Forbes Georgia
ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
17 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახელზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენაბაა. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 3-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.
საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით 2025 წელს საქართველო 70-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის. 2025 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 31,352 PPP დოლარი იყო.
2024 წელს საქართველო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო 28,364 PPP დოლარით. 2023 წელს კი 74-ე ადგილზე იყო 24,952 დოლარით.
PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარში იზრდება. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა, 2025-ში კი 7.5%-ით. შესაბამისად, ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის მთავარი მიზეზი ეკონომიკური ზრდაა.
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში

ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ყველაზე მაღალი სინგაპურში იყო – 164,318 PPP დოლარი. 2025 წელს სინგაპურის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 152,966 PPP დოლარით. რეიტინგში მესამე ადგილზე ირლანდიაა, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 152, 632PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 50,255 PPP დოლარით (43-ე ადგილი მსოფლიოში). შემდეგ თურქეთი მოდის 44,110 PPP დოლარით (51-ე ადგილი მსოფლიოში). აზერბაიჯანში (25,795 PPP დოლარი, 76-ე ადგილი) და სომხეთში (24,870 PPP დოლარი, მე-80 ადგილი) ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია.
ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 994PPP დოლარია. შემდეგ მოდის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,438 PPP დოლარით და სამხრეთი სუდანი1,467 PPP დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით, 2025 წელი
| ქვეყანა | PPP დოლარი | |
| 1 | სინგაპური | 164,318 |
| 2 | ლუქსემბურგი | 152,966 |
| 3 | ირლანდია | 152,632 |
| 4 | კატარი | 120,114 |
| 5 | ნორვეგია | 111,545 |
| 6 | შვეიცარია | 102,096 |
| 7 | ბრუნეი | 93,731 |
| 8 | ტაივანი | 90,233 |
| 9 | აშშ | 89,991 |
| 10 | დანია | 86,094 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
