"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!

ახალი ბლოგი - პეტრიაშვილი

გასულ კვირას მსოფლიო ისევ გაინაბა აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვლადიმირ პუტინთან მორიგი, ამჯერად ვირტუალური სამიტის მოლოდინში. დაძაბულობას ჰაერში განსაკუთრებულ სიმძაფრეს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროს მობილიზება მატებდა. ამასთან, დასავლელი მაღალჩინოსნების მტკიცებით, ეს არ იყო მხოლოდ მობილიზება. მათ მიერ მიღებული ცნობები ადასტურებდა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით და ღრმა რწმენით, ამჯერად რუსეთი არა შეჭრისთვის, არამედ უფრო დიდი პოლიტიკური მანევრებისთვის ემზადებოდა. ანუ ძალების ასეთი მასშტაბის კონცენტრაცია იყო: ა) ტესტი აშშ-სა და, ევროპისთვის, რამდენად სერიოზულად იყვნენ ისინი მზად უკრაინის მხარდასაჭერად და, რაც მთავარია, ბ) მზადება დიდი პოლიტიკური „ვაჭრობისთვის“, ანუ რამდენი შეიძლება დათმოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კატასტროფული ომის თავიდან აცილების სანაცვლოდ. მისასალმებელია, რომ ა-პუნქტთან მიმართებით ევროატლანტიკური თანამეგობრობა ერთსულოვანი იყო რუსეთისადმი გზავნილის სიხისტეში: „რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში“ – ეს იყო წინადადება, რომელსაც უწყვეტად იმეორებდა აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ყველა ევროპელი ლიდერი და საგარეო თუ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მართალია, რუსული პროპაგანდისტული მანქანა გაფუჭებული ფირფიტასავით იმეორებდა, რომ „ნატოს კოლექტიური თავდაცვა არ ვრცელდება უკრაინაზე“, თუმცა მათ, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ ნატო-ს წევრი ქვეყნების მზაობა ყველა სამხედრო საშუალებებით უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან რუსეთის გათიშვისა და ნორდსტრიმ 2-ის გაზსადენის შეჩერების შესახებ მაღალი დონიდან გაკეთებული განცხადებები.

მიუხედავად ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი, მიდგომისა, რთულია დარწმუნებით იმის თქმა, ასეთი ერთსულოვნება და სიხისტე რომ არა, გარისკავდა თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას ან გაბედავს თუ არა მომავალში ამის გაკეთებას, მაგრამ, ცხადია, დასავლეთმა თავისი სერიოზულობის უმაღლესი ხარისხის დემონსტრირება ნამდვილად მოახდინა.

ახლა გადავიდეთ მეორე, კიდევ უფრო მეტად სახიფათო – პოლიტიკური ვაჭრობისთვის მზადების ასპექტებზე. სკეპტიკოსები და მათთან ერთად პროპაგანდისტული მანქანა წლებია, მუშაობს როგორც ნატო-ს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით კი საქართველოსა და უკრაინაში და ამტკიცებს, რომ „2008 წლის გადაწყვეტილება ბლეფია; დროა გამოფხიზლდეთ; არავინ საქართველოს და უკრაინას ნატო-ში არ მიიღებს“ და ა.შ. ეს ხაზი მართლაც არახალია ჩვენთვის და დამატებით ძალისხმევასაც ითხოვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დღენიადაგ მომუშავე ადამიანებისგან, რომ საპირისპიროში დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები. ასე რომ, ერთი კარგი, რაც მოხდა ამ დღეებში, იყო ის, რომ ვლადიმირ პუტინის „უხამსმა“ შეთავაზებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ჩვენი საქმე მცირედით გააადვილა. ვლადიმირ პუტინმა და მისმა ჩინოსნებმა ძალიან კონკრეტულად დაადასტურეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის  გადაწყვეტილება ძალიანაც რეალურია და, შესაბამისად, ძალიან მტკივნეული რუსეთისთვის. თავად შეთავაზება კი მართლაც „უხამსი“ და „თავხედურია“ – ალიანსმა ხელშეკრულებით უნდა დაუდასტუროს რუსეთს, რომ აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და მომავალი წევრების ტერიტორიაზე შეიარაღებას აღარ განათავსებს. ნატო-ში შეიძლება ვინმეს ღიმილიც კი მოჰგვარა ამ განცხადებამ, მაგრამ უმრავლესობა ნამდვილად განარისხა. უღრმესი პატივისცემით ალიანსის დამფუძნებელი მამებისადმი, მაგრამ პირველი, ვინც ყველაზე მკაფიოდ და პრინციპულად დააფიქსირა რუსეთის შეთავაზების კატეგორიული მიუღებლობა, იყვნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის ჩვენი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები ნატო-ს შიგნით – პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. მსჯელობას წინ გავასწრებ და აქვე ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილების დეზავუირება, ანუ გაუქმება პირველ რიგში დამანგრეველი იქნება თავად ნატო-სთვის და უკვე ამის შემდეგ საგანგაშო საქართველოსა და უკრაინისთვის, რაც ძალიან კარგად იციან ნატო-ში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ცალკეულ წევრებს შეიძლება ჰქონდეთ რუსეთთან დიდი შეთანხმებისა და ახალი გადატვირთვის მიღწევის ცდუნება, ჩემი აზრით, ალიანსი ვერასდროს წავა ასეთი წინადადების განხილვაზეც კი.

ცხადია, არც მოსკოვში არიან ისეთი გულუბრყვილოები, რომ ალიანსის მხრიდან ამ შეთავაზებაზე სწრაფი თანხმობის იმედი ჰქონდეთ, მაგრამ მათ ასევე კარგად იციან მოლაპარაკებების მთავარი პრინციპი – მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მიიღო სასურველი. რა არის ეს სასურველი? ცხადია, რომ ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არ გამოვა. ფაქტია, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის ნდობა არც არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება. აბა, რა შეიძლება იყოს რუსეთისთვის მისაღები ფორმულა? ამ კონტექსტში, ყურადსაღებია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დაიწყო ჟენევის ბაიდენ-პუტინის სამიტზე შეთანხმებული სტრატეგიული სტაბილურობის ფორმატის ჩამოყალიბება, რომლის მთავარ საკითხს სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის მექანიზმების განხილვა და შეთანხმება წარმოადგენს. თავად ვლადიმირ პუტინიც და მისი პროპაგანდისტული მანქანაც როგორც სამიტამდე, ისე მის შემდეგ ყველაზე დიდ აქცენტს რაკეტების განთავსებაზე აკეთებს. ამდენად, პოზიტიური სცენარით თუ წავალთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალ ტერიტორიებზე რაკეტების არგანთავსება ყოველგვარი გაფართოების შეჩერების შესახებ თანხმობის გარეშე შეიძლება იყოს შედეგი, რომლის შემთხვევაშიც ყველა იქნება მოგებული.

თუმცა, ეს არის ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი და კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმა შეიძლება ისიც კი დაგვწამოს, რომ ეს არის ავტორის „wishful thinking“, ანუ უფრო სასურველი, ვიდრე რეალისტური განვითარება და ის შესაძლოა, მართალიც იყოს. რუსეთი განაგრძობს დასავლეთის შანტაჟირებას უკრაინაში შეჭრა/არშეჭრის  თემით და პრინციპში პირობას აყენებს, რომელიც ძალიან სახიფათოა – ან შეაჩერებთ გაფართოებას, ან მიყურეთ ჯერ უკრაინაში, მერე საქართველოში. რუსეთს არცერთი წამით არ შეუწყვეტია აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობა, ისევე როგორც პროპაგანადისტული არტილერიის მუშაობა. სამიტიდან სულ რამდენიმე საათში ვლადიმირ პუტინმა ღიად თქვა, რომ ის, რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში, მისი შეფასებით, ყველა ნიშნით წარმოადგენს იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა 1 მილიონამდე ადამიანს დაურიგა რუსული პასპორტები აღმოსავლეთ უკრაინაში და თუ გავიხსენებთ, რა მოჰყვება რუსეთის ასეთ ნაბიჯებს, მართლაც რომ შეიძლება ვივარაუდოთ – თამასის ასე აწევა და ვითარების ასე დაძაბვა ვერ განიმუხტება უბრალოდ ვირტუალურ სამიტებზე შორიდან ხელის აწევით, მისალმებით და ვერც ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილას დროებით დაბრუნებით. უკრაინის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ომის შემთხვევაში რუსი ბიჭები ცინკის კუბოებით დაბრუნდებიან სახლებში, მაგრამ თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, თუ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება/ები მიღებული არ იქნება, ვლადიმირ პუტინისა და მასთან ერთად რუსეთის რეპუტაციისთვის ათასობით, თუნდაც ათიათასობით  მსხვერპლშეწირვა არაფერს წარმოადგენს.

ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ძალიან საშიშ განვითარებას შეაჩერებს, ნატო-ს წევრების სწრაფი და პრინციპული პოზიცია –  მომავალ წელს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს და უკრაინის მიწვევა იქნება. აი, ეს კი ნამდვილად არ არის მხოლოდ სასურველ სცენარზე ფიქრი. დამერწმუნეთ, ნატო-ში ეს ძალიან სერიოზულად განიხილება.

გააზიარე