გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე მმართველი პარტნიორი

სამი აქტის შედეგი - უმაღლესი განათლება, ბიზნესი და საზოგადოება

PS-UPD-W

პაატა შურღაია
ფინანსისტი, ასოცირებული პროფესორი

ჩემს პროლოგს გავხსნი რიტორიკული კითხვებით – რა გვჭირდება იმისათვის, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში მართლაც დაემსგავსოს უმაღლეს განათლებას? ან, ბურთი მეორე მხარეს გადავისროლოთ და ვიკითხოთ – რამდენად პრაგმატულია ისეთი ძვირფასი რესურსები, როგორიცაა ფული და დრო, რომ მივმართოთ და მოვიხმაროთ უმაღლესი განათლების მისაღებად?

პოლიტიკის შემქმნელებისგან ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველყოფის სახელით მრავალწლიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება ჩვეული ნორმაა. დამეთანხმებით, მსოფლიოში არასტაბილურობის, ყოველმხრივ ტურბულენტური მდგომარეობისა და დღის წესრიგის მუდმივი ცვალებადობის კუთხით, ეჭვქვეშ დგება ნებისმიერი გრძელვადიანი მიზნებით დასახული ამოცანების რეალიზება. სუბიექტური შეფასებით, მთავრობების მიერ გეგმების და სამიზნე ნიშნულების 10 წლიან პერსპექტივაში გაზომვა თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირულ და ყოველგვარი პრაგმატულობისგან დაცლილ ამბიციად მიმაჩნია. მიუხედავად ამ გარემოებებისა, გასული წელი საქართველოს მთავრობამ „განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2032“ დოკუმენტის შემუშავებას მიუძღვნა. სტრატეგიის დოკუმენტი ამ დრომდე პროექტად რჩება და აღსრულების დასაწყებად დღე-დღეზე ელოდება „მწვანე შუქურას“.

ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პროექტი საკმაოდ ვრცლად და კომპლექსურად აღწერს მიმდინარე გამოწვევებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე და გვთავაზობს მოვლენათა განვითარების მრავალფაზიან ნიშნულებს. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის დოკუმენტი, წინამორბედი ანალოგიური დოკუმენტებისგან განსხვავებით, კრიტიკულად აფასებს წარსულ გამოცდილებას და დაბეჯითებითა და მაღალი რწმუნებით გადის წარმატების 10 წლიანი გეგმის შედეგებზე, იგი, თავის მხრივ, ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს, უზუსტობებს და აღსრულების ნაწილში ტოვებს „ღია ნაღმის“ ეფექტებს.

მომავლის შეფასება რომ მხოლოდ არსებული მონაცემების ანალიზით არ შემოიფარგლება, კარგად მოგვეხსენება. ისტორიული რაკურსი ცხადყოფს განათლების სფეროში ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკის გატარებას. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე 17-ჯერ შეიცვალა განათლებისა და მეცნიერების ხელმძღვანელი პირი, ანუ საშუალოდ ყოველ 1,5 წელში-ერთი ახალი მინისტრი და, ალბათ, ამდენჯერვე განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, უმაღლეს განათლებას და, ზოგადად, თავისუფალ განათლებას, არც ფორმა უცვლია და არც შინაარსი. პარადიგმა განათლების მნიშვნელობაზე კვლავ რჩება ინდივიდის თავისუფლების, სოციალური კეთილდღეობისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარების მყარ გარანტად.

დღევანდელი განათლების პრობლემა არ მდგომარეობს პოლიტიკის დასახვაში ან იდეებისა და სამიზნე ნიშნულების არ ქონაში, ან აღიარებული პარადიგმის გადახვევაში, არამედ „პრობლემის კვანძი“ მის აღსრულებაში და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებშია, ვინაიდან დანიშნულების ადგილის მისაღწევად პროცესი უნდა იწვევდეს შედეგს და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პირიქით სურათს, როდესაც შედეგი მართავს პროცესს.

უმაღლესი განათლების 10 წლიან განვითარების გეგმას თან ახლავს 10 მნიშვნელოვანი სტატუს-კვო:

  1. დღეს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთმანეთისაგან თითქმის არაფერი განასხვავებს;
  2. 2004/5 წლიდან მოყოლებული (რეფორმის ტალღა) 18 წლის თავზე „საკმაყოფილო“ შედეგი ფაქტობრივად არ გვაქვს. დღეს ბიზნესი ყველაზე ნაკლებად ენდობა უმაღლეს განათლებას. თუ ადრე დიპლომის ქონა იყო განმსაზღვრელი ფაქტორი, დღეს ეს მეტად ტრივიალურია;
  3. მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდ ნაწილს კვლავ გააჩნია მონუმენტური დამოკიდებულება და „ის“ დღემდე რჩება მასის გულის მადლად, – თუნდ არაფერი ისწავლო, თან ფული გადაყარო, დროც ზედ მიაყოლო, მაგრამ „დიპლომი დიპლომია“ . ამ ფენომენს „დრომ ვერაფერი დააკლო“;
  4. დღეს უმაღლესი განათლების თანამედროვე ტრენდს პროგრამებში მძლავრად ვიწრო პროფილური აქტივობები (დისციპლინები) წარმოადგენს. ამით, მსგავსება „პროფესიულ სასწავლებლებთან“ და „ტრენინგ ცენტრებთან“ დიდია და, შესაბამისად, ნაკლებია ფოკუსი ფუნდამენტური, ღირებულებითი და მოთხოვნადი უნარების გამომუშავებაზე. შედეგად, ბიზნესს კადრთან ურთიერთობისას უწევს (ა) ჯერ ელიმინირებაში მოაქციოს ის, რაც მის გონებაში არასწორად ან ცუდად აღმოჩნდა და შემდგომ (ბ) შესძინოს ის პროფილური და პრაქტიკული ღირებულებითი ცოდნა, რომელიც ნამდვილად ესაჭიროება „თავისუფალ ბაზარს“;
  5. პროცესი – პროგრამის აკრედიტაციისა თუ დაწესებულებისათვის ავტორიზაციის მინიჭება – დაემსგავსა ფარსს. აი, ისეთ ფარსს სკოლებში რომ კარგად იზუთხება, უმაღლესი ქულები ენიჭება და მეორე დღეს აღარაფერი ემახსოვრება;
  6. ინდივიდის წარმატების, ანუ საზოგადოებაში რეალიზებისა და დამკვიდრების საწინდარი მისი პიროვნული (ინდივიდუალური) აქტებია. სამწუხაროდ, ამაში უმაღლესი განათლების კონტრიბუცია უმნიშვნელოა;
  7. დღეს ბიზნესი ყველაზე მეტად განიცდის კადრების დეფიციტს და გამოწვევად, როგორც არაკვალიფიციური (დამწყები ანუ unskilled), ისე კვალიფიციური (skilled) ტალანტების ყოლა რჩება;
  8. პროფესორ-მასწავლებლები, პროგრამასთან ერთად უნდა ქმნიდნენ დაწესებულების განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორებს, ანუ ე.წ. „ნოუ ჰაუ-სა და „გუდვილს“. დღეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (თქვენ განსაჯეთ), პროფესორ-მასწავლებლებს და პროგრამებს არ გააჩნიათ მიკუთვნება, ინდივიდუალიზმი და გარჩევადობა. ყველაფერი იყიდება;
  9. დღეს ბიზნესი საკუთარი ძალებით მართავს კადრების გადამზადების პროცესს და შიდა რესურსებით უმკლავდება ბაზრის მოთხოვნებს. ყველა სექტორულ ნაწილში არსებობს ინდივიდუალური ან ჯგუფური პრაქტიკული გადამზადების პროგრამები და შესაბამისი მოდულები;
  10. დღეს ისე, როგორც არასდროს, კვალიფიციური დარგობრივი ცოდნა ყველაზე მეტად ფასობს. მიუხედავად ამისა, გვაქვს სურათი, სადაც ერთ მხარეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები, მეორე მხარეს – საზოგადოება, მესამე მხარეს – საგანმანათლებლო დაწესებულებები, და სულ სხვა მხარეს – ბიზნესის ინტერესები. თითოეული ეს ინსტიტუცია გამოირჩევა დამოუკიდებელი და დახარისხებული მოქმედებებით.

მიკრო დონეზე განსახორციელებელი აქტივობების გვერდის ავლით გავდივართ 3 მაკრო და ფუნდამენტური საკითხის განხილვაზე, რაც მიზანშეწონილია, იყოს დოკუმენტის შემქმნელების მიერ განსჯადი. თემატიკის სტრატეგიულ დონეზე დაყენებით, მოდელი ქმნის შესაძლებლობას, აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და უზრუნველყოს მხარეთა შორის ინტერესების თანაბარი და ეფექტური განაწილება.

არსებული გარემოება სამი ძირეული და ინოვაციური ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქცენტს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ მეცნიერებაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული განათლების მიწოდება, რომელიც ორიენტირებულია ფუნდამენტური უნარების გამომუშავებაზე, ანალიზის მეთოდებზე, ქცევათა და მოქმედებების  ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, ემოციური ინტელექტის დონის ამაღლებაზე, ე.წ. ჰარდ და სოფტ უნარების სინთეზზე.

დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი უზრუნველყოფს მყარი საფუძვლების შექმნას.   

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ალიანსი ბიზნესთან. ყველა პროფილური/დარგობრივი დისციპლინების და პროგრამის მიმართულებების სრული აუთსორსის განხორციელება ბიზნესის მიერ – ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი, IT, ტურიზმი თუ სხვა დარგობრივი მახასიათებლების აღსრულების კუთხით. ერთის მხრივ, დაწესებულების მიზანი მიღწეულია პრაქტიკული და თანამედროვე ცოდნის განმტკიცებით, ხოლო, მეორეს მხრივ, ბიზნესი ნაკლები დანახარჯებით იღებს ტალანტებზე ექსკლუზიურ წვდომას და, რაც მთავარია, ტალანტებს აქვთ არჩევანი იმოქმედონ თავისუფალი ბაზრის პრინციპით.

შედეგად, მყარ ფუნდამენტზე ხდება მრავალპროფილური განათლების დაშენება.

გ) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიების ორ ნაწილად გაყოფით შეიქმნება, პირველი – პოლიტიკის განსაზღვრის მექანიზმი არსებული ინსტიტუციით, ხოლო მეორე – მისი ადმინისტრირება, შეფასება, აკრედიტაცია თუ ავტორიზაცია მოხდება დამოუკიდებელი და დაუინტერესებელი კერძო ინსტიტუციის მიერ (აუდიტორი თუ სხვა).

შესაბამისად, იქმნება მიუკერძოებელი და კონკურენტუნარიანი პროცესის უზრუნველყოფა.

აქ მოყვანილი ობიექტური ფაქტების, მათ შორის სუბიექტური მოსაზრებების, მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე რგოლის კრიტიკა, მითუმეტეს ერთეული ან ჯგუფურად პირების ქმედებების  ბრალეულობით შემოფარგვლა, არამედ, ამოცანაა „ევოლუციური“ ცვლილების აუცილებლობა და პროცესში ინტერესთა ჯგუფების სათანადო ინტეგრაცია-ჩართულობა.

გააზიარე