"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გლობალური არჩევანი-არადანი

გლობალური არჩევანი-არადანი

ცივი ომის დროს, დიდ სურათში ყველაფერი მეტნაკლებად გასაგები იყო (ოღონდ არავითარ შემთხვევაში მისაღები).

გაყოფილი იყო სამყარო გლობალურად არჩევანი-არადანზე. არჩევანის მხარეს იყო თავისუფლება, პროგრესი და კეთილდღეობა, არადანის კი – გულაგი, “ზასტოი” და ძალადობა. ბედის უკუღმართობით, და არა მხოლოდ, ევროპელების დიდ ნაწილს, მათ შორის ჩვენც, ნების საწინააღმდეგოდ, გვიწევდა ყოფნა იქ, სადაც არ გვინდოდა და არ გვეკუთვნოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქოს უნდა დალაგებულიყო ყველაფერი. არჩევანის უფლება ვისაც დაუბრუნდა, ვინც ჭკუა იხმარა, სიტუაციაში სწრაფად გაერკვა, ვინც თავისი არჩევანი დროულად და სწორად გააკეთა, აქვე ვიტყოდი, ვისაც კიდეც ცოტათი გაუმართლა აღმოჩნდა იქ, სადაც ისტორიულად იყო მისი ადგილი. სამწუხაროდ, სწორი არჩევანის მხარეს მოხვედრა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ვერ მოხერხდა. ამისთვის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთმა არც ძალა დაიშურა, არც იარაღი, არც გაზი და არც ნავთობი. დასავლეთიც, ცივ ომში გამარჯვებით თავბრუდახვეული, მიღწეული შედეგებით მოდუნდა და დაკმაყოფილდა. სიმართლე ვთქვათ, ჩვენც ვერ ვივარგეთ და ძალიან ძვირი ფასიც გადავიხადეთ. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებმა დახოცეს და დაჩეხეს ერთმანეთი. დღემდე იშუშებენ იარებს. მათთვის კარგი ამბავი ისაა, რომ ნელა, მაგრამ მყარად მიიწევენ სწორი არჩევანის მხარეს. არც ჩვენ გვეყო გამჭრიახობა, სიბრძნე და გონება, თანაც არ გვქონდა გამოცდილება. მოკლედ, როგორც მოვახერხეთ, მეგობრების დიდი დახმარებით და ჩვენივე ძალისხმევით,  როგორც დანაკარგებით, ისე გამარჯვებებით, სწორი არჩევანისკენ მიმავალ გზაზე დავდექით და ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად ისტორიული დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ.

ამასობაში, ახლო აღმოსავლეთში ირანი ისლამური რევოლუციის 40 წლისთავს აღნიშნავს, ავღანეთი საბჭოთა ჯარების გასვლის – 30-ს და გვირაბის ბოლოს მშვიდობის სხივს ძლივს თუ ხედავს, ისრაელი თავს იცავს და ბევრი წარმატებით სახელს ითქვავს, სირიელი ასადი საკუთარ ხალხს გაზით კლავს და რუსეთის მზესა ჰფიცავს, ერაყი კი აისის-თან ომის შემდეგ  სულს ძლივს ითქვამს. არაბებიც თავისაზე მყარად დგანან, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის რა გითხრათ, მაგრამ ამბიცია არ აკლიათ, ნავთობიც ხომ უხვად აქვთ და თანამედროვე შეიარაღებაც.

ჩინეთია ცალკე თემა, ყველგან აღწევს ნება-ნება, ერთი სარტყლით და ერთი გზით, მალე უკვე მთლად 5 ჯი-თ. უხმაუროდ, მაგრამ მძლავრად, თან უსისხლოდ, მაგრამ ხისტად, წარმოადგენს აშშ-სთვის კონკურენტს და საპირწონე მთავარ ბირთვსაც.

ინდოეთი, ბრაზილია, დიდებია ორივე. ერთგან დემოკრატიაა, მეორეგან კი პრეზიდენტად კაპიტანი ბოლსონარო. საქმე საქმეზე რო მიდგეს, ბრიჩ-საც (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) გვერდზე გადადებენ და სწორ მხარეს აირჩევენ.     

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და ეფექტიან სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას კვლავინდებურად ნატო წარმოადგენს. ის არის მშვიდობისა და სტაბილურობის რეალური გარანტი. ევროატლანტიკურ სივრცეში ერთად დგანან აშშ-ც და გერმანიაც, საფრანგეთიც, იტალიაც, მათთან ერთად თურქეთიც. მიხვდებოდით, ეს ქვეყნები შემთხვევით არ ჩამომითვლია. მთელ რიგ საკითხებზე თითოეულ მათგანს თავისი ხედვა აქვს, თანაც ისეთი განსხვავებული, რომ შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამაშია ნატო-ს სიძლიერე. ყველამ იცის, რომ ყველას გზა ბოლოს ბრიუსელში მიდის (ჩემს საყვარელ რომთან ამ ერთხელ ბოდიში).

კლასიკური გაგებით, დღეს ცივი ომი არ არის, მაგრამ ბევრიც არაფერი უკლია. რუსეთის მიერ თამაშის წესების დარღვევის გამო, აშშ გავიდა 1987 წელს რეიგანის და გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან. რუსეთიც სიხარულით და ბრახა-ბრუხით გაყვა. შეიარაღების სრბოლაც დაიწყო. დროთა განმავლობაში ტემპებს კიდევ უფრო მეტად აკრიფავს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი დაადასტურა, რომ ნატო-არ აპირებს ევროპაში დამატებითი ბირთვული სიმძლავრეების განლაგებას, მაგრამ ეს სრბოლას არ და ვერ შეაჩერებს. უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, დასავლეთი და პირველ რიგში აშშ რუსეთს ახალ-ახალ და სულ უფრო მწვავე სანქციებს უწესებს. რუსეთი პასუხად მსოფლიოს თავისი “ძლევამოსილების” მულტფილმებს უჩვენებს და ინტერნეტიდან გათიშვის შესაძლებლობას აანონსებს.

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მიღწეული შეთანხმებიდანაც გავიდა. ევროპელები ჯერ ისევ ინარჩუნებენ და ირანისთვის დაწესებული ამერიკული სანქციების თავიდან აცილების მიზნით ახალ მექანიზმზე შეთანხმდნენ და მუშაობენ.

გასულ კვირას სოჭში რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები ხვდებოდნენ, ვარშავაში ახლო პრობლემებზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, ისრაელის პრემიერი, სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლები და მასპინძელი პოლონელები მსჯელობდნენ, კვირის ბოლოს კი ტრადიციულად მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკავშირის გამოწვევებს, ალიანსის ურყევობას, ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობას და შავ ზღვაზე უსაფრთხოების აუცილებლობას განიხილავდნენ. მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა იყო ყველგან, სადაც საჭიროა, ანუ იქ, სადაც სწორი არჩევანია.

ყოველივე ზემოთქმულიდან და კიდევ ბევრი რამე ართქმულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით მოგახსენებთ, რომ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ყველაფერი მაინც ისევ გლობალური არჩევანი-არადანისკენ მიდის. მართალია, ჯერ საბოლოო კონტურები გამოკვეთილი არ არის და საქმეც ისე “მარტივად” არაა, როგორც ცივი ომის დროს იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზემოთჩამოთვლილ აქტორებს, ადრე თუ გვიან მოუწევთ არჩევანი-არადანის გაკეთება. იმედია, ყველა და ყველაფერი თავ-თავის ადგილას დალაგდება და ჩემი ქვეყანაც, სადაც ეკუთვნის, ბოლოსდაბოლოს, დამსახურებულად იქ აღმოჩნდება.

გააზიარე