ფოტო: Getty Images
ორშაბათს თეთრმა სახლმა ახალი 24/7-ზე ონლაინპლატფორმა Trump TV გაუშვა, რომელიც უწვეტ რეჟიმში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძველ ღონისძიებებსა და გამოსვლებს აშუქებს. ახალი ონლაინპლატფორმის გაშვებამდე, ტრამპმა CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება შეუზღუდა.
თეთრი სახლის YouTube-არხის ცნობით, Trump TV-ზე 24/7 რეჟიმში გადაიცემა და რეალურ დროში განახლდება „ტოპ-ვიდეოები, მნიშვნელოვანი გამოსვლები და ყველაზე საინტერესო/გამორჩეული მომენტები“.
პლატფორმამ მაუწყებლობა თეთრი სახლის YouTube-არხზე ტრამპის მიერ 3 ივლისს, რაშმორის მთის ეროვნულ მემორიალთან წარმოთქმული სიტყვის ტრანსლირებით დაიწყო. სადებიუტო ეთერი პლატფორმაზე სახელწოდებით TRUMP TV: The Essentials Station-ი გაეშვა. მოგვიანებით კი ეთერში პრეზიდენტ ტრამპის 2025 წლის ინაუგურაციის ჩანაწერიც გავიდა.
ამ ეტზპე უცნობია, გამოიყენებს თუ არა თეთრი სახლი Trump TV-ს მიმდინარე მოვლენების პირდაპირი ტრანსლირებისთვის. თუმცა ეთერის აღწერა მაყურებლებს მოუწოდებს, რომ „დარჩნენ ინფორმირებულნი და თვალი ადევნონ სიახლეებს“.
შეგახსენებთ, Trump TV-ის გაშვებამდე, გასულ უქმეებზე, ტრამპმა სამი მედიასაშუალების CNN-ის, Politico-სა და MS NOW-ის ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. აკრძალვის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტმა ამ მედიასაშუალებების მხრიდან „ყალბი ამბების მუდმივი გაშუქება“ დაასახელა.
პროტესტის ნიშნად, თეთრი სახლის ტელემაუწყებელთა გაერთიანებამ — რომელშიც CBS, NBC, ABC, CNN-ი და Fox-ი შედიან — ორშაბათს ტრამპის ღონისძიებების გაშუქებაზე უარი განაცხადეს. CNN-მა, Politico-მ და MS NOW-მა კი, თეთრ სახლში მუშაობის უფლების აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართეს.












