადია, ისეთი მსხვილი გლობალური მოთამაშის, როგორიც ჩინეთია, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა ყოველთვის ყურადსაღებია, მით უმეტეს, რომ რუსეთისთვის ახლა სი ძინპინის პოზიციას, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გლობალური პოლიტიკური კვირაც სწორედ ჩინეთმა დახურა. ცისქვეშეთის კანცელარიამ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომლის პირველ პუნქტში საუბარია, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს აღიარებული და გარანტირებული. ეს, რა თქმა უნდა, კარგია. გარდა ამისა, მისასალმებელია, რომ დოკუმენტში დაფიქსირებულია ჩინეთის ნეგატიური პოზიცია ბირთვული იარაღის გამოყენებისა და მუქარის თაობაზე. დანარჩენი პუნქტები აჩენს კითხვებს, მაგრამ… მთავარი კითხვა არის შემდეგი: რამდენად მიუკერძოებელი შუამავალი შეიძლება იყოს ჩინეთი რუსეთთან მისი სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის უილიამ ბერნსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომლის თანახმად, ჩინეთი ახლოს არის რუსეთისთვის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდების გადაწყვეტილებასთან.

აშშ-მ და გერმანიამ ჩინეთის პოზიცია გააკრიტიკეს და მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანეს. საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმა ამ გეგმას და განაცხადა, რომ გაემგზავრება ჩინეთში სი ძინპინთან დეტალებზე სალაპარაკოდ, აგრეთვე მისი პოზიციის შესაცვლელად იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით (პრეზიდენტ მაკრონის შემოქმედებითი ძიების პროცესი კვლავ გრძელდება).

რა უნდა ჩინეთს? ჩემი აზრით, მისთვის იდეალური იქნება, თუ ომი გაიწელება. მას იმდენად უკრაინის დარდი არა აქვს, რამდენადაც სურს იხილოს ომზე კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული აშშ და ევროკავშირი; დასუსტებული, მაგრამ არც გამარჯვებული და არც ბოლომდე დამარცხებული რუსეთი (ავტორიტეტი ავტორიტეტის ტყავს არ დახევს). ამიტომ, გარკვეულ ლოგიკას ნამდვილად ექვემდებარება ჩინეთის პოზიცია რუსეთისთვის იარაღის მიცემის განხილვასთან დაკავშირებით. თუმცა არის რისკებიც: თითქმის 3.5-ჯერ მეტია ჩინეთის სავაჭრო ტვირთბრუნვა აშშ-სთან, ვიდრე რუსეთთან (700 მილიარდი ვს. 200 მილიარდი); აგრეთვე 3-ჯერ დიდია ევროკავშირის ბაზარი რუსეთთან შედარებით (440 მილიონი მოსახლეობა ვერსუს 140 მილიონი). იარაღის მიცემის გადაწყვეტილებას ექნება ნეგატიური ეფექტი ომის მიმდინარეობაზე, მაგრამ მას შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგები ჩინეთის ეკონომიკისთვისაც, რომელიც ჯერ კიდევ შორს არის მისი საუკეთესო ფორმისგან.

განსაკუთრებით საყურადღებოა პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია: ის მზად არის სი ძინპინთან შესახვედრად; აგრეთვე მიესალმება, რომ ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა პირველ პუნქტად არის გამოტანილი ჩინურ ე.წ. გეგმაში, მაგრამ… ზელენსკის თქმით, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემა აუცილებლად გამოიწვევს, არც მეტი არც ნაკლები, ახალ მსოფლიო ომს!

რას მოიფიქრებს სი ძინპინი, ცოტა ხანში ფრონტის ხაზზე გამოჩნდება; რა ახალი იდეები მოუვათ თავში ევროპელ ლიდერებს, არც ეს დაიმალება, მაგრამ… არაკეთილსინდისიერი დამკვირვებლების (ამ ფრაზაში არის ჩაქსოვილი მთელი ჩემი დიპლომატიური თმენის ვალდებულება) საყურადღებოდ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საკითხს დიდები – აშშ, ჩინეთი და რუსეთი მოაგვარებენ (აქ ევროკავშირის იგნორირება მომწონს განსაკუთრებით), გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ:

  • მოლაპარაკებების ფორმატს, დროს და პირობებს განსაზღვრავს უკრაინა;
  • მოლაპარაკებებისთვის უნდა შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოებები, რაც გულისხმობს პირველ რიგში უკრაინის ახალ და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებებს ფრონტის ხაზზე;
  • ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რუსეთი დამარცხდეს და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგონ როგორც შემსრულებლებმა, ისე ბრძანების გამცემებმა!

ეს სიტყვები ეკუთვნის არა მხოლოდ ამ სტატიის ავტორს. თქვენ წარმოიდგინეთ, ასე ფიქრობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ნატოს და ევროკავშირის ლიდერები! #წერტილი

გააზიარე