ვარ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევარი, ვმუშაობ სან დიეგოს უნივერსიტეტსა და ახალ ეკონომიკურ სკოლა - საქართველოში.

საჯარო სექტორში დასაქმების ზრდის ეფექტი

საჯარო სექტორში დასაქმების ზრდის ეფექტი

ჩიკაგოს სკოლის წამყვანი ეკონომისტისი, ნობელი პრემიის ლაურეატი, მილტონ ფრიდმანი როდესაც ჩინეთში იმყოფებოდა, ერთ-ერთი ვიზიტის დროს დაინახა რომ 100 ადგილობრივი, კაშხალს აშენებდნენ ბარის გამოყენებით, მაშინ როდესაც იგივე საქმე უფრო ეფექტურად ერთ ადამიანს ბულდოზერის გამოყენებითაც შეეძლო შეესრულებია. როდესაც ფრიდმანმა ამის შესახებ, კომუნისტ ჩინოვნიკს ჰკითხა, პასუხად მიიღო რომ  ეს, არ იქნებოდა გონივრული, ვინაიდან ამ გზით უმუშევრობას გაზრდიდნენ, რაზეც ფრიდმანის პასუხი იყო, რომ მაშინ სჯობდა ბარების ნაცვლად კოვზებით ემუშავათ და ამგვარად მეტ ადამიანს დაასაქმებდნენ. ეს მოკლე ამბავი ზოგადი ილუსტრაციაა იმისა თუ როგორ შეიძლება მოხდეს რესურსების არასწორი მართვა, გადანაწილება, მაშინ როდესაც მოტივაციაა მხოლოდ მოკლევადიანი გეგმის შესრულება და არა გრძელვადიანი ეფექტი, ამ შემთხვევაში სარგებლის მაქსიმიზაცია.

ადამიანის შრომაზე მოთხოვნას ორი სექტორი – კერძო და საჯარო სექტორი ქმნის. ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რესურსების ეფექტური ათვისება მოხდეს, რათა განვითარების პროცესი დაჩქარდეს. ზოგადად ეკონომიკისთვის კარგია, როდესაც  ადამიანი საქმდება კერძო სექტორში და არა საჯარო სექტორში, ვინადიან ეს უკანასკნელი გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე მიუთითებს და ასევე მომატებულ კორუფციულ გარიგებებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში კორუფციის მაჩვენებლი 2 პუნქტით გაუარესდა. გარდა ამისა, პოლიტიკური ზეწოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანზე უფრო მარტივია. ზოგადად, გაზრდილი ბიუროკრატია სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩარევას გულისხმობს, სადაც კერძო ინვესტირებისთვის ნაკლები შესაძლებლობა რჩება, ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის.

რა თქმა უნდა, საჯარო სექტორში დასაქმებას გარკვეული პრიორიტეტები აქვს, მაგალითად მოკლევადიან პერიოდში მცირდება უმუშევრობა და ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამინები ნაკლებად მოწყვლადია კრიზისების დროს, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია, რატომ ცდილობენ სახელმწიფოები გაზარდონ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი. ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულმა ადამინებმა შეიძლება მოთხოვნა გაზარდონ კერძო სექტორის მიერ შექმნილ სხვადასხვა სერვისებზე და ამით დამატებითი სტიმული შექმნან ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. თუმცა ეს ხდება ჯანსაღი კონკურენციის და გამჭვირვალობის პირობებში, რაშიც საქართველოს სასურველი შედეგი ჯერ ვერ აქვს. ამიტომ, ერთადერთი რაშიც საჯარო სექტორი შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი, არის ის, რომ შექმნას სათანადო გარემო კერძო სექტორის განვითარებისთვის, დაეხმაროს მას გაიზარდოს, რაც ეფექტური დასაქმების პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა იქნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, საქართველოში  დასაქმების მაჩვენებელი სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში შემდეგნაირად არის გადანაწილებული (ცხრილი 1)

                   

ცხრილი 1:  დასაქმების განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით 2007-2019 (საქსტატი)

საქსტატის მონაცემებით ბოლო პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებული ადამინების მაჩვენებელი მცირდება,  მაგალითად 2017 წელს შემცირებულია – 1.58%-ით, 2018 წელს -2.04%, ხოლო 2019 წელს -0.28%-ით, მაშინ როდესაც საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების წილი ამ პერიოდში მზარდი იყო . შესაბამისად, 2017 წელს  გაიზარდა 4.19%-ით, 2018 წელს 5.34%-ით, ხოლო 2019 წელს შემცირდა 0.05%-ით, თუმცა არსებული მაჩვენებელი მაინც  მნიშვნელოვნად აღემატება 2011 -2014 წლის მონაცემს. აქვე ავღნიშნავ, რომ არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაში შედის თვითდასაქმებულებიც, მაშინ როდესაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამინებში მოიაზრება მხოლოდ დაქირავებით დასაქმებული ადამინები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო და თვითმართველ ორგანოებში. შესაბამისად, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებული მოხალეობის წილს თუ ავიღებთ, საქსტატის ბოლო სამი წლის მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების წილი დაქირავებით დასაქმებულ ადამინთა შორის შემდეგნაირია: 2017 წელს 34.43%, 2018 – 34.86%, 2019 – 35.28%. ამ მონაცემებით, აშკარად შესამჩნევია გაზრდილი ბიუროკრატია და რესურსების არასწორი მართვის მომატებული საფრთხე. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც საჯარო სექტორშია დასაქმებული, ჩვენი, გადასახადის გადამხდელების მიერ, არის დაფინანსებული. გამომდინარე აქედან, მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ეფექტიანობაზე მსჯელობა შეიძლება გაგრძელდეს მორალურობის თვალსაზრისით, რამდენად მორალურია ის, რომ მთავრობას საზოგადოების ნაწილიდან გადასახადების სახით ამოაქვს გარკვეული თანხა, რათა საზოგადოების მეორე ნაწილისთვის შექმნას გარკვეული მომსახურება, ამ შემთხვევაში სამუშაო ადგილი. მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში, ვთქვათ გერმანიაში, სადაც მთავრობის ზომა გაცილებით დიდია ვიდრე საქართველოში (ხარჯვის წილი მშპ-თან შეფარდებით) დასაქმებული ადამიანების წილი საჯარო სეტორში გაცილებით ნაკლებია. შესაბამისად, სავარაუდოა რომ მოკლევადიანი დასაქმების სტიმულის შესაქმნელად სახელმწიფო ცდილობს საჯარო სექტორში მეტი ადამინი დაასაქმოს ან არსებული შეინარჩონოს, რისი საჭიროებაც რეალურად არ არის, თუმცა აქაც პოლიტიკური სტიმული გადასწონის ეკონომიკურ ეფექტს, და საბოლოოდ მსგავსი პოლიტიკა გამოიწვევს სახელმწიფო სექტორის “გადატვირთვას“ რაც აუცილებლად უმუშევრობაში იქნება ასახული, და სამწუხაროა, რომ ამ არაეფექტურ პოლიტიკაში ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, თითოეული ჩვენგანის თანხები იხარჯება.

მიუხედავად გაზრდილი ბიუროკრატიის არაეფექტურობისა, “2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტში,  ვხედავთ რომ ადმინისტრაციულ ხარჯებში, შრომის ანაზღაურება  დაახლოებით 60 მილიონი ლარით იზრდება 2020 წელთან შედარებით, დაგეგმილი არ არის ხელფასების ზრდა, იგეგმება საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდა.  აქვე, თავდაპირველ, ფრიდმანის ამბავს გავიხსენებ და ვიტყვი, რომ რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს ეფექტურობის გაზრდას. კრიზისის შემდგომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რესურსის ეფექტური ხარჯვა მოხდეს, რის მცდელობასაც ამ კომპონენტში ნამდვილად ვერ ვხედავთ. გაზრდილი ბიუროკრატია, ისედაც მწირი რესურსების ფონზე, საიმედო პროგნოზის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი მეტად ჩაერთოს ეკონომიკური დოვლათის შექმნის პროცესში, რათა დასაქმების პოლიტიკა უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin