"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ჩეხეთი?

2 (40)

ჩეხეთის ეკონომიკა 326 მილიარდი აშშ დოლარია და სიდიდით მსოფლიოში 47-ეა. ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი ჩეხეთში 50,000 PPP დოლარზე მეტია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 38-ე ადგილზეა. უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: პოლონეთი, პორტუგალია, ესტონეთი, უნგრეთი, საბერძნეთი და ა.შ.

1918 წელს ჰაბსბურგების იმპერიის დაშლის შედეგად ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო – ჩეხოსლოვაკია შეიქმნა. 1938 წელს ჩეხოსლოვაკია სამრეწველო პროდუქციის გამოშვებით მსოფლიოში მე-10 ადგილზე იყო. ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1938 წლიდან დაიწყო, რომელიც 1945 წლამდე, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე გაგრძელდა. 1946 წელს ჩეხოსლოვაკიაში არჩევნები კომუნისტურმა პარტიამ მოიგო, რომელმაც ორ წელიწადში ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დაამყარა და სოციალისტურ, აღმოსავლეთის ბლოკს შეუერთდა.

ჩეხოსლოვაკიამ სოციალისტურ ბლოკს თავი 1989 წელს დააღწია და ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყანა გახდა. ეს პროცესი მშვიდობიანად მოხდა და ამიტომ მას „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდეს. 1992 წელს, მშვიდობიანი გზით, ჩეხოსლოვაკია ორად გაიყო და ჩეხეთი და სლოვაკეთი დღემდე ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

ჩეხეთის ეკონომიკა სოციალისტურ ბლოკში ყოფნის დროსაც იზრდებოდა, მაგრამ გაცილებით ნელა, ვიდრე არასოციალისტური ევროპის ქვეყნების. 1989 წელს ჩეხეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 4,000 დოლარამდე იყო. სოციალისტური ბლოკის დაშლამ პირველ წლებში ჩეხეთის ეკონომიკა დააზარალა და ერთ მოსახლეზე შემოსავალი 3,000 დოლარამდე შემცირდა. 1993-1996 წლებში ჩეხეთმა ეკონომიკური რეფორმები დაიწყო, რაც სოციალისტური, გეგმური ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადაწყობაში გამოიხატებოდა: შეწყდა ფასების კონტროლი, გადავიდა შედარებით თავისუფალ საგარეო ვაჭრობაზე, შეუწყვიტა სუბსიდიები სახელმწიფო კომპანიებს და ბევრი მათგანის პრივატიზება მოახდინა. გამარტივდა კერძო კომპანიების დაარსება.

რეფორმებმა შედეგი მალევე გამოიღო: 1996 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი უკვე 6,500 დოლარი იყო.

სოციალისტური ბლოკის დროს ჩეხეთის მთავარი სავაჭრო-პარტნიორი ქვეყანა საბჭოთა კავშირი იყო. ჩეხეთმა 1990-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო რუსეთის ბაზრის დასავლური ბაზრით ჩანაცვლება და დასავლური ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და აშშ-დან.

1998 წლისთვის პრივატიზაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა, საწარმოების 80% უკვე კერძო მესაკუთრეების ხელში იყო.

1995 წელს ჩეხეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) გაწევრიანდა. ამავე წელს ჩეხეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, ჩეხური პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდა. ჩეხეთის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა და თანდათანობით მისი საექსპორტო პროდუქციის 80%-ის მიმღები ევროკავშირი გახდა.

1999 წელს ჩეხეთი ნატოს წევრი გახდა, 2004 წელს კი – ევროკავშირის. 2007 წელს შენგენის ზონას შეუერთდა. ევროკავშირში შესვლამდე, 2000-2003 წლებში ჩეხეთის ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 3% იყო, 2004-2007 წლებში კი 6%-მდე გაიზარდა. ევროკავშირში შესვლის წინა წელს, 2003-ში, ჩეხეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი წლიური 10,000 დოლარამდე იყო, რომელიც მომდევნო 5 წელიწადში 2.3-ჯერ გაიზარდა და 23,000 დოლარი შეადგინა. 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ჩეხეთიც დააზარალა, ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. შემდეგ 10 წელიწადს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.5%-ით იზრდებოდა, თუმცა მაღალშემოსავლიანი ქვეყნისთვის ასეთი ზრდის ტემპიც მისაღებია და 2019 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 24,000 ათასი დოლარი იყო. შემდეგ იყო ვარდნა პანდემიის გამო და ზრდა 2021-2024 წლებში. საბოლოოდ, ჩეხეთში ერთ მოსახლეზე შემოსავალი დღეს 30,000 დოლარამდე, მსყიდველობითი უნარით (PPP) კი 50,000 დოლარზე მეტია.

ევროკავშირში შესვლის დროს ჩეხეთში უმუშევრობის დონე 8% იყო, დღეს კი 2.6%-ია, რაც მსოფლიო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

დღეს ჩეხეთის ექსპორტის 42% მანქანებსა და ელექტროტექნიკაზე მოდის. მთავარი საექსპორტო ბაზრები გერმანია, პოლონეთი, სლოვაკეთი და საფრანგეთია. ქვეყნის ეკონომიკის 61% მომსახურების სექტორზე მოდის, 37% – მრეწველობაზე, ხოლო 2% – სოფლის მეურნეობაზე.

გააზიარე