Forbes Georgia
პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო 21 ადგილით ჩამოქვეითდა

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 135-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
ქვეყნების მიხედვით პრესის თავისუფლების რეიტინგს შესაბამის ინდექსზე დაყრდნობით მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს. ბოლო კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოქვეყნდა, 180 ქვეყანას მოიცავს და 2025 წლის მდგომარეობას ასახავს.
ინდექსში ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ. 100 ქულა ნიშნავს მაქსიმალურად თავისუფალ პრესას, ხოლო 0 ქულა პირიქით, მაქსიმალურად შეზღუდულ პრესას. ქულების მინიჭების წყარო ექსპერტთა გამოკითხვა და რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემებია. ექსპერტები „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ შედგენილ კითხვარს ავსებენ. რაოდენობრივ მონაცემებში აღრიცხულია ჟურნალისტებზე ძალადობისა და საქმიანობაში ხელის შემშლელი ფაქტები. კითხვარი, რომელსაც მედიაექსპერტები ავსებენ, 87 კითხვისგან შედგება და მოიცავს მედიაპლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობას, მედიაგარემოს, თვითცენზურას, გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ინფრასტრუქტურას.
საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში
მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 40.77 ქულა მიენიჭა და ქვეყანამ 135-ე პოზიცია დაიკავა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით პრესა უფრო თავისუფალი 134 ქვეყანაშია. საქართველო 2024 წელს 114-ე ადგილზე იყო, ანუ საქართველო 21 ადგილით ჩამოქვეითდა. ბოლო 3 წელიწადში კი 58 ადგილით ჩამოქვეითდა.
რეიტინგში პოზიციის ვარდნა საქართველოს ქულის შემცირებამ განაპირობა, რომელიც 50.5-დან 40.77-მდე შემცირდა. საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ პრობლემატური ქვეყნების ჯგუფში ხვდება.
საქართველოს ქულა ყველაზე მეტად მედიის უსაფრთხოების ინდიკატორში გაუარესდა – 66.3-დან 44.9-მდე. შემდეგ მოდის სამართლებრივი (საკანონმდებლო) ინდიკატორი, სადაც ქულა 57.8-დან 46.9-მდე შემცირდა. შემცირდა დანარჩენი 3 ინდიკატორის ქულები, ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური.
ანგარიშში საუბარია, რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო მტრულია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი. ასევე, აღნიშნულია 2024 წელს მიღებული „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ კვლევების თანახმად, პრესის თავისუფლების მხრივ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ჰქონდა, 2013 წელს (ასახავდა 2012 წლის რეალობას) მე-100 ადგილზე იყო 69.9 ქულით, 2020 წელს კი მე-60 ადგილზე იყო 71.4 ქულით. თუმცა რეალურად ამ პროგრესს ადგილი ჰქონდა 2014-2015 წლებში, როდესაც საქართველოს ქულა 72.3-მდე გაიზარდა. შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ იცვლებოდა.
2022 წლის ანგარიშით (2021 წლის მდგომარეობა) საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად შემცირდა და, შესაბამისად, ქვეყანა 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს ქულა ყველაზე დაბალია ბოლო 13 წელიწადში და რეიტინგში საქართველო დღეს 35 ადგილით ქვემოთ არის, ვიდრე 2012 წელს იყო.
საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების რეიტინგში

საქართველოს ქულა პრესის თავისუფლების ინდექსში

პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები
პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 92.3 ქულა აქვს. ნორვეგია დემოკრატიის დონითაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 88.9 ქულით, ხოლო მესამეზე ესტონეთია 88.5 ქულით.
პრესის თავისუფლების დონით ტოპ-10-ში არაევროპული ქვეყნები ვერ მოხვდნენ.
საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს, 50-ე ადგილზეა 67 ქულით. თურქეთი 163-ე ადგილზეა 27.9 ქულით, აზერბაიჯანი 171-ე ადგილზეა 24 ქულით, ხოლო რუსეთი 172-ე ადგილზეა 23 ქულით.
რეიტინგში ბოლო, 180-ე ადგილს ერიტრეა იკავებს 10.2 ქულით, ბოლოდან მეორეზე კი ჩრდილოეთი კორეაა 12.7 ქულით, შემდეგ მოდიან ჩინეთი, ირანი და საუდის არაბეთი.
პრესის თავისუფლებით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | ნორვეგია | 92.7 |
| 2 | ნიდერლანდები | 88.9 |
| 3 | ესტონეთი | 88.5 |
| 4 | დანია | 88.5 |
| 5 | შვედეთი | 87.6 |
| 6 | ფინეთი | 86.2 |
| 7 | ირლანდია | 85.9 |
| 8 | შვეიცარია | 84.8 |
| 9 | ლუქსემბურგი | 84.1 |
| 10 | პორტუგალია | 83.7 |
წყარო: Reporters Without Borders, Press Freedom Index 2026
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
