"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა H&M?
კომპანია H&M შემოსავლის და გაყიდვების მიხედვით ტანსაცმლის სექტორში მსოფლიოში მეორეა, ის მხოლოდ INDITEX-ს (აერთიანებს “ზარას“, “ბერშკას“, “ოიშოს“, “სტრადივარიუსს“ და სხვა ბრენდებს) ჩამორჩება. 2019 წელს H&M-ის შემოსავალმა 27 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, მოგებამ კი 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 13 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 30 მილიარდ დოლარამდეა. H&M-ს 126 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
H&M-ის ისტორია 1947 წელს დაიწყო, როდესაც შვედეთში, ქალაქ ვესტეროსში შვედმა ბიზნესმენმა ერლინგ პერსონმა ქალის ტანსაცმლის მაღაზია “ჰენესი“ გახსნა. 1952 წელს მაღაზია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმშიც გაიხსნა.
“ჰენესის“ პირველი მაღაზია შვედეთს გარეთ 1964 წელს გახსნა, კერძოდ ნორვეგიაში. 1968 წლამდე “ჰენესი“ მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა. 1968 წელს პერსონმა მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია Mauritz Widforss შეიძინა. მაღაზიები გაართიანა და Hennes & Mauritz დაარქვა (შემოკლებით H&M, სადაც უკვე კაცის ტანსაცმელიც იყიდებოდა.
1973 წლიდან მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე კომპანიამ ცნობილი სახეების გამოყენება დაიწყო. პირველი იყო შვედურ ჯგუფ “აბბა“-ს წევრი ანი-ფრიდ ლიუნგსტადი.
კომპანიის გაყიდვები იზრდებოდა და 1974 წელს სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდა. 1976 წელს სკანდინავიის გარეთ პირველი მაღაზია ლონდონში გახსნეს.
ერლინგ პერსონმა კომპანიის მართვა, 1982 წელს მის შვილ სტეფან პერსონს გადააბარა, რომელიც მამაზე არანაკლებ წარმატებულად გაუძღვა ბიზნესს და დღეს შვედეთის ყველაზე მდიდარი ადამინია, 17.5 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით. 1982 წლიდან 2000 წლამდე, H&M-ის მაღაზიები დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გახსნა.
1990-იან წლებში, კომპანიას უკვე შეეძლო სარეკლამო კლიპებისთვის და პოსტერებისთვის ცნობილი მოდელები ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემპბელი და ქრისტი თარლინგტონი დაექირავებინა. ეს რეკლამები იმით იყო გამორჩეული, რომ იქამდე ცნობილი მოდელები მხოლოდ ე.წ. მაღალი კლასის (და შესაბამისად მაღალი ფასის) ტანსაცმლის რეკლამებში ჩნდებობდნენ.
H&M ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ონლაინ დაიწყო ტანსაცმლის გაყიდვა, ეს მოხდა 1998 წელს.
2000 წელს, კომპანიამ აშშ-ში, ნიუ იორკში, Fifth Avenue-ზე გახსნა პირველი მაღაზია. ეს ამბიციური ნაბიჯი იყო, რადგან აღნიშნულ ქუჩაზე მაღალი კლასის ბრენდების მაღაზიები იყო განთავსებული. H&M-მა მაღალი კლასების ბრენდებთან უშუალო კონკურენციას, თანამშრომლობა არჩია და 2004 წელს “შანელის“ მთავარ დიზაინერ, კარლ ლაგერფელდთან დაიწყო თანამშრომლობა. კოლაბორაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და H&M-მა სხვა ცნობილი კომპანიების დიზაინერებთანაც დაიწყო მუშაობა, როგორებიცაა Donatella Versace, Roberto Cavalli, Stella McCartney, Alexander Wang და სხვები. კომპანიის სლოგანი გახდა “მოდა და ხარისხი ერთ ფასში“ და ეს ფასი გაცილებით დაბალი იყო სხვა ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმლის ფასთან შედარებით.
აზიაში პირველი მაღაზიები H&M-მა 2007 წელს ჰონგ კონგში, შანხაიში და ტოკიოში გახსნა. აზიაში შესვლამ კომპანიის შემოსავლები სწრაფად გაზარდა. 2006 წელს შემოსავალი 9 მილიარდ დოლარამდე იყო, 2007 წელს 14.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამავე წელს ახალი ბრენდის COS-ის მაღაზიები გახსნა, რომლის ტანსაცმელიც H&M-თან შედარებით ძვირი ღირს. 2009 წელს 3 ბრენდი Monday, Monki და Weekday შეიძინა. 2009 წელსვე კომპანიას H&M Home შეემატა, რომელიც სახლის ნივთებს ყიდის.
დღეს H&M-ს 74 ქვეყანაში აქვს ჯამში 5 ათასზე მეტი მაღაზია. კომპანია გამორჩეულია იმითაც, რომ დირექტორთა საბჭოში უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. კომპანიის ძირითად მფლობელად კი სტეფან პერსონი რჩება 28%-ის წილის ფლობით.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024