"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

რა დროს ლექსია...

რა დროს ლექსია...

გასული კვირის ყველაზე ცხელი თემები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის საგარეო-პოლიტიკურ აქტივობას და მის საშინაო-პოლიტიკურ ბრძოლაში მნიშვნელოვან სანახაობას უკავშირდებოდა. დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის სამიტი დროზე ადრე, შეთანხმების გარეშე, ერთი სიტყვით კოლაფსით დასრულდა. კლასიკური დიპლომატიური კუთხით თუ შევხედავთ, ეს ვიზიტი აშკარა ჩავარდნა იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ზესახელმწიფოს პირველი პირი ისედაც შორს წავიდა დიქტატორი კიმ ჩენ ინის მიმართ გაკეთებულ ეპითეტებში, ალბათ იმის იმედით, რომ საწადელს მიაღწევდა, მაგრამ უშედეგოდ. მთელი წინასწარი მუშაობა, რომელიც 2018 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წყალში გადაყრილი შრომა გამოდგა. მე თუ მკითხავთ, რომ არა ტრამპის არასტანდარტული მიდგომები (“მე თვითონ მივაღწევ შეთანხმებას. მე ეს ყველაზე კარგად შემიძლია”), ეს ვიზიტი საერთოდ არც უნდა გამართულიყო. თანაც იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონში, ზუსტად ვიზიტის დღეს (რა საინტერესო დამთხვევაა:))) დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი, უფრო ზუსტად კი მისი ყოფილი “მომგვარებელი” მაიკლ კოენი კონგრესში დაიბარეს. კაპიტოლიუმის ბორცვზე გამართული მოსმენიდან საზოგადოებას ამ უკანასკნელისგან ყოფილი პატრონის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი ეპითეტების – “რასისტი, გაიძვერა და აფერისტი”- გარდა სხვა არაფერი დარჩა. “ბომბი” არ აფეთქდა – კოენმა ვერ დაადასტურა დონალდ ტრამპის რუსულ მხარესთან უშუალო შემხებლობა. მინიშნებები კი გააკეთა, შვილმა მამას უთხრა, ყველაფერი მზად არისო, მაგრამ  ამ სიტყვებს ტრამპის ყველაზე მკაცრი ოპონენტებისთვისაც კი არავითარი ძალა არ აქვს.

მოკლედ, ჩემი თავდაპირველი განზრახვა იყო, ტრადიციული ბლოგი სწორედ აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ნიუნასებისთვის მიმეძღვნა მხოლოდ, მაგრამ აბა რა დროს ლექსია… როდესაც მთავარ ფოკუსში “Black Sea”-ა. მზარდი მსოფლიო დაძაბულობის, რუსეთსა და დემოკრატიულ დასავლეთს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე, უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა შავი ზღვის რეგიონმა, რომლის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის სულ უფრო მეტად აქტიურ ზომებს იღებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. მისი წევრი სახელმწიფოების – ბულგარეთისა და რუმინეთის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ნატო-ს ქვედანაყოფები პატრულირებენ შავ ზღვაზე, ხმელეთსა და ცაზე.

საკუთარი ტერიტორიული წყლების დაცვაზე ზრუნავს ჩვენი მეგობარი უკრაინა, რასაც უკვე მოჰყვა რუსეთისთვის დამახასიათებელი, 21-ე საუკუნის მეკობრეთა სტილში განხორციელებული თავდასხმა და უკრაინელი მეზღვაურების დატყვევება.

ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულფასოვნად რეალიზებისთვის იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, კერძოდ, ალიანსის და მისი ინდივიდუალური წევრების აქტიური მხარდაჭერით შენდება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ეროვნული თავდაცვის ძალები. 2008 წლის ომის შემდეგ, ფერფლიდან აღდგა და დღეს კიდევ უფრო ძლიერია ჩვენი ქვეყნის საზღვაო სასაზღვრო ძალებიც. ყოველწლიურად ტარდება სულ უფრო მეტი ერთობლივი სამხედრო წვრთნა და ხორციელდება პარტნიორი სახელმწიფოების საბრძოლო ხომალდების მეგობრული ვიზიტები. მიმდინარე წლის მარტშიც იგეგმება ნატო-სთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება.

აქტიურად მიდის მუშაობა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაც. ამ თვალსაზრისით, შავ ზღვაზე დაწყებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საქართველოს გარდა, შავი ზღვის ყველა სახელმწიფოს აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ კი გვაქვს ამბიცია, რომ ქვეყანამ სრულფასოვნად აითვისოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მისგან.   

თითქოს არაფერია ამაში არც განსაკუთრებული და მითუმეტეს არც საგანგაშო. რაღაც ოფიციალურ მშრალ სასაუბროსაც კი დაემსგავსა უცებ ეს ჩვენი ბლოგი, მაგრამ სადაც რუსეთია ჩემო მკითხველო, იქ არც სიმშვიდეა, არც მოწყენილობა და, მით უმეტეს, აღარც ლექსია. ლექსი კი არა, უკვე ტაძრებშიც კი ატომურ ბომბებზე მღერიან.

მიუხედავად მათი “დაწყნარების” ყველა მცდელობისა, სხვათა შორის როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მაინც ვისმენთ ხმამაღალ მუქარებს. ღიად გვეუბნებიან, ელოდეთ უსიამოვნებებს; აირჩიეთ, ან რეგიონული კეთილდღეობა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი და უსიამოვნება. რეგიონულ კეთილდღეობაში ალბათ ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების მოტაცება და მავთულხლართების ჩვენს მიწაწყალზე გავლება იგულისხმება, ალბათ კიდევ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა და ჩრდილოეთ კავკასიიდან ავტომაგისტრალის მშენებლობა. მავანი იტყვის, არ დაგავიწყდეს, ყველაზე მეტი ღვინო მაინც რუსეთში იყიდება და ყველაზე მეტი ტურისტიც ჩრდილოეთიდან ჩამოედინებაო. ესეც ალბათ რეგიონულ კეთილდღეობებს მიეკუთვნება.

90-იან წლებში საქართველოში ჩამოსული იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ვიზიტის დროს ღიად განაცხადა, არ გჭირდებათ თქვენ არავითარი დასავლეთის მილსადენები. გაზიც გექნებაც, სითბოც და სტაბილურობაცო. მაშინ თან რუსეთის ბაზების საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საკითხიც წყდებოდა, რომელიც გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე დღეს არის. მაშინაც ღია მუქარა ისმოდა მის გამოსვლებში. ვინც მოესწარით, გახსოვთ ალბათ, იმ პერიოდში მუქარაც ბევრი იყო და აფეთქებებიც. თანაც იმდროინდელი საქართველოც სულ სხვა იყო, გაცილებით სუსტი, ვიდრე დღეს არის, მაგრამ საქართველომ მაინც აირჩია გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა, დემოკრატია და განვითარება.

როგორც ჩანს, ისევ დგება საკითხი, არ გჭირდებათ თქვენ ღრმაწყლოვანი პორტები, ნატო და უცხო გემები. ჭკუით იყავით და ღვინოსაც დავლევთ, ჭაჭასაც და ტიუმენიდანაც გეყოლებათ ტურისტები “შტაპელებით”.

საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა. ნატოსა და ევროკავშირში წევრობა ჩვენი ხალხის არჩევანია და არა რომელიმე მთავრობის. ასე რომ, ეს მუქარები და შანტაჟის ენით ლაპარაკი ჩვენთან აღარ გამოვა; კიდევ უფრო მეტად აღარ გამოვა, თუ წარმატებული ქართველი ქალის თეთრ სახლში გამოჩენისას, სასწაული მასწავლებლის მსოფლიო ათეულში დასახალებისას, აგრეთვე ფეხბურთელის და ბიზნესმენის წარმატებისას, მათი დამუნათების, ისევე როგორც ახალბედა პოეტის დაბულინგების მაგივრად, საქმეს მივხედავთ, ყველა ჩვენ ჩვენსას.

დიპლომატიაზე საუბრით დავიწყე და დიპლომატიითვე დავასრულებ. ჩვენი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზებას ასეთი მუქარების პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დიპლომატიას როდესაც ვამბობ, ცხადია, მხოლოდ ჩემს მეგობარ დიპლომატებს არ ვგულისხმობ. სხვათა შორის, არც მხოლოდ ხელისუფლებას. სამოქალაქო საზოგადოება, პოზიცია, ოპოზიცია – ყველა ერთი გზავნილით უნდა გავიდეს ფარგლებს გარეთ. საშინაო პოლიტიკაში დაპირისპირება ყველგან “მოსულა”, მაგრამ როცა საქმე ქვეყანას, მის არჩევანს და მომავალს ეხება, არ გვაქვს დაქსაქსვის უფლება. 

გააზიარე