სტრატეგიული მენეჯერი | + posts

სტრატეგიული მენეჯერი, პარალელური კლასის დამფუძნებელი.

როგორ ფიქრობენ ინოვატორები

როგორ ფიქრობენ ინოვატორები

გიფიქრიათ ოდესმე რით განსხვავდებიან ინოვატორები სხვა ადმიანებისგან, რატომ შეუძლია ერთს შექმნას ძალიან მაგარი კომპანია, იდეა ან პროდუქტი, მეორეს კი ამის უნარი არ შესწევს. რა არის ის საიდუმლო ინგრედიენტი, რაც ადამიანს სხვაზე კრეატიულს ჰქმნის? თუ ამ კითხვის პასუხად ფიქრობთ, რომ ინოვატორები უბრალოდ ასეთებად იბადებიან, ტვინის მარჯვენა სფერო მეტად აქვთ განვითარებული და ეს ყველაფერი გენეტიკის დამსახურებაა, მინდა გითხრათ, რომ ეს წარმოდგენა მეტწილად მცდარია. ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, შესაბამისად თითოეული ჩვენგანი შემოქმედია და შეგვწევს ძალა სხვადსხვა სფეროში შევქმნათ გამორჩეული ინოვაციები. ამისთვის კი საჭიროა, რომ დავარღვიოთ არსებული დოგმები, საზღვრები და ვიფიქროთ ჩარჩოებს მიღმა.

თუ ვთანხმდებით, რომ თითოეული ჩვენგანი შემოქმედია, მაშინ ერთად შევისწავლოთ როგორ ხდება ამ ნიჭის გაღვიძება და განვითარება. პირველი, ეს არის ასოციაციური ფიქრი ან უბრალოდ ასოციაცია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ცდილობენ ერთმანეთთან დააკავშირონ სრულიად განსხვავებული საგნები, იდეები ან პრობლემები, რაც მათ ახალი გზების აღმოჩენაში ეხმარება. აღნიშნულ ფენომენს ზოგიერთი მკვლევარი „მედიჩის ეფექტს“ უწოდებს, რაც დაკავშირებული ფლორენციელ მთავრებთან. მედიჩებმა ერთად შეკრიბეს და ერთმანეთს დაუკავშირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – ფილოსოფოსები, მხატვრები, არქიტექტორები, პოეტები და მეცნიერები. ამ ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთისთვის საკუთარი ცოდნის გაზიარება, სხვადასხვა სფეროების დაკავშირება და შექმნეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ეპოქა რენესანსი. მსგავსი აზროვნების მოდელს იყენებენ ინოვატორები, ისინი ერთმანეთს უკავშირებენ სრულიად განსხვავებულ, ხშირად წარმოუდგენელ საგნებს და ქმნიან ახალ მიმართულებებს.

კრეატიულობის განვითრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელი კომპონენტია კითხვების დასმა. ინოვატორები ხშირად არ ეგუებიან არსებულ სტატუს-კვოს, იკვლევენ როგორ არის არსებული სისტემები მოწყობილი? რატომ მუშაობენ ასე? როგორ შეიძლება მათი გარდაქმნა ან ჩანაცვლება? ამიტომ არასოდეს მოგერიდოთ კითხვების დასმა, მოიკვლიეთ, ეძიეთ, დაინტერესდით. რაც უფრო არაორდინალური და წარმოუდგენელია თქვენი კითხვა, მით უფრო მეტია შანსი, რომ რაიმე ინოვაციურ აღმოჩენას მიაგნოთ.

ინოვატორები არიან ასევე კარგი დამკვირვებლები. ისინი დეტალურად სწავლობენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს, აკვირდებიან მომხმარებელს, პროდუქტს, კომპანიას, ტექნოლოგიებს, რაც მათ ეხმარება ახალი ქცევების და ნორმების გამოვლენაში, ასევე ხელს უწყობს ინსპირაციული იდეების ფორმირებას.

კრეატიული პიროვნებები ბევრ დროს უთმობენ ადამიანებთან ურთიერთობას. მაგრამ ეს არ არის სტანდარტული სოციალური ურთიერთობები, მათ ჰყავთ საკმაოდ ფართო სანაცნობო წრე, ეძებენ განსხვავებულ იდეებს და შეხედულებებს, რაც მათ ეხმარება სამყაროს მრავალმხრივად აღქმაში, ეს კი თავის მხრივ ჰქმნის ახალ შესაძლებლობებს.

მეხუთე კომპონენტი არის ექსპერიმენტები. ინოვატორები მუდმივად სიახლეების ძიებაში არიან. ასე რომ, სცადეთ ახალი ნივთები, ეწვიეთ განსხვავებულ ადგილებს, მიიღეთ ახალი ინფორმაცია,  გამოსცადეთ თქვენი ჰიპოთეზები და აღმოაჩინეთ თქვენთვის აქამდე უცნობი სამყარო.

ზემოთ მოყვანილი ხუთი თვისება ადამიანს ეხმარება კრეატიულობის და შემოქმედებით აზროვნების განვითარებაში, მაგრამ ისიც საინტერესოა, გავარკვიოთ რა აძლევს ადამიანს მოტივაციას გახდეს ინოვატორი. ეს არის სურვილი შეცვალოს არსებული სტატუს-კვო და მზადყოფნა, რომ აიღოს რისკი საკუთარ თავზე, რაც საჭიროა ცვლილებების მისაღწევად. ინოვატორები ხშირად შთაგონებული არიან დიდი იდეებით, როგორც არის ”ისტორიის შექმნა“, “სამყაროს შეცვლა“ “რევოლუცია“ “საყვარელი საქმის კეთება“. ისინი არ ელოდებიან როდის გამოჩნდება პრობლემები არსებულ სისტემებში, უბრალოდ მუდმივად ფიქრობენ როგორ შეიძლება ყველაფრის უკეთ კეთება.

საბოლოოდ, თუ ვთანხმდებით, რომ ინოვაციები კარგია და თუ მოინდომებს ყველას შეუძლია გახდეს შემოქმედი, მაშინ იბადება კითხვა – რა გვაფერხებს, რომ გავხდეთ ინოვატორები? პასუხი მარტივია – შიში. შიში არსებულის დაკარგვის, შიში იმის, რომ შეცდომებს დაუშვებთ და დავმარცხდებით. ჩვენ გამომწყვდეული ვართ არსებულ ჩარჩოში და მივყვებით იმ დოგმებს, რაც ბიზნეს სკოლებში გვასწავლეს – ინფორმაციის დამუშავებაზე, ანალიზზე, დაგეგმვაზე და დისციპლინაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. გვეშინია დავსვათ არაორდინალური კითხვები, გავაჟღეროთ წარმოუდგენელი იდეები და ვიმუშაოთ იმ პროექტებზე, რომლის განხორცილებაც არვის სჯერა. იმის დაკარგვის შიში რაც გაგვაჩნია, ყველაზე დიდი შემაფერხებელია ჩვენი შემოქმედების გზაზე.

ამ საკითხზე ბევრი დაწერილა და კვალავაც დაიწერება, მე კი გურამ რჩეულიშვილის სიტყვებით დაგემშვიდობებით – “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“.

წყარო – The Innovators DNA

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin