Binance-მა შესაძლოა ევროკავშირში ოპერირების ნებართვა დაკარგოს

Binance-მა შესაძლოა ევროკავშირში ოპერირების ნებართვა დაკარგოს

ფოტო: Shutterstock

 

საკითხთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ი წერს, რომ მსოფლიოში უდიდესმა კრიპტობირჟა Binance-მა მომავალი თვიდან შესაძლოა ევროკავშირში მომხმარებლების მომსახურების უფლება დაკარგოს, რადგან მისი ლიცენზიის განაცხადი უარყოფის პირასაა.

ევროკავშირის ახალი წესების, MiCA-ს თანახმად, კრიპტოფირმებს ივნისის ბოლომდე აქვთ ვადა, რათა მიიღონ ლიცენზია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ევროკავშირის ტერიტორიაზე მომხმარებლების მომსახურება გააგრძელონ. ანონიმური წყაროების ცნობით, Binance-ის მიერ საბერძნეთის ბაზრის მარეგულირებლისთვის წარდგენილ განაცხადს, დიდი ალბათობით, უარყოფენ.

MiCA-ს თანახმად, კრიპტოკომპანიებმა ლიცენზიების მისაღებად ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მარეგულირებლებს უნდა მიმართონ. მიღებული ლიცენზიების გამოყენება კი მათ ე.წ. პასპორტის პრინციპით 27 ქვეყნის მასშტაბით შეეძლებათ.

საბერძნეთის მიერ პოტენციურად განაცხადის უარყოფა ნიშნავს, რომ Binance-ს არ მიეცემა ევროკავშირში ოპერირების ნებართვა, რაც პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკში კრიპტობირჟის მომხმარებლების ბედს გაურკვეველს ხდის.

ცნობისთვის, Binance-ს მთელ მსოფლიოში 300 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის განცხადებით, ის MiCA-ის ლიცენზიის მოსაპოვებლად მარეგულირებლებთან 18 თვის განმავლობაში თანამშრომლობდა. Binance-ის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანია მიიჩნევს, რომ მან MiCA-ის ავტორიზაციის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.