"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

იძებნება: საერთაშორისო კრიმინალი ვლადიმირ პუტინი!

პეტრ2 (2)

სტატიის ასე დასათაურების ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ გავუშვებდი ხელიდან. გასაგებია, რომ აქედან რეალურ აღსრულებამდე კიდევ დროა და საფეხურები, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში პროცესები ისეთი სისწრაფით ვითარდება, დროც მოკლდება და საფეხურებიც მცირდება. ვინაიდან შარშან ამ დროს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში უკვე დაწყებული იყო და რუსული საოკუპაციო ჯარები უკვე სჩადიოდნენ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ორი წლის წინ ამ დროს რთული წარმოსადგენი იყო, გვენახა ახალი ამბები და იქ აღმოგვეჩინა გერმანიის იუსტიციის მინისტრის კომენტარი, თუ პუტინი გერმანიაში ფეხს შემოდგამს, აუცილებლად დავაკავებთ და ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადავცემთო. როგორც ჩანს, არა ყველასთვის! გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის და ალბათ კიდევ ბევრისთვის ნამდვილი შოკი იყო, როდესაც პუტინის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებამდე ზუსტად ორი წლით ადრე, 2021 წლის 17 მარტს!!!!! (ამბობენ, რუსები ყურადღებას აქცევენ თარიღებსო. ჰოდა მიაქციონ აგერ), ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკული „ეი-ბი-სი ნიუსის“ პოპულარულ ტოქშოუში „გუდ მორნინგ ამერიკა“ კითხვაზე პასუხად დაადასტურა: „დიახ, მე ვფიქრობ, რომ პუტინი მკვლელია და ის ამის ფასს გადაიხდის“! მაშინაც ასე იყო და ახლაც ბევრი შეიძლება იმკითხაოს კაცმა, პრეზიდენტ ბაიდენს წამოსცდა თუ არა ეს სიტყვები. მისმა ადმინისტრაციამ კი იზრუნა მალევე მისი გამონათქვამის „გაშალაშინებაზე“, მაგრამ… სათქმელი ნათქვამი იყო! წამოსცდა თუ არ წამოსცდა? ორივე ვერსიას თავისი დამცველები ეყოლება და შესაბამისი არგუმენტებიც მოიძებნება, მაგრამ რას ვხედავთ დღეს? პრეზიდენტი ბაიდენი ადასტურებს ისევ, რომ დიახ, პუტინი უნდა წარდგეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე; გერმანიის კანცლერი იაპონიაში ვიზიტის დროს, იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით ასევე აცხადებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, ხოლო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეებში ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია! რაკი მოგონებებზე წავიდა საქმე, ისიც გავიხსენოთ, როგორ „უმასპინძლა“ სერგეი ლავროვმა ევროპელ უმაღლეს დიპლომატს 2021 წლის 5 თებერვალს! მეც და ალბათ კიდევ ბევრს ძალიან მწარე გემო დაგვიტოვა მაშინდელმა ერთობლივმა პრესკონფერენციამ! ბატონი ბორელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების მომენტიდან მისი განცხადებები და დიპლომატიური აქტივობა გამორჩეულია ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში! როგორც გითხარით, ის დღესაც ძალიან ზუსტ, ხისტ და პრინციპულ პოზიციებს აფიქსირებს იმ დროს, როდესაც მის „დამბულინგებელ“ ლავროვს მეგობარ ინდოეთშიც კი დარბაზში ღიად დასცინიან, ხოლო გაერო-ს ჟენევის ფორუმზე დიპლომატები მას ზურგს აქცევენ და დარბაზიდან გადიან! არასწორ საქმეში, არასწორ მხარეს როდესაც დადგები, რაც უნდა დიდებულების მანტიით შემოსილი იყო (ასე იყო – ყველა ლავროვის ინტელექტზე და იუმორის გრძნობაზე საუბრობდა ერთ დროს), მოგიწევს პასუხისმგებლობის გაზიარება; თან ვისთან? უკრაინიდან ბავშვების!!!!! გატაცებაში ბრალდებულ საერთაშორისო კრიმინალთან.

თუმცა ეს მართლაც მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, მისი საბრალდებო დასკვნა რამდენიმე ათეული ტომისგან შედგება. უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, მას არც გერმანია დაუვიწყებს დღისით-მზისით ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის შეკვეთილ მკვლელობას; არც ნიდერლანდები – სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და არც დიდი ბრიტანეთი – ლიტვინენკოს მკვლელობას და სკრიპალების მკვლელობის მცდელობას, მაგრამ მანამდე მოდი, ემოციები გვერდით გადავდოთ და გავაანალიზოთ, რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში და რაზე შეიძლება იქონიოს გავლენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულმა ძიების განკარგულებამ.

დღეს ან ხვალ, წესით, უნდა გაირკვეს, რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებაზე ცისქვეშეთის კანცელარიის მბრძანებელი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (სავარაუდოდ, სიცოცხლის ბოლომდე) პრეზიდენტი სი ძინპინი. გავრისკავ და ვიტყვი, რომ ჩინური მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მის მბრძანებელს აარიდოს პირდაპირი პასუხი პირდაპირ კითხვაზე, არის თუ არა პუტინი საერთაშორისო დამნაშავე და ძებნილი. არა იმიტომ, რომ მას საერთაშორისო სასამართლოსი ეშინია და არც იმიტომ, რომ ვერ უპასუხებს, არ ვარ რომის სტატუტის წევრი და, შესაბამისად, არც მაგ გადაწყვეტილებას ვაღიარებო! არა, ეს ჩინეთისთვის ადვილი ვერსია იქნებოდა. არა, უბრალოდ ჩინეთისთვის ახლა კიდევ უფრო ძვირფასია საერთაშორისო ავტორიტეტი და კიდევ უფრო გაუფასურებული – პუტინის სიცოცხლე და რუსეთის ტერიტორიები. აგრეთვე, ცხადია, რომ ჩინეთის მიერ ცოტა ხნის წინ გახმიანებული ე.წ. 12-პუნქტიანი სამშვიდობო ხედვა რუსეთში უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკვე გაცუდებულ შესაძლებლობად უნდა ჩაითვალოს, ისევე როგორც ჩინეთის ყველა სამომავლო ინიციატივა, ანუ ჩინეთს ძალიან სწრაფად ესაჭიროება „ემერჯენსი“ სტრატეგიის შემუშავება.

რაც შეეხება ყბადაღებულ სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობას (რომელიც ახლა, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება პუტინს), თუ თვეების წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კრიმინალ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გზა საკუთარი ბრძანებულებით მოიჭრა, ახლა უკვე მას ამ მოლაპარაკების წნეხისგან 123 ქვეყნის მიერ აღიარებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ათავისუფლებს. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი სი ნამდვილად ვერ ეტყვის პრეზიდენტ ზე-ს, დაელაპარაკე კრიმინალ პუ-ს სამშვიდობო შეთანხმებაზეო! თუმცა პუტინისთვის და მთლიანად რუსეთისთვის საქმე კიდევ უფრო სერიოზულად არის, ვიდრე მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობაა. არსებული კანონმდებლობით, სულ რომ ხვალ შეწყდეს საომარი მოქმედებები და რუსეთმა მთელი უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარები (ესეც იქნება მალე), ვლადიმირ პუტინის ჰააგის სასამართლოზე წარდგენის გარეშე რუსეთს არ და ვერ მოეხსნება საერთაშორისო სანქციები. როგორც იტყვიან, #წერტილი! ანუ, სანქციების მოხსნის/შერბილების და გაუქმების საკითხი დღის წესრიგიდან მანამდე ვერ მოიხსნება, ვიდრე პუტინი არ აგებს პასუხს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე! ეს რას ნიშნავს? ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდ გზავნილს რუსი ოლიგარქებისთვის, სამხედრო და სადაზვერვო ელიტებისთვის, საშუალო ფენისთვის (თუკი ასეთი ჯერ კიდევ შემორჩა რუსეთში) და თავად კრიმინალი პუტინის უშუალო გარემოცვისთვის.

არ ვარ გულუბრყვილო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავიწყო რუსეთის ტელევიზიით და რადიოთი „გედების ტბის“ უწყვეტი ტრანსლაციის ლოდინი. თუმცა ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გააძლიერებს ზემოთ ჩამოთვლილ წრეებში შფოთს, ფიქრს და ხვალინდელ დღეზე ნერვიულობას, რამაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახადოს კრემლს შიგნით და მის შემოგარენში ხალიჩისქვეშა ბრძოლები და გაზარდოს თვითგადარჩენისკენ სწრაფვის ტემპები! მერწმუნეთ, სადაც ალუმინის ბარონმა, ოლიგარქმა დერიპასკამ გაბედა და კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე (ეს იყო ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე) ძალიან მძიმე სურათი დაუხატა რუსეთის მოქალაქეებს ამა წლის ზაფხულისთვის; სადაც ოლიგარქების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაბედა, გასულიყო მსხვილ მეწარმეთა კავშირიდან და ამით თავი აერიდებინა პუტინთან ყოველწლიური შეხვედრისთვის, იქაც სპეცსამსახურები უკვე ინტენსიურად განიხილავენ სხვადასხვაგვარ კადრებს მემკვიდრეობისთვის და თავად პუტინის სცენიდან გაყვანის გზებს. ცხადია, ამ ყველაფერზე აუცილებლად მოახდენს გავლენას გაზაფხული-ზაფხულის მანძილზე დაგეგმილი უკრაინული შეტევის შედეგები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახარებს ბევრს ცივილიზებულ სამყაროში და განაჩენის აღსრულებას დაუჩქარებს ბავშვების გატაცებაში ბრალდებულ საერთაშორისო ძებნაში მყოფ კრიმინალ ვლადიმირ პუტინს!

გააზიარე