„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“

მედიაზღაპრები: ვინ ეტყვის მეფეს, რომ ის შიშველია?

მედიაზღაპრები: ვინ ეტყვის მეფეს, რომ ის შიშველია?

ჩვენ კომფორტის მოყვარული ხალხი ვართ. ოღონდ შრომით მიღწეული კომფორტის კი არა – გამოგონილის. ანუ, რაც ჩვენთვის კომფორტულია, ის შეგვიძლია გამოვიგონოთ და დავიჯეროთ. ისე, როგორც ზღაპრებშია.

საქმე მართლა ზღაპრულადაა: სადღეგრძელომ – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ აჯობა შეგონებას – „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ და სიმართლის მთქმელი და კრიტიკოსი  – ბრიყვად ან თავზეხელაღებულად შეირაცხა. ამ ფონზე და ამ დაკვეთით, თვით მედიაც ვეღარაა მოწოდებით კრიტიკული.

მსოფლიო ტენდენციაა, რომ მედიამ არა მარტო უნდა აღმოაჩინოს პრობლემა, არამედ გამოსავალი უნდა აჩვენოს. ქართული „ტრენდით“ კი საზოგადოებისთვის ორგანული გახდა პრობლემის  არა მოგვარება, არამედ „ფეხებზე დაკიდება“. ასე და ამგვარად, მრავალ ინიციატივას და საქმეს, რაც შრომასთან, პასუხისმგებლობასთან, ინოვაციებთან და გულანთებულობასთანაა დაკავშირებული, რეფრენად გასდევს საქმის ქილერების „რჩევები დაკიდებაზე“. ამიტომ, თუ პროფესიონალი ექიმი, იურისტი, ჟურნალისტი, ინჟინერი (იმედია, გვყავს კიდევ), პოლიტიკოსი (არ გვყავს, მაგრამ იყოს ჩამონათვალში) ხართ და პრობლემის მოგვარება და შედეგზე გასვლა გსურთ, ჯერ სწორედ ეს მკვლელი-კრიტიკოსები უნდა „დაიკიდოთ“.

ამ კონფიგურაციით (ყველა ყველას რომ იკიდებს) საქართველოში ნიჭიერ და მშრომელ ადამიანს  განსაკუთრებული და ზღაპრული მოქნილობა სჭირდება. ის კი არადა, სულ არ მიკვირს, ჩვენი ზღაპრის გმირები თავს რომ იშტერებენ და ნაცრის ქექვის პროცესშიც გადარჩენის იმ სტრატეგიაზე ფიქრობენ, მომავალში რომ გამოადგებათ. ეს მათ კარგად გამოსდით.

გამოსდით, გადარჩნენ გარემოში, სადაც 40 წლის „ბავშვების“ ინფანტილურობისა და უპასუხისმგებლობის გამო, საბოლოოდ არც ზარმაცი ნაცარქექიას ახალ უნარებს და გმირობებს აღიარებენ და, ბოლოს, მაინც ამ გმირის ტრანსფორმაციამდე არსებულ თვისებებზე – სიზარმაცეზე აკეთებენ აქცენტს. თითქოს ასე უფრო კომფორტულია მკითხველისთვის. პოპულარულ ქართულ ზღაპარში იყო სულელი, ნიშნავს – მოემზადო გადარჩენისთვის და გმირობისთვის. საქმე მარტო ჩვენს თვისებებში არაა. ზოგადად, ადამიანის გონებას მისთვის სასურველი ფსევდორეალობის შექმნა და თავის მოკატუნება ყოველთვის შეეძლო, მაგრამ ახლა მას ამაში აქტიურად სწორედ მედია ეხმარება. მედია, რომელიც მას უნდა აფხიზლებდეს.

სულ მგონია, რომ პლატონი გამოქვაბულის ალეგორიაში („სახელმწიფოდან“) მედიისა და მაყურებლის ასეთ ურთიერთობას აღწერს, როცა ცდილობს, აგვიხსნას, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც რეალობას სხვის მიერ დადგმული სცენებით და შუქ-ჩრდილებით აღიქვამს. რა მონდომებით გვირჩევს, გამოქვაბულის პატიმარი მზის სინათლეს  ნელ-ნელა შევაგუოთ, რომ ასე მისი გონება ნაჭუჭს მიღმა არსებულ რეალურ სამყაროს და სიმართლეს შეეჩვიოს.

ასეთი უხილავი „მედია“ ადამიანის ტვინში ყოველთვის არსებობდა. ის ქმნიდა და ამსხვრევდა ფსევდორეალობას გამოქვაბულებსა თუ სასახლეებში, ზღაპრებისა თუ მითების გავლით. ბავშვები აღარ ვართ და ვიცით, რომ ზღაპრები გამოგონილია, შეგვიძლია გამონაგონისა და რეალობის გამიჯვნა, მაგრამ ზღაპრის არქეტიპები მაინც ყველგან გვეჩეხებიან. ახლა ანდერსენის ერთი პატარა ზღაპარი (ჩვენში ცნობილი სათაურით „შიშველი მეფე“) გამახსენდა, რომელიც, სინამდვილეში, სწორედ პოლიტიკაზე, მედიაზე, შიშზე, განსაკუთრებულობაზე და „ივერიის გაბრწყინებაზე“, წარმოსახვით ეკონომიკურ წინსვლაზე, კონფორმიზმზე, სიყალბეზე, დაბოლოს, სიმართლის არა მარტო დანახვის, არამედ სიმართლის თქმის ძალაზეა.

