როგორ გამდიდრდა აშშ?

Artboard 1-1 (1)

4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 250 წლის იუბილე აღნიშნა. 2.5 საუკუნეში აშშ-მა შეძლო მსოფლიოს პირველი ეკონომიკა გამხდარიყო, სადაც დღეს 342 მლნ ადამიანი ცხოვრობს და ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 94,000 დოლარია. ამერიკული საფონდო ბირჟების ჯამური საბაზრო კოპიტალიზაცია კი 70 ტრილიონ დოლარზე მეტია.

1776 წელს, ამერიკის რევოლუციის დროს, განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული 13 კოლონიის ჯამური ეკონომიკა 170 მლნ დოლარი იყო. 1789 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ძალაში შევიდა, ქვეყნის ეკონომიკა 1 მლრდ დოლარამდე იყო, რაც 2025 წლის ფასებში 38 მლრდ დოლარია. ამ დროს აშშ-ში 4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 250 დოლარი იყო, რაც ახლანდელი ფასებით 9,000 დოლარზე მეტია. მე-18 საუკუნის ბოლოს აშშ-ზე მდიდარი მხოლოდ დასავლეთი ევროპა იყო. 2025 წელს აშშ-ის ეკონომიკა 32 ტრილიონი დოლარი იყო – 842-ჯერ მეტი, ვიდრე 1789 წელს.

მე-19 საუკუნის დასაწყისში აშშ ჯერ კიდევ აგრარული ქვეყანა იყო. ეს გარემოება კოლონიად ყოფნის პერიოდიდან მემკვიდრეობით ერგო, რადგან კოლონიზატორები აშშ-ის ტერიტორიას ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ. აშშ-ს ინდუსტრიალიზაცია 1812-1815 წლების ბრიტანეთის ომმა დააჩქარაა, რის შედეგადაც აშშ-ში ინდუსტრიული საქონლის იმპორტი შეწყდა. აშშ დადგა გამოწვევის წინაშე – თავად უნდა განევითარებინა მრეწველობა. ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც ბრიტანეთში მე-18 საუკუნეში დაიწყო, აშშ-ში უფრო გვიან, მე-19 საუკუნის 20-იან წლებში იწყება და პიკს 40-იან წლებში აღწევს. 1810-იანი წლებიდან განვითარებას იწყებს საბანკო სექტორი. 1820-იან წლებში იწყება აშშ-ში შიდა სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო გზების მშენებლობა.

1830-1840-იანი წლები აშშ-ის ეკონომიკაში „საბაზრო რევოლუციის“ სახელით არის ცნობილი. ამ პერიოდში ნატურალური ეკონომიკა გადაერთო საბაზრო ეკონომიკაზე, რაც ნიშნავს, რომ საჭიროებისთვის აუცილებელი წარმოება თანდათან კომერციალიზაციამ და ვაჭრობამ ჩაანაცვლა. 1840 წელს აშშ-ში უკვე 40 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, რაც მასიური იმიგრაციით იყო განპირობებული.

1861-1865 წლების აშშ-ის სამოქალაქო ომი მნიშვნელოვანწილად ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ინდუსტრიული ჩრდილოეთი მონობის გაუქმებას უჭერდა მხარს, აგრარული სამხრეთი კი პირიქით – მონობის შენარჩუნებას. ომში ჩრდილოეთის გამარჯვების შემდეგ, სამხრეთელებს მოუხდათ მონური შრომა თავისუფალი შრომით ჩაენაცვლებინათ, რამაც ინდუსტრიალიზაცია დააჩქარა.

1870-იანი წლებიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე აშშ-ის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, განსაკუთრებით მრეწველობა, სარკინიგზო ტრანსპორტი და ბუნებრივი რესურსების მოპოვება. შედეგად, მე-19 საუკუნის ბოლოს აშშ-მა მრეწველობით მსოფლიოს ყველა ქვეყანას გაუსწრო. ამავე დროს, აშშ-მა ინვესტიციების სხვა ქვეყნებში განხორციელება დაიწყო. 1900 წელს აშშ-ის მოსახლეობამ 76 მლნ-ს მიაღწია.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 1929 წლამდე ამერიკის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. 1913 წელს შეიქმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED), რომელიც ოქროს სტანდარტის სავალუტო სისტემის (ფულის ემისია მიბმული იყო ოქროს მოცულობასთან) შენარჩუნებას ცდილობდა. ამ დროს ნიუ-იორკი უკვე მსოფლიოს ფინანსური ცენტრი ხდება.

1930-იანი წლები ყველაზე რთული პერიოდია ამერიკის ეკონომიკის ისტორიაში. 1929 წელს დაიწყო მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისი – „დიდი დეპრესია“. კრიზისი ყველაზე მეტად კაპიტალის ბაზარს დაეტყო. შეიძლება ითქვას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ჩამოიშალა. უმუშევრობამ 25%-ს მიაღწია, ბანკების 40% გაკოტრდა, სამრეწველო პროდუქციის წარმოება განახევრდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალი 40%-ით შემცირდა. 1928 წლის ეკონომიკის სიდიდეს აშშ 1940 წელს დაუბრუნდა.

1930 წლების მეორე ნახევარში ამერიკის მთავრობამ კრიზისიდან გამოსვლა ეკონომიკაში მთავრობის აქტიური ჩარევით სცადა. ეს ძირითადად გულისხმობდა ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯები ზრდას, ეკონომიკური ზრდის ხელოვნურ წახალისებას. მთავრობის კერძო სექტორთან თანამშრომლობის მაღალი დონე მეორე მსოფლიო ომის დროსაც გაგრძელდა, რადგან საჭირო იყო ომთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდა. ომისთვის საჭირო პროდუქციაზე მოთხოვნამ ამერიკის ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, 1941-1943 წლებში აშშ-ის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა. 1945-1947 წლებში კი მისი ეკონომიკა 15%-ით შემცირდა, რაც ომის და ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ბუმის დასრულებამ განაპირობა.

25-წლიანი პერიოდი, 1948 წლიდან 1972 წლამდე, დასავლეთ სამყაროს, მათ შორის ამერიკის ეკონომიკის რენესანსის პერიოდია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკა ცალსახად ხდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ეკონომიკა. ის „მარშალის გეგმით“ დასავლეთ ევროპას ეხმარება ეკონომიკურ აღმავლობაში. სოციალისტური ბლოკის ქვეყნების გარდა, ყველა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა საკუთარი ვალუტის კურსს აშშ დოლარის მიმართ აფიქსირებს, ამერიკაში კი ამ დროს ოქროს სტანდარტის სავალუტო სისტემაა. აშშ თავისი ოქროს რეზერვებით დაახლოებით 50 დიდი ქვეყნის ვალუტების სანდოობის გარანტი გახდა.

1973 წელს აშშ-ში დასრულდა ოქროს სტანდარტი, დოლარი სხვა ქვეყნების ვალუტებთან თავისუფალ გაცვლით კურსზე გადავიდა. 1973 წლის ოქტომბერში დაიწყო „სანავთობო შოკი“, რის შედეგად, ნავთობის ფასი 4-ჯერ გაიზარდა. 1974-1975 წლებში აშშ-ში ფიქსირდება სტაგფლაცია, ეკონომიკა სტაგნაციაშია, ინფლაციის დონე კი მატულობს.

1979 წელს მეორე „სანავთობო შოკია“, ნავთობის ფასი ორმაგდება და ერთი ბარელზე 39 დოლარს აღწევს (1973 წლამდე 3 დოლარი იყო). ამერიკის ეკონომიკაში ისევ რეცესია და მაღალი ინფლაცია იწყება. უმუშევრობის დონე 10.8%-მდე გაიზარდა.

1981 წელს ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გახდა, რომელმაც ეკონომიკურ რეფორმები გაატარა, რაც ძირითადად გადასახადების და რეგულაციების შემცირებაში და ფულის მიწოდების გამკაცრებაში გამოიხატა. 1983-1989 წლებში ამერიკის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდებოდა. უმუშევრობა 5.4%-მდე შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაცია 4%-ის ფარგლებში იყო.

1990-იანი წლები მცირედი რეცესიით დაიწყო, რაც სოციალისტური ბლოკის დამარცხებით გამოწვეული გლობალური რყევებით იყო განპირობებული. 1992 წლიდან ამერიკის ეკონომიკა სტაბილურად 2.7-4.5%-ით იზრდებოდა.

21-ე საუკუნე ამერიკისთვის ტერორიზმთან ბრძოლით დაიწყო. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა თავდაცვის ხარჯები, რამაც ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი გაზარდა. 2001 წელს მთავრობის ვალი მშპ-ის 53% იყო, 2008 წელს კი – 74%. 2001-2008 წლებში ამერიკის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.5%-ით იზრდებოდა.

2008 წელს აშშ-ში ფინანსური კრიზისი დაიწყო, რაც გლობალურ ფინანსურ კრიზისად იქცა. კრიზისი გამომწვევ მიზეზებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ყველაზე პოპულარული მიდგომებია ის, რომ: ა) საფინანსო სექტორის რეგულირება არ იყო სათანადო დონეზე, რამაც ფინანსური პირამიდები და სპეკულაციები წარმოშვა, ბ) ფულის მიწოდება ხდებოდა ჭარბად, რამაც „ფინანსური ბუშტები“ წარმოქმნა, გ) მთავრობის ჩარევა უძრავი ქონების საკრედიტო ბაზარზე.

კრიზისი გამწვავდა და პანიკაში გადაიზარდა, როდესაც 2008 წლის სექტემბერში ამერიკის ფინანსური სექტორის გიგანტი Lehman Brothers-ი გაკოტრდა. ეს არის ყველაზე „დიდი გაკოტრება“ ამერიკის ისტორიაში, კომპანიის აქტივები 600 მლრდ დოლარამდე იყო.

2008-2009 წლებში ამერიკის ეკონომიკა 3%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ 10%-ს მიაღწია. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ კრიზისიდან გამოსვლის „კეინზიანური“ გზა აირჩია. ეს ნიშნავდა ბიუჯეტის ხარჯების ზრდით ქვეყანაში შიდა მოთხოვნის და აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას. 2010 წლიდან ეკონომიკამ ზრდა დაიწყო და 2016 წლამდე წლიურად საშუალოდ 2.1%-ით იზრდებოდა. უმუშევრობის დონე ე.წ. ბუნებრივ მაჩვენებელს – 5%-ს დაუბრუნდა. თუმცა 2009-2016 წლებში ამერიკის მთავრობის ვალი 20 ტრილიონ დოლარამდე, მშპ-ის 107%-მდე გაიზარდა.

2017-2019 წლებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ სამ წელიწადში აშშ-ის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა, 2020 წელს კი პანდემიის გამო 2.2%-ით შემცირდა. 2021 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 2.6%-ით იზრდებოდა.

21-ე საუკუნე ამერიკისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინტერნეტზე დაფუძნებული ბიზნესის ბუმითაა გამორჩეული. აშშ ჯერ გახდა მოწინავე კომპიუტერების და ოპერაციული სისტემების წარმოებით, შემდეგ კი ვებსაიტებითა და ელექტრონული კომერციით. ბოლო წლების მთავარი პრიორიტეტი ხელოვნური ინტელექტი და ჩიპების წარმოებაა.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა