"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

ნაღდი ფული და არაფერი სხვა!

გიორგი არონია - ბლოგი2

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ნაღდი ფულის სახით გაიცემა – ეს ამ სოციალური გადანაწილების სისტემის ქვაკუთხედია. ამავდროულად, არსებობს ისეთი სოციალური პროგრამებიც, რომლებიც საყოველთაო საბაზისო შემოსავლის სხვა პრინციპებს ეყრდნობიან, გარდა ზემოთ ხსენებულისა. სინამდვილეში კი, ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, განსხვავება, სოციალურ პოლიტიკას არსობრივად ცვლის. მოდი, საკითხი ასე დავსვათ: რა ფორმით უნდა გაიცეს სოციალური დახმარება – ნაღდი ფულით თუ კონკრეტული პროდუქტებითა და სერვისებით?

მსოფლიოს ბიუროკრატები თანხმდებიან, რომ ღარიბი და უმუშევარი მოსახლეობისთვის ნაღდი ფულის დარიგება არ შეიძლება. ამის გამო, სახელმწიფოები სოციალური დახმარების სახით მოქალაქეებს პურის, ხორცისა და ტანსაცმლის ტალონებს აძლევენ, ბინის ქირას ან კომუნალურ გადასახადებს უხდიან და პროდუქტებსა და სერვისებს ასუბსიდირებენ. ხშირად, ნაღდი ფულის მიმართ უნდობლობა რამდენიმე ამოსავალ დებულებას ეყრდნობა:

  1. ნაღდი ფულის სახით გაცემულ დახმარებას ადამიანები მათთვის საზიანო ქმედებების დასაფინანსებლად იყენებენ – მარტივად რომ ვთქვათ, ამ ფულით ისინი ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკებს ყიდულობენ;[1]
  2. ნაკლებად განათლებულ ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ;[2] და
  3. ნაღდი ფულის სახით გაცემული სოციალური დახმარება მასზე დამოკიდებულებას იწვევს.[3]

ცხადია, რომ ეს დებულებები პატერნალიზმს ეფუძნება – სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის ფორმას, რომელიც სახელმწიფოს მშობლის რანგში აყენებს და მოქალაქის მიმართ ზრუნვას ავალდებულებს. ადამიანთა გარკვეულ წრეებში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს პატერნალისტური მიდგომა და მასთან ასოცირებული სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამები სიღარიბის დაძლევის უებარი საშუალებაა. სინამდვილეში კი სამივე ზემოთ ხსენებული  ამოსავალი დებულება მცდარია – ეს მსოფლიოს რიგ ქვეყნებში სხვადასხვა მეთოდით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა და საპილოტე პროგრამებმა დაამტკიცეს. მოდი, ისინი დეტალურად მიმოვიხილოთ.

რამდენიმე წლის წინ, ლიბერიაში, მკვლევრებმა ალკოჰოლის ტყვეობაში მყოფ უსახლკარო მამაკაცებს, რომლებიც თავს ნარკოტიკებით ვაჭრობითა და ქურდობით ირჩენდნენ, ორას-ორასი დოლარი დაურიგეს. როგორც აღმოჩნდა, ნაღდი ფულის მიმღებების მიერ იარაღის ტარების ალბათობა 55%-ით შემცირდა, ხოლო ნარკოტიკებით ვაჭრობის ალბათობამ 47%-ით იკლო.[4] ნაღდი ფულის ფლანგვის საკითხს მსოფლიო ბანკის მკვლევრები დევიდ ევანსი და ანა პოპოვა აკადემიურად მიუდგნენ: მათ ცხრამეტი რაოდენობრივი კვლევა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ნაღდი ფულის სახით გაცემულ გრანტებს ე. წ. „მაცდური პროდუქტების“ მოხმარებაზე გავლენა არ მოუხდენია, ან პირიქით, ამ პროდუქტების მოხმარებამ იკლო.[5]

2013 წელს, უგანდის ჩრდილოეთში, ნაღდი ფულის გაცემის მორიგი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან ორ-ოთხ წელიწადში, მონაწილეთა 74% უნარების გასავითარებელ კურსებზე სწავლობდა, ხოლო მათი შემოსავალი საშუალოდ 40%-ით გაიზარდა. ამ დროს, სამუშაო ძალაში ჩართულობამ 17%-ით იმატა, ხოლო კეთილდღეობის სუბიექტური აღქმა 14%-ით გაუმჯობესდა.[6] მექსიკაში ნაღდი ფულისა და სხვაგვარი სოციალური დახმარების ეფექტიანობის შედარებისას გაირკვა, რომ პროგრამის ბენეფიციარები მიღებული შემოსავლის უდიდეს ნაწილს საკვებში, განათლებაში, სამედიცინო სერვისებსა და ჰიგიენურ პროდუქტებში ხარჯავდნენ. სხვათა შორის, ალკოჰოლის მოხმარებამ არც მექსიკაში იმატა, ხოლო თამბაქოს მოხმარებამ – იკლო.[7]

ეს ტრენდი იკვეთება არა მხოლოდ განვითარებად საზოგადოებებში, არამედ ლონდონშიც – მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში. ბრიტანელმა მკვლევრებმა თხუთმეტი უსახლკარო მამაკაცი მოიხმეს და თითოეულს სამი ათასი გირვანქა  სტერლინგი მისცეს. გრანტის მიმღებები სხვადასხვა კურსზე ჩაეწერნენ, თავიანთი ოჯახების მოსანახულებლად წავიდნენ და ზოგადად, მომავალზე ფიქრს მიჰყვეს ხელი. შვიდმა მათგანმა ეს თანხა საცხოვრებელს მოახმარა, რომელშიც მათ თერთმეტ თვემდე დაჰყვეს.[8] თუმცა ლონდონში ჩატარებული ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო მიგნება – მისი ეკონომიურობაა. მთელი ეს პროექტი თემებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დეპარტამენტს ორმოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, როცა ერთი წლის განმავლობაში, ერთი უსახლკარო ადამიანის სოციალურ უზრუნველყოფაზე და საპოლიციო, სამართლებრივი და სხვა ხარჯების დასაფარად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საშუალოდ ოცდაათი ათას გირვანქა სტერლინგს ხარჯავს.[9]

ნაღდი ფულის სახით გაცემული სოციალური პროგრამების ეკონომიურობა სხვა ექსპერიმენტებითაც მტკიცდება. ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში, მაგალითად, 166 დოლარის ღირებულების საქონლის გადაცემაზე 331 დოლარი იხარჯება,[10] ხოლო რუანდაში, ერთი მაკე ფურის ჩუქების ღირებულება სამი ათას დოლარს უტოლდება![11] მსოფლიო ბანკის მკვლევარმა თანაბარი ღირებულების მქონე შესაწირავების შესახებ დაწერილი ოთხი აკადემიური ნაშრომი შეისწავლა და დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, შეწირულობა ნაღდი ფულის სახით რომ გაცემულიყო, ისინი 23%-მდე მეტ ოჯახს დაეხმარებოდნენ.[12]

ის დაშვებები, რომელთაც სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ემყარება – მცდარია. დასკვნა კი ერთია: გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, თუ რა ფორმით გაიცემა სოციალური დახმარება, სრულად უნდა დაეყრდნოს ემპირიულ ცოდნას და ჩამოშორდეს მოკლე და გრძელვადიან პოლიტიკურ ამბიციებს.

ადამიანებს ნაღდი ფული სჭირდებათ და არაფერი სხვა!

 

წყაროები:

[1] Banerjee, A., Niehaus, P., & Suri, T. (2019). Universal Basic Income in the Developing World. Annual Review of Economics, 959-983, pg. 962.

[2] Blattman, C., & Niehaus, P. (2014, May/June). Show Them the Money. Foreign Affairs. Retrieved from https://www.foreignaffairs.com/articles/show-them-money

[3] Currie, J., & Gahvari, F. (2007, December 17). Why In-Kind Benefits? VOXEU CEPR. Retrieved from https://voxeu.org/article/why-kind-benefits.

[4] Blattman, C., Jamison, J., & Margaret, S. (2017). Reducing Crime and Violence: Experimental Evidence from Cognitive Behavioral Therapy in Liberia. The American Economic Review, 107(4), 1165-1206. Retrieved from https://www.jstor.org/stable/44251590?seq=1

[5] Evans, D. K., & Popova, A. (2014). Cash Transfers and Temptation Goods: A Review of Global Evidence. The World Bank. Retrieved from https://openknowledge.worldbank.org/bitstream/handle/10986/18802/WPS6886.pdf?sequence=1&isAllowed=y

[6] Blattman, C., Fiala, N., & Martinez, S. (2013). The Economic and Social Returns to Cash Transfers. New York: Columbia University. Retrieved from http://cega.berkeley.edu/assets/cega_events/53/WGAPE_Sp2013_Blattman.pdf

[7] Cunha, J. M. (2014). Haushofer_Shapiro_Policy_Brief_UCT_2013. American Economic Journal, 6(2), 195-230. Retrieved from https://pubs-aeaweb-org.ie.idm.oclc.org/doi/pdfplus/10.1257/app.6.2.195

[8] Hough, J., & Rice, B. (2010). Providing Personalised Support to Rough Sleepers. London: Joseph Rowntree Foundation. Retrieved from https://www.jrf.org.uk/report/providing-personalised-support-rough-sleepers

[9] Department for Communities and Local Government. (2012). Evidence Review of the Costs of Homelessness. London: Department for Communities and Local Government. Retrieved from https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/7596/2200485.pdf

[10] იხ. მეორე წყარო.

[11] Rawlins, R., Pimkina, S., Barrett, C. B., Pedersen, S., & Wydick, B. (2014, February). Got Milk? The Impact of Heifer International’s Livestock Donation Programs in Rwanda on Nutritional Outcomes. Food Policy, 44, 202-213. doi:10.1016/j.foodpol.2013.12.003

[12] Gentilini, U. (2016). Revisiting the “Cash versus Food” Debate: New Evidence for an Old Puzzle? World Bank Research Observer, 31(1), 135-167. Retrieved from http://hdl.handle.net/10986/27701

გააზიარე