PhD in Social Sciences (Free University); Founder and Director at LTD ,,Somi"; Former Member of Parliament (1995-2016), Former Vice-Speaker;

რა დააკლო კალაძემ და „მეოცნებე“ მთავრობამ საქართველოს ენერგეტიკას

მიხეილ მაჭავარიანი1

2021 წლის შემოდგომა ენერგეტიკულ ბაზარზე საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ევროპისთვის რუსეთიდან გასაგზავნმა გაზის ფასმა 1000 აშშ დოლარზე (1000 მ3) მეტი შეადგინა. 2021 წლის ოქტომბერში კომპანია ,,გაზპრომი“ ბუნებრივ აირს ევროპის ბაზარზე 1200-დან 1650 დოლარის ფარგლებში ყიდდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ცვალებადია, აღნიშნულის ზრდა იმოქმედებს ელექტროენერგიის ფასის გაძვირებაზეც.

ეს დიდი გამოწვევაა საქართველოსნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნის  როგორც კომერციული სექტორისთვის, ასევე მოსახლეობისთვის, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე იზრდება. ოქტომბერში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და  633 000 ადამიანი შეადგინა (2021 წლის სექტემბრის მონაცემით[1]). მოსახლეობას სულ უფრო და უფრო უჭირს გაძვირებული გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა. ამავდროულად, გაძვირდა პროდუქტები, ინფლაცია ოქტომბრის მონაცემით 12,8%-ია. ამ ფონზე კი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს (15.10.2021), რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 400 000 ადამიანმა შეძლო სიღარიბის დაძლევა. ან მინისტრს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ან საქართველოს მთავრობა შეგნებულად ცდილობსარსებული მძიმე სოციალური ვითარების შელამაზებას.

2021 წელს, საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, თბილისის მერის, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის სიტყვები – ,,შეიძლება რაღაც დავაკელი“ – ფრთიან გამოთქმად იქცა ქართულ საზოგადოებაში. სტატიაში შემოგთავაზებთ ჩვენს მოსაზრებებს, თუ რა შეცდომები დაუშვა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  და რა დააკლო  საქართველოს ენერგეტიკას 2012 წლიდან 2021 წლამდე.

2017 წლის დეკემბერში, საქართველოში, ,,ქართული ოცნების” მთავრობამ საზეიმოდ გააუქმა ენერგეტიკის სამინისტრო იმ საბაბით, რომ შემცირდებოდა მმართველობითი ხარჯები. თბილისის მერი, კახა კალაძე ენერგეტიკის უკანასკნელი მინისტრი იყო. 2012 წლიდან კი, მაშინ როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს კახა კალაძე მართავდა, ჩვენ ვხედავდით მხოლოდ კარგად ორგანიზებულ პიარს, ვინაიდან 2004-2012 წლებში საქართველოს ენერგეტიკაში ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა და ძირეულად შეიცვალა ენერგეტიკის საფუძვლები, კალაძეს ფაქტობრივად მოუწია ამ გატარებული სამუშაოების შედეგებზე ,,ტრიუმფალური სვლა“. დღეს კი, სამწუხაროდ,  ვიმკით იმ შედეგებს და ზარალს, რაც მინისტრის არაპროფესიონალიზმითა და პიარ-კეკლუცობით  მიადგა ჩვენს ქვეყანას.

ენერგეტიკის სფეროში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არათუ თანამიმდევრული, არამედ არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია.  ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ენერგეტიკაზე, მთავრობის მხრიდან, მხოლოდ ერთი განცხადება მოვისმინეთ. ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის განცხადება, რომ საქართველოში დიდმა ჰესებმა თავისი თავი ამოწურეს.  როდესაც პრემიერის მთავარი მრჩეველი გვეუბნება, რომ დიდ ჰესებზე უარი უნდა ვთქვათ, მაშინ უნდა წარმოადგინოს ხედვა, სტრატეგია, თუ რის ხარჯზე უნდა გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია, ან რა ალტერნატივით უნდა ჩანაცვლდეს ის; ანუ მთავრობისა და ჰუდაკის შემოთავაზებაა, რომ ის დისბალანსი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში გამომუშავებულ და მოხმარებულ ელექტროენერგიას შორის, მთლიანად შევიძინოთ სხვა ქვეყნებისგან, ძირითადად რუსეთისგან; რატომ რუსეთი? იმიტომ, რომ 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 98% რუსეთის ფედერაციიდან მოდის.[2] ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური პირდაპირ რუსეთის, ან სხვა მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკას გააძლიერებს. აქვე შეგახსნებეთ, რომ სლოვაკეთის ელექტროენერგიის 55%-ს ატომური სადგური აწარმოებს. ბატონი ჰუდაკი რამეს ხომ არ გვთავაზობს ამ მიმართულებით? და რაც ყველაზე საინტერესოა, არაფერი გვსმენია, იზიარებს თუ არა საქართველოს პრემიერი თავისი ეკონომიკური მრჩევლის ხედვას და თუ ის ამას იზიარებს, მაშინ რით ვაპირებთ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც კახა კალაძის მინისტრობის დროს დაიწყო?

თბილისის მოქმედი მერის, ენერგეტიკის უკანასკნელი მინისტრის, კახა კალაძის ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის, მის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობისა და დღეს არსებული სიტუაციის შესაფასებლად, გვინდა რამდენიმე ფაქტზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება.

დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს  ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ტარიფები ხელოვნურად იყო გაბერილი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ის 1/3-ით გააიაფებდა მათ. თუმცა, სამწუხაროდ, საპირისპიროდ მოხდა. 2017 წელს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტარიფები გაიზრდებოდა.

კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროინდელი ,,სიკეთე“ რამდენიმე რიცხვში შემიძლია მოგახსენოთ: საქართველო ელექტროენერგიის იმპორტში 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 432 მლნ აშშ დოლარია გადახდილი, ვინაიდან საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია არ ყოფნის მოხმარებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტში დაიხარჯა 37 მლნ აშშ დოლარი. ძალიან მძიმეა რიცხვები, თუ რამდენი თანხა იხარჯება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ რესურსი მოხმარდეს ენერგეტიკის განვითარებას, ის საქართველოდან  უცხოეთში წარმოებული ელექტროენერგიის შესაძენად გადის.

წინამდებარე ცხრილში მოცემულია ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯული თანხები.

ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯული თანხა

წყარო: ბიზნეს მედია ჯორჯია

ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ეს თანხები არ არის არც კალაძის, არც  პრემიერ ღარიბაშვილის და არც, მით უმეტეს, მილიარდერი ივანიშვილის. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, არის საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან, გადასახადების სახით ამოღებული ფული, რომელიც საქართველოს ენერგეტიკას კი არ ხმარდება, არამედ, პირველ რიგში, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკას. რატომ რუსეთი? იმიტომ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 171%-ით გაიზარდა. ანუ, ჩვენ, –  საქართველო –  ოკუპანტ ქვეყანაში რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ვუშვებთ იმ ელექტროენერგიის შესაძენად, რომელიც კახა კალაძის მინისტრობის დროს, არასწორი მენეჯმენტისა და მისი არაპროფესიონალიზმის გამო, ვერ გამოვიმუშავეთ.

არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო 2012-2017 წლებს, თუ არა ,,გაშვებული შესაძლებლობების პერიოდი“. მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს საქართველო ენერგეტიკულად ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე 2012 წლამდე იყო. 2003 წლამდე პერიოდს უბრალოდ არ შევადარებ, რადგან, იმედი მაქვს, მკითხველთა უმეტესობას ჯერ კიდევ ახსოვს ის ყიჟინა, რომელიც ელექტროენერგიის მოსვლისას, ერთხმად აღმოხდებოდა ქალაქებისა თუ სოფლის მცხოვრებლებს.

ჩვენ მოვიძიეთ მონაცემები, თუ როგორ შეიცვალა საქართველოში ენერგეტიკული ბალანსი.

წყარო: ესკო (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი)

რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს იმ გაზრდილ მოხმარებას, რომელიც, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უნდა მოჰყვეს. შეუძლებელია, ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდიოდეს და ელექტროენერგიის მოხმარება არ იზრდებოდეს. საქართველოს ენერგეტიკული სპეციფიკა იყო შემდეგნაირი: ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი ჰქონდა ზამთრის პერიოდში, მაგრამ ზაფხულში ის ჭარბი იყო, შესაბამისად, ზაფხულში გაყიდული ელექტროენერგიით ზამთარში ვყიდულობდით დამატებით რესურსს და ამით ვაბალანსებით. ყველაზე ცუდ შემთხვევაში გვქონდა ნეიტრალური ბალანსი.  2009-2011 წლებში საქართველო ყიდდა უფრო მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ყიდულობდა იმპორტით. მაგალითისთვის, 2010 წელს 1 524 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიტანეთ ექსპორტზე, ხოლო იმპორტი სულ 222 მლნ იყო. 2017 წლიდან ვითარება რადიკალურად იცვლება და ეს არის შედეგი, თუ რა დააკლო კალაძემ ენერგეტიკას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას. 2017 წლიდან დღემდე იმპორტის მოცულობა ბევრად აჭარბებს ექსპორტს (იხ. ცხრილი N2).

ასევე საინტერესოა, გადავხედოთ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ამ სიაში არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც კრიპტოვალუტის გამომუშავებით არიან დაკავებულები და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეღავათიანი ტარიფითაც სარგებლობენ. ამ კომპანიების 90% პირდაპირ ,,ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებული და მეტიც, ზოგიერთი მათგანის მფლობელი თანაინვესტირების ფონდია, რომლის ძირითადი აქციონერი ბიძინა ივანიშვილია:

  1. ,,ჯორჯიან მანგანეზი/ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“ – 602,9 მლნ კვტსთ;
  2. ,,ბი ეფ დი სი“ (Bitfury Georgia) – 198,1 მლნ კვტ.სთ;
  3. ,,რუსთავის აზოტი“ – 133 მლნ კვტ.სთ;
  4. ,,ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია“ – 92,3 მლნ კვტ.სთ;
  5. ,,რუსთავის ფოლადი“ – 90,8 მლნ კვტ.სთ;
  6. ,,ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ – 89,6 მლნ კვტ.სთ;
  7. ,ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ – 71,3 მლნ კვტ.სთ;
  8. ,,ჯი თი ემ გრუპი“ – 55,6 მლნ კვტ.სთ;
  9. ,,ჯეოსთილი“ – 49,9 მლნ კვტ.სთ;
  10. ,,RMG Cooper” – 36,6 მლნ კვტ.სთ;

ქვეყანაში ენერგეტიკის და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებაში, ბუნებრივია, დიდ როლს თამაშობენ ჰიდროელექტროსადგურები. მნიშვნელოვანია, გადავხედოთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. თავის დროზე, საქართველოში ,,ენგურჰესი“ რომ არ აშენებულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ენერგეტიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა; ვერც გარდაბნის თბოელექტროსადგური და ვერც სხვა ჰესები ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო რაოდენობის დენის მიწოდებას საქართველოს მოსახლეობისათვის. მაგრამ ამ ჰესის ექსპლუატაციას  დიდი პრობლემა აქვს – მისი კასკადი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მართვის ფარი კი –  აფხაზეთში (საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე), რის გამოც ვერ ტარდება შესაბამისი სარეაბილიტაციო ოპერაციები. ამავდროულად, აფხაზეთში ძალიან გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, ვინაიდან, იქ ფაქტობრივად უკონტროლოა კრიპტოვალუტის წარმოება. ამის დაბალანსება უნდა მომხდარიყო დამატებითი სიმძლავრეებით. საქართველოში უნდა აშენებულიყო  მზის, ან ქარის, ან ჰიდრო, ან სხვა ენერგოობიექტები.

„ენგურჰესის“ მიღმა, საქართველოში საუბარი დაიწყო სამი მნიშვნელოვანი ჰესის მშენებლობაზე, რომელთაც უნდა უზრუნველეყო ენერგეტიკული სტაბილურობა:

  1. ,,ჰუდონი“, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ 80-იან წლებში საბჭოთა საქართველოში იყო დაგეგმილი. 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის გაძლიერებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღნიშნული პროექტი შეჩერდა. 2010 წელს ამ პროექტის განახლების მცდელობა იყო, მაგრამ უშედეგოდ.
  2. ,,ნენსკრა“, რომელსაც ყველაზე ნაკლები შეხება ჰქონდა მოსახლეობასთან და მისი გარემოზე ზემოქმედება თითქოსდა მინიმალური უნდა ყოფილიყო; მაგრამ აქაც მოხდა, შეიძლება ითქვას, საქართველოს ენერგეტიკაში ,,უხილავი ხელის“ მიერ ჩარევა. კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ), რომელიც პროცედურულად კეთდება კომპანიის მიერ, მაგრამ შემდეგ გადის საჯარო მოსმენებს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით, სასამართლომ შეაჩერა და დამატებით დაავალდებულა კომპანია,  1 წლის განმავლობაში წარმოედგინა ახალი გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება). დღევანდელი მონაცემებით, ამ პროექტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
  3. ,,ნამახვანი“ – ამ ჰესთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, კომპანიას თითქმის უკვე ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის მშენებლობის დაწყების ნებართვაც, მაგრამ რეგიონში საპროტესტო აქციებმა და მთავრობის მხრიდან ამ აქციების ორგანიზატორთა მიმართ ლოიალურმა დამოკიდებულებამ შეუძლებელი გახადა პროექტის განხორციელება. ამჟამად კომპანია ფიქრობს, როგორ გავიდეს დადებული ხელშეკრულებიდან მისთვის სასარგებლო პირობით.

სხვათა შორის, აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი – რუსული რბილი ძალა საკმაოდ აქტიურად მუშაობს საქართველოში. მათ შექმნილი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე, როგორც გარკვეული ფეისბუკ-ჯგუფები, რომელთა მეშვეობითაც ფაქტობრივად ტორპედირებას უკეთებენ ყველა იმ ობიექტს, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, რუსეთის მიზანია, საქართველო ყველანაირი თვალსაზრისით და მათ შორის, ენერგეტიკულადაც დამოკიდებული იყოს რუსულ გაზზე და რუსულ ელექტროენერგიაზე. ჩვენი აზრით, ის, რომ დღეს საქართველოში შეჩერებულია ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისთვის ახალი იმპულსი უნდა მიეცა, ეს სწორედ რეაქციული რუსეთის ინტერესებშია.

საქართველოს მთავრობაც არაფერს აკეთებს დამატებითი რესურსების შესაქმნელად, გარდა იმისა, რომ საჩვენებლად, ქალაქ გორთან რამდენიმე ქარის ელექტროსადგური  დაამონტაჟა, ამის იქით განახლებად ენერგეტიკაზე საუბარიც კი აღარ მიდის.

შეიძლება ითქვას, რომ, თუ ასე გაგრძელდა, სულ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის ფასი მთლიანად დამოკიდებული იქნება იმპორტულ ფასზე, ხოლო ენერგეტიკული პოტენციალი აუთვისებელი დარჩება.

90-იანი წლების მიწურულს და 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველო მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა მუშაობა, რომ საქართველოს გაზმომარაგება რუსულ გაზზე, როგორც პოლიტიკურ ბერკეტზე, დამოკიდებული აღარ ყოფილიყო. 2021 წლის ოქტომბერში მოლდოვამ, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა ძალებმა გაიმარჯვეს, კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ,,გაზპრომის“, როგორც პოლიტიკური იარაღის, ძალა. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსულ გაზზე ვიყოთ დამოკიდებული. ბატონ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მის კიდევ ერთ ,,საგმირო საქმეს“ შეგახსნებთ. ესაა კომპანია ,,გაზპრომთან“ ხელმოწერილი ეკონომიკურად და პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი ხელშეკრულება.  ამ ხელშეკრულებამ საქართველოს მილიონობით კუბური მეტრი გაზი დააკარგვინა. მინისტრმა კალაძემ 2017 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლითაც საქართველო, ტრანზიტის სანაცვლოდ, გაზის ნატურით ანაზღაურების ნაცვლად, იღებს თანხას, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მას ეს ნატურით გადახდისას შეხვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ის ფული, რომელიც „გაზპრომის“ მეშვეობით რუსეთში მიდის, არის რუსეთის ფედერაციის არანაკლებ მძლავრი იარაღი, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და უფრო მეტიც. 90-იანების თაობას კარგად გვახსოვს უგაზოდ დარჩენილი თბილისი. ასევე მინდა გაგახსენოთ, როგორ დაემთხვა 2006 წლის ძალიან ცივ ზამთარს  რუსეთის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება, რამაც საქართველო გაზის გარეშე დატოვა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა იმატებს.

ბუნებრივი გაზის იმპორტი რუსეთიდან

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით წლის ბოლომდე საქართველოში რუსეთიდან 200 მლნ მ3 გაზის იმპორტი იგეგმება, აზერბაიჯანიდან კი – 2 მლრდ 519 მლნ.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტზე 53,8 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (18,9 მლნ აშშ დოლარი) სამჯერ მეტია. 2020 წელს ,,გაზპრომის“ გაზი საქართველოს თითქმის 40 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, 2019 წელს კი  – 30 მლნ აშშ დოლარი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თუ ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მთავრობის მხრიდან გაგრძელდა ასეთი პოლიტიკა (უფრო სწორად, პოლიტიკის არარსებობა), ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება. ხელისუფლების უმოქმედობას ამყარებს ის ფაქტიც, რომ დღევანდელი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც არის ენერგეტიკის სამინისტროს მემკვიდრე, არ წარმოუდგენია არანაირი ხედვა, თუ როგორ ფიქრობს მომავალ წლებში ენერგეტიკის სფეროს და გაზის სექტორის განვითარებას. იმ რიცხვებით კი, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ძნელი არ არის დაასკვნა, რომ 3-4 წელიწადში საქართველო, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გახდება დამოკიდებული იმპორტზე; ამ იმპორტის დიდი ნაწილი რუსეთიდან ხორციელდება, ხოლო რუსეთი როგორ იყენებს ენერგეტიკას პოლიტიკური მიზნისთვის, ამაზე დამატებითი მაგალითების მოყვანა, იმედია, მკითხველს არ დასჭირდება.

[1] წყარო – ბიზნეს მედია ჯორჯია

[2] წყარო – ბიზნეს მედია ჯორჯია

 

გააზიარე