Illustration by Neil Jamieson for Forbes
აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში, Forbes 400-ში, მოსახვედრად წელს რეკორდული $4.4 მილიარდი იყო საჭირო – $600 მილიონით მეტი, ვიდრე 2025 წელს და $2.7 მილიარდით მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. რეიტინგში შემავალი 400 ადამიანი ჯამურად $8 ტრილიონს ფლობს, რაც გასულ წელთან შედარებით $1.4 ტრილიონით მეტია.
ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ქონების ზრდას განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების ბუმმა, ასევე აშშ-ის საფონდო ბაზარზე კომპანიების აქციების ფასების მატებამ შეუწყო ხელი. ამ ფონზე, რეკორდულად მაღალი ზღვრის მიუხედავად, Forbes 400-ის წლევანდელ სიაში 34 ახალი წევრი მოხვდა.
Forbes 400-ში წელს 62 ქალი მოხვდა. შესაბამისად, რეიტინგში შემავალი ადამიანების დაახლოებით 16% ქალია — იმდენივე, რამდენიც 2025 წელს. ამერიკის უმდიდრეს ქალად კვლავ Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის, ქალიშვილი ელის უოლტონი რჩება. 76 წლის უოლტონოს ქონება $118 მილიარდს შეადგენს და ის საერთო რეიტინგში მე-13 ადგილზეა.
აშშ-ის უმდიდრესი ქალების სიაში მეორე ადგილზე ჯულია კოხია, რომლის ქონებაც (ოჯახთან ერთად) $84.6 მილიარდს შეადგენს. ჯულია კოხი საერთო რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს. 64 წლის კოხის სიმდიდრის წყარო Koch, Inc.-ია.
ქალებს შორის მე-3 და Forbes 400-ში 21-ე ადგილზეა ჟაკლინ მარსი, რომლის ქონება $50.3 მილიარდად არის შეფასებული. 86 წლის მარსის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს Mars-ის ოჯახური ბიზნესი, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებსა და შინაური ცხოველების საკვებს აწარმოებს.
ხელოვნური ინტელექტის სფეროს სწრაფმა ზრდამ Forbes 400-ის წლევანდელ სიაში ახალი მილიარდერი ქალებიც შეიყვანა. 39 წლის დანიელა ამოდეი, Anthropic-ის პრეზიდენტი და კომპანიის ექვსი თანადამფუძნებლიდან ერთ-ერთი, მაისში განხორციელებული $65-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის შემდეგ Forbes 400-ის წევრი გახდა. ცნობისთვის, ამ რაუნდის დახურვით Anthropic-ის შეფასება $965 მილიარდამდე გაზარდა.
ამოდეის ქონება დაახლოებით $15.5 მილიარდად არის შეფასებული, რაც მას ამერიკის 75-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ის ასევე წლევანდელ სიაში მოხვედრილი ყველაზე მდიდარი ახალწვეული ქალია.
Forbes 400-ში შემავალი 10 უმდიდრესი ქალი:
| ადგილი | სახელი | ქონება | ასაკი | შტატი | ქონების წყარო | ფილანტროპიის ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| 13 | ელის უოლტონი | $118 მლრდ | 76 | ტეხასი | Walmart | 2 |
| 17 | ჯულია კოხი და ოჯახი | $84.6 მლრდ | 64 | ნიუ-იორკი | Koch, Inc. | 2 |
| 21 | ჟაკლინ მარსი | $50.3 მლრდ | 86 | ვირჯინია | ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები | — |
| 25 | აბიგეილ ჯონსონი | $41.6 მლრდ | 64 | მასაჩუსეტსი | Fidelity | 1 |
| 27 | მერილინ საიმონსი და ოჯახი | $36.6 მლრდ | 75 | ნიუ-იორკი | ჰეჯ-ფონდები | 5 |
| 30 | მელინდა ფრენჩ-გეიტსი | $34.6 მლრდ | 62 | ვაშინგტონი | Microsoft | 5 |
| 33 | მირიამ ადელსონი და ოჯახი | $33.5 მლრდ | 80 | ნევადა | კაზინოები | 2 |
| 34 | ელეინ მარშალი და ოჯახი | $32.2 მლრდ | 84 | ტეხასი | Koch, Inc. | 1 |
| 37 | ლინდალ სტეფენს-გრეტი და ოჯახი | $30 მლრდ | 51 | ტეხასი | ნავთობი და გაზი | — |
| 40 | მაქკენზი სკოტი | $27.9 მლრდ | 56 | ვაშინგტონი | Amazon | 5 |
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი













