ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

კაპიტალიზმი და რელიგია: I ნაწილი

Forbes-WEB-22042008

მუქთად არავისი პური არ გვიჭამია, არამედ
დღედაღამ  შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ
რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით.

II თესალონიკელთა 3:8

არსებობს თითქოს ნაკლებად ურთიერთდაკავშირებული სფეროები, რომელთა შორიც მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი შეიძლება მკაფიოდ არ ჩანდეს. მოდი, ვიფიქროთ, თუ რა კავშირი შეიძლება იყოს კაპიტალიზმსა და რელიგიას შორის. ამისთვის გთავაზობთ ბლოგების მინი-სერიას, რომელშიც ვეცდებით, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რამდენად თავსებადია კაპიტალიზმი ქრისტიანობასთან?
  • ქრისტიანულმა ესქატოლოგიამ დაიმატა „აქ და ახლა“ განზომილება?
  • როგორ ჩამოყალიბდა ქრისტიანების გავლენით შრომის დღევანდელი ეთიკა?
  • როგორ განაპირობა ქრისტიანობამ კაპიტალიზმის, როგორც ეკონომიკური სისტემის გაჩენა (სავარაუდოდ, კაპიტალიზმის – ისეთის, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ – გაჩენა იყო რეფორმაციის პროცესის უნებური შედეგი.);
  • იცვლებოდა, იცვლება და შეიცვლება ბიზნესმოდელები და ტექნოლოგიები. არ შეცვლილა, არ იცვლება და არ შეიცვლება კაპიტალიზმის ფუნდამენტური შიგთავსი, imhoრატომ?;
  • დიდება (ჰუმანური სახის მქონე) კაპიტალიზმს! რატომ?

დასაწყისისთვის, გავიხსენოთ ის რეალური, ისტორიული ფაქტები,  რომლებიც  ცხადად ასახავს სამონასტრო ორდენების თუ საერო მორწმუნეების მეწარმეულ სულისკვეთებას. დავიწყებ შორიდან, რადგან ეს „შორიდან“ ძალიან ხშირად განაპირობებს „დღევანდელს“. მაშ ასე, უკვე მე-13 საუკუნეში ცისტერციანთა სამონაზვნო ორდენი რეალურად იყო დღევანდელი ვენჩურული კაპიტალისტი, რომლის სპეციალიზაციას მარცვლოვანი კულტურები შეადგენდა.  მსოფლიოში პირველი ფორვარდ-კონტრაქტები (ხორბალზე) სწორედ ცისტერციანელმა ბერებმა და მონაზვნებმა შეადგინეს. ჰოლანდიელი, შვეიცარიელი და შოტლანდიელი კალვინისტები უკვე მე-16 და მე-17 საუკუნეში სოლიდური მეწარმეები იყვნენ. ბევრი ინგლისელი კვაკერიც – რომლებიც იდეალებს ემსახურებოდნენ თავიანთი პაციფიზმით, მონობის წინააღმდეგ ბრძოლით და ქალებისთვის საარჩევნო ხმის მიცემის მხარდაჭერით – ამავე დროს მსხვილი ინდუსტრიალისტი იყო. მათი ბიზნესი დღესაც გრძელდება: Cadbury-ის ოჯახი – ინგლისური შოკოლადი (იგივე Cadbury Schweppes), Barckley-ის ოჯახი – ინგლისური ბანკი, Lloyd-ის ოჯახი – ინგლისური ბანკი და საზღვაო გადაზიდვების დამზღვევი, დღეს კი Lloyd-თან შეგიძლიათ დააზღვიოთ პრაქტიკულად ყველაფერი. მართლმადიდებლურ ქვეყანაშიც, კონკრეტულად კი რუსეთის იმპერიაში, არსებული მცირე კომერციული ფენის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ სტაროვერები. ამის დამადასტურებლად, მხოლოდ პირველი გილდიის ვაჭარის, ინდუსტრიალისტის და ფილანთროპის, სავა მოროზოვის სახელიც კმარა.

ორიოდე სიტყვით კაპიტალიზმის ტრიუმფზე. კაპიტალიზმის ტრიუმფალური სვლა დაიწყო მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. შეიძლება ითქვას, 1848 წლის რევოლუციებიდან და სახალხო მღელვარებებიდან. ჩამოყალიბდა პირველი ბურჟუაზიული რეგიონები ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში – ბელგიაში, ჰოლანდიასა თუ შოტლანდიაში. ამის პარალელურად შეიქმნა დიდი კაპიტალისტური  სახელმწიფოები – აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კაპიტალიზმის სვლის პირველი ეტაპი 1914-1918 წლების დიდი ომის აგონიამ დაასრულა. ამ ომის დამთავრების შემდეგ კაცობრიობა გადაეშვა ზერადიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიების უფსკრულში. იყო შემაშინებელი პერიოდი,  რომლის დროსაც თითქოს ჩანდა, რომ ნაციონალიზმი და რასიზმი თავისი უკიდურესი ფორმით – ნაციზმი პლუს სახელმწიფო კაპიტალიზმი – მთელ მსოფლიოში ჩაანაცვლებდა დემოკრატიას და თავისუფალ ბაზარს. მეორე და კიდევ უფრო საშიში საფრთხე იყო საბჭოთა სოციალიზმი. ეს საფრთხე განსაკუთრებით რეალური იყო დიდი დეპრესიის პერიოდში (1929-1933 წწ), როდესაც საერთოდ საეჭვო გახდა კაპიტალიზმის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემის სიცოცხლისუნარიანობა. აშშ-ის ეკონომიკის მკვეთრი შეკუმშვის ფონზე ძალიან  წარმატებული ჩანდა საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია (დასავლეთში არავინ იცოდა, თუ რა ტრაგიკულ ფასად ხდებოდა ინდუსტრიალიზაცია – საბჭოთა კედლის მიღმა არაფერი ჩანდა). ყველაზე საშიში კი ის იყო, რომ გამოჩნდა კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის ალტერნატივა – ბოლშევიკური სოციალიზმი, რომლის საბოლოო გაჩერება იქნებოდა კომუნიზმი. იმ დროს სულაც არ ჩანდა, რომ საბჭოთა სოციალიზმი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, დამარცხდებოდა. მის კოლაფსამდე ჯერ კიდევ გრძელი 70 წელი რჩებოდა.

კაპიტალიზმის ტრიუმფალური სვლა განახლდა 1945 წლიდან, მეორე დიდი ომის ფერფლიდან და ნანგრევებიდან და გრძელდება დღემდე. მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზარდა, ვაქცინაციის წყალობით გადარჩა მილიონობით ბავშვი, მოხდა გარღვევები ფუნდამენტურ მეცნიერებებში, მთელ მსოფლიოში (არამარტო აშშ-სა და ევროპაში), ასეულობით მილიონმა ადამიანმა მიაღწია მატერიალური კეთილდღეობის ისეთ დონეს, რომელზეც მათი მშობლები ვერც კი იოცნებებდენ.

და ყოველივე ზემოთქმულში სად არის ბმა რელიგიასთან? ამ და სხვა კითხვებს ვეცდებით, შემდეგ ბლოგებში ვუპასუხოთ.

გააზიარე