Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა ჯენსენ ჰუანგი?

ჯენსენ ჰუანგი სიმდიდრით მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს, მისი ქონება 180 მილიარდი აშშ დოლარია. ჰუანგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის – NVIDIA-ს დამფუძნებელი და მმართველია. NVIDIA-ს საქმიანობის მთავარი სფერო გრაფიკული პროცესორებისა და კომპიუტერის ჩიპების წარმოებაა. ის ასევე აწარმოებს ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) საჭირო პროგრამებსა და ტექნოლოგიებს.
ჯენსენ ჰუანგი 1963 წელს ტაივანში დაიბადა, მისი ოჯახი საშუალო ფენას მიეკუთვნებოდა, მამა ინჟინერი იყო, დედა კი – სკოლის მასწავლებელი. საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდნენ და როდესაც ჯენსენი 5 წლის იყო, საცხოვრებლად ტაილანდში გადავიდნენ. როდესაც 9 წლის გახდა, ჯენსენი ძმასთან ერთად აშშ-ში გაუშვეს სასწავლებლად. ჯენსენი აშშ-ში კენტუკის შტატის ერთ-ერთი სკოლის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა უფროსს ძმასთან ერთად.
როდესაც ჯენსენი სკოლაში მივიდა, პატარა ტანის აზიელი ემიგრანტი იყო გრძელი თმით და ძლიერი ტაივანური აქცენტით, რის გამოც ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ. 2 წლის შემდეგ ჯენსენის მშობლებიც გადავიდნენ აშშ-ში საცხოვრებლად. ძმებმა კენტუკი დატოვეს, და მშობლებთან ჩავიდნენ ორეგონის შტატის ქალაქ ბივერტონში.
ახალ სკოლაში ჯენსენი იმდენად წარმატებულად სწავლობდა, რომ ორი წელი გამოტოვა და სკოლა 16 წლისამ დაამთავრა. სკოლაში სწავლისას ის სკოლის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო კლუბების წევრი იყო. პროგრამირების ბაზისური ენები სკოლაში ისწავლა და „სნეიკის“ მსგავსი თამაშიც კი შექმნა.
15 წლის ასაკში ჰუანგმა ადგილობრივ რესტორანში ღამის ცვლაში დაიწყო მუშაობა ჭურჭლის მრეცხავად, შემდეგ კი მიმტანი გახდა. რესტორანში რამდენიმე წელი იმუშავა სწავლის პარალელურად.
ბაკალავრის ხარისხი 1984 წელს მიიღო ორეგონის უნივერსიტეტიდან, სადაც ელექტროინჟინერიის სპეციალობაზე სწავლობდა და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. ჰუანგი მოგვიანებით იხსენებდა, რომ კლასში ყველაზე ახალგაზრდა და ერთადერთი სტუდენტი იყო, რომელიც „ბავშვს ჰგავდა“.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა სილიკონის ველზე მიკროჩიპების დიზაინერად დაიწყო. მუშაობდა ისეთ ცნობილ კომპანიებში. როგორებიცაა Texas Instruments-ი, AMD-ი და LSI Logic-ი. მუშაობის პარალელურად საღამოს სამაგისტრო კურსებზე დაიწყო სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში და 1992 წელს ელექტროინჟინერიის მაგისტრის ხარისხი მიიღო.
LSI Logic-ში მუშაობის დროს გაიცნო მისი მომავალი ორი პარტნიორი კრის მალაჩოვსკი და კერტის პრიემი.
1993 წელს, 30 წლის ასაკში, ჰუანგმა კრის მალაჩოვსკისთან და კერტის პრიემთან ერთად NVIDIA დააარსა. კომპანიის იდეა მარტივი, მაგრამ იმ დროისთვის საკმაოდ თამამი იყო: კომპიუტერული თამაშებისა და მულტიმედიისთვის უფრო ძლიერი გრაფიკული ჩიპების შექმნა. კომპანია ფაქტობრივად მცირე სტარტაპი იყო და მისი დამფუძნებლები მომავალზე გაცილებით უფრო დიდი წარმოდგენით მუშაობდნენ, ვიდრე ამას მათი საწყისი ფინანსური რესურსები იძლეოდა.
კომპანიამ არსებობა 40 ათასი დოლარით დაიწყო. მალე ვენჩურული კაპიტალის ფონდიდან, Sequoia Capital-დან 20 მილიონი დოლარი მოიზიდეს. კომპანიის სახელის ინსპირაცია დამფუძნებლების მიერ სამუშაო ფაილებისთვის დარქმეული სახელი NV (Next Version) გახდა.
1999 წელს NVIDIA საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციები გაყიდა. თუმცა, მნიშვნელოვანი თანხა არ მოუზიდია. 1990-იანი წლების მეორე ნახევარი ჯამში კომპანიისთვის რთული იყო.
პირველი დიდი გარდატეხა 1999 წელს მოხდა. NVIDIA-მ შექმნა GPU – გრაფიკული პროცესორი, რომელმაც კომპიუტერული გრაფიკის განვითარება რადიკალურად შეცვალა. თავდაპირველად ეს ტექნოლოგია ძირითადად ვიდეოთამაშებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ჰუანგის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო GPU-ს გამოყენება არა მხოლოდ გრაფიკისთვის, არამედ ზოგადი გამოთვლებისთვის. 2006 წელს NVIDIA-მ CUDA წარადგინა – პროგრამული პლატფორმა, რომელმაც პროგრამისტებს GPU-ს პარალელური გამოთვლითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება მისცა. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ NVIDIA-ს ჩვეულებრივი ვიდეოჩიპების მწარმოებლიდან გამოთვლითი ინფრასტრუქტურის კომპანიად გარდაქმნას შეუწყო ხელი.
2000 წელს მოიგო „მაიკროსოფტის“ ტენდერი კონსოლებისთვის გრაფიკული ტექნოლოგიების მიწოდებაში. ტენდერის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო. 2021 წელს Standard & Poor’s-მა NVIDIA S&P 500-ის აქციების ინდექსში შეიყვანა. კომპანიის აქციების ფასი 16-დან 67 დოლარამდე გაიზარდა.