"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა კომპანია “შანელი“?
კომპანია “შანელის“ წლიური შემოსავალი 12 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ბრენდის ღირებულება კი 10.5 მილიარდი დოლარია. “შანელს“ მსოფლიო მასშტაბით 20,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანიის სახელიც და წარმატებაც ფრანგ დიზაინერს და მეწარმეს გაბრიელ “კოკო“ შანელს უკავშირდება. შანელმა ქსოვა და კერვა ბავშვთა თავშესაფარში ისწავლა. 20 წლის იყო, როდესაც მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო, პარალელურად, დამატებითი შემოსავლის მისაღებად კაბარეში მღეროდა. აქ გაიცნო ფრანგი მილიონერი ეტენ ბალზანი, რომელიც ბიზნესის დაწყებაში დაეხმარა.
27 წლის კოკო შანელმა 1909 წელს, პარიზში კამბონის ქუჩაზე ქუდების პატარა მაღაზია გახსნა. მაღაზიას “შანელის მოდები“ ერქვა. ეტენ ბალზანთან ურთიერთობა შანელს ეხმარებოდა პარიზის მდიდარი საზოგადოებისთვის გაეცნო თავისი ქუდები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 1913 წელს შანელმა უკვე ქუდების მეორე მაღაზია გახსნა დოვილში. ამავე წელს, შანელი კაბების შეკერვასაც იწყებს და თანდათან მოდის ინდუსტრიაში რევოლუციური სიახლების ავტორი ხდება.
შანელი ითვლება ქალის ტანსაცმელში თავისუფალი სტილის შემომტანად. მან ქალები არაკომფორტული კაბებიდან გაათავისუფლა. ასევე, შექმნა ქალის შარვლის მოდელები, რისთვისაც ქალის ტანსაცმელში მამაკაცის სტილის შემოტანისთვის “ადანაშაულებდნენ“. შანელს უკავშირდება შავი ფერის ტანსაცმლის პოპულარიზებაც.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდი რთული იყო ევროპული მოდისთვის, რადგან რესურსების მოპოვება გაჭირდა. ასეთ დროს, შანელმა ტანსაცმლის დიდი მაღაზია გახსნა პარიზში. ის ტანსაცმელს ჯერსის (ნაქსოვი შალი) ნაჭრისგან ამზადებდა, რაც უფრო იოლად იშოვებოდა.
1920 წელს, კოკო შანელმა ცნობილი ქიმიკოსი და პარფიუმერი ერნესტ ბო გაიცნო, რომელთან ერთადაც შექმნა 80 არომატისგან დამზადებული ცნობილი სუნამო Chanel №5. სუნამოს თავიდან კლიენტებს ჩუქნიდა, 1922 წლიდან კი გაყიდვა დაიწყო.
1923 წელს, როდესაც კოკო შანელს თავისი ტანსაცმლის წარმატების მიზეზი კითხეს, მან უპასუხა: “ელეგანტურობის მთავარი ელემენტი უბრალოებაა“.
1930-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო და მწარმოებლებს ძალიან გაუჭირდათ, 1931 წელს შანელი ჰოლივუდში ჩავიდა და მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა. 1932 წლიდან “შანელმა“ სამკაულის წარმოებაც დაიწყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს 1939-1945 წლებში “შანელმა“ ტანსაცმლის მაღაზიები დაკეტა, მხოლოდ სამკაულს და პარფიუმერიას ყიდდა. ომის წლებში, კოკო შანელი გერმანელ ნაცისტ ოფიცერთან ერთად ცხოვრობდა. ომის დასრულების შემდეგ შანელი გერმანიასთან კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს. დაპატიმრებას გადარჩა, მაგრამ საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. ამ პერიოდში “შანელის“ კომპანიას მისი პარტნიორი პიერ ვერჰეიმერი ჩაუდგა სათავეში.
კოკო შანელი საფრანგეთში 1953 წელს დაბრუნდა და ტანსაცმლის, სამკაულების და პარფიუმერიის ბიზნესს აქტიურად დაუბრუნდა. 1957 წელს “შანელის“ საგაზაფხულო კოლექცია დალასში გამართულ დაჯილდოვებაზე საუკეთესოდ აღიარეს.
1971 წელს, 87 წლის ასაკში კოკო შანელი გარდაიცვალა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო დაკავებული ტანსაცმლის ახალი დიზაინის შექმნით.
კომპანია “შანელის“ 90% ვერჰეიმერების ოჯახის გახდა, ისინი თანდათნობით ყიდულობდნენ წილებს. 1974 წლიდან, ალაინ ვერჰეიმერმა “შანელის“ პროდუქციის, განსაკუთრებით კოსმეტიკის აქტიური რეკლამირება დაიწყო.
“შანელის“ მომავალი წარმატება მნიშვნელოვნად დაუკავშირდა გერმანელ დიზაინერს და კომპანიის კრეატიულ დირექტორს, კარლ ლაგერფელდს, რომელიც კომპანიაში 1983 წელს მივიდა და სიცოცხლის ბოლომდე, 2019 წლამდე მუშაობდა. ლაგერფელდმა “შანელის“ ტრადიციებზე და ფერებზე დაყრდნობით უამრავი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს. 1980-იან წლებში “შანელის“ 40 მაღაზია გაიხსნა მსოფლიოში. ამასთან, მისი პროდუქცია სულ უფრო ძვირდებოდა, მაგალითად, 1980-იანების ბოლოს “შანელის“ კაბა 11,000 დოლარი ღირდა, ჩანთა 2,000 დოლარი.
1995 წელს კომპანიის შემოსავალმა მილიარდ დოლარს მიაღწია, მოგება კი 100 მლნ დოლარამდე ჰქონდა.
2000-იან წლებში კომპანია სწრაფად ფართოვდებოდა, მსოფლიოს მასშტაბით ახალ მაღაზიებს ხსნიდა. 50 მლნ დოლარი მხოლოდ ტოკიოში დახარჯა მაღაზიისთვის ადგილის შეძენაში და აშენებაში. 2011 წელს კომპანიის შემოსავალი უკვე 7 მილიარდი დოლარი იყო.
ბოლო წლებში “შანელი“ პროდუქტების განვითარებაში და ბრენდის მხარდამჭერ აქტივობებში ყოველწლიურად 1-2 მილიარდ დოლარს დებს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024