სამეცნიერო წრეებში ამ ზღაპრის კრიტიკული ანალიზისას რობინსი და ჰოლინსი (1963) წერენ, რომ, როცა რაღაც რიგზე ვერაა სამყაროში, საჭიროა მხოლოდ გამბედავი, გამჭრიახი ინდივიდი, რომელიც ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. ანდერსენის ამ ზღაპრის პოპულარობა კი მიანიშნებს, რომ სიმართლე მიმზიდველია. სხვათა შორის, როგორც ეს მკვლევრები ამბობენ, ანდერსენმა ზუსტად გამოქვეყნების წინ შეცვალა პირველადი ვერსია და ბოლო სამ აბზაცში სიმართლის მთქმელი ბავშვის პერსონაჟი დაამატა.

ჩემი მეხსიერებიდან ეს ზღაპარი თავიდან ავაწყვე და ფაბულის დასაზუსტებლად მის თარგმანსაც ჩავხედე. ბავშვობის მოგონებებიდან ამომიტივტივდა ამ ზღაპრის ილუსტრაციაც: ორი თერძი, რომელიც დაზგასთან „მუშაობს“ და ქსოვილების გარეშე ჭრის და კერავს ფსევდორეალობას. მოკლედ, იყო ერთი მეფე, რომელსაც მატყუარა ფეიქრები ისეთი ტანისამოსის შეკერვას შეჰპირდნენ, რომელიც „უხილავი იქნებოდა ბრიყვთათვის და მათთვის, ვინც თავიანთ ადგილას არ სხედან“.   ამ  თავდაპირველი დათქმის და უხილავი სოციალური შეთანხმების გამო,  ყველა, ვინც სიმართლის თქმას გაბედავდა, განწირული იყო, მიწებებოდა ბრიყვის იარლიყი. თან ასე „თანამდებობისთვის შეუფერებლებიც“ გამოჩნდებოდნენ. თავის გამოსულელება ამ ზღაპარშიც თავდაცვის საშუალება ხდება: ბრიყვი რომ არავის ჰგონებოდა, სამეფოში ყველა თავს იშტერებდა და, საბოლოოდ, სახალხო ზეიმზე თვით მეფეც წარმოსახვით „ახალ ტანისამოსში“ გაჯგიმული ჩნდება. ანდერსენი პატარა ბავშვის პირით (რომელსაც არც თანამდებობა აქვს დასაკარგი და არც გარეშეფასების ეშინია) ამხელს თაღლითებს: ბავშვი ერთადერთია, ვინც ყვირის, რომ „მეფე შიშველია“. ხალხი ჯერ ჩურჩულებს, მერე კი სკანდირებას იწყებს: „მეფე შიშველია“. ის უბედური, გაჯგიმული მეფე ყველაფერს ხვდება, მაგრამ საზეიმო ცერემონიალის ბოლომდე შიშველი რჩება. ეს მისი არჩევანია.

ჩვენს რეალობას რომ დავუბრუნდეთ და ეს სცენარი გავიაზროთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მეტად მედიას შეუძლია, ერთი მხრივ, გააშიშვლოს პოლიტიკოსი და მეორე მხრივ,  დაარწმუნოს იგი, რომ საუკეთესოდაა „შეფუთული“.

მედიას შეუძლია, პოლიტიკოსი „წარმოსახვითი ტანსაცმლით“ შემოსოს ისე, რომ, ერთი მხრივ, მისი რეალური სახე აჩვენოს, დასცინოს და მეორე მხრივ, აუდიტორია დაარწმუნოს, რომ სიშიშვლე არ და ვერ უნდა შეიმჩნიოს. ამ „მედიაზღაპარში“ ჩვენ ყველანი „ზრდასრული“ მაყურებლის როლს ვირჩევთ და არა ბავშვის, რომელიც სიმართლეს არ უფრთხის.

ჩვენ გარესამყაროს მედიის თვალით ვაკვირდებით და მედიისგან ველოდებით იმის დადასტურებას, რასაც ისედაც ვხედავთ.  არადა, ჩვენც ვიცით, რომ ყოველდღიურ მედიაზღაპარში „გაჯგიმული მეფეც“ შიშველია, მისი „მსახურნიც“ და  „ტაშისმკვრელებიც“; ვხედავთ, რომ პოლიტიკაში, სეზონურად, არარსებული მატერიებით შეკერილი მაღალი მოდის ჩვენებებია  წარმოდგენილი, სადაც სიშიშვლე გამჭვირვალობადაა შერაცხული და დაცინვა – დემოკრატიად.

თქვენი არ ვიცი და მე ვფიქრობ, რომ სწორედ მედია უნდა გახდეს ის გამბედავი „ბავშვი“, სიმართლის თქმას რომ შეძლებს, ყოველ ჯერზე პირველი იყვირებს, რომ „მეფე შიშველია“ და სხვებსაც აიყოლიებს.

განა სხვა რა არჩევანი გვაქვს?

ან იქნებ მორიგ ჯერზე „დავიკიდოთ“?

უბრალოდ, ისმის კითხვა: როდემდე?

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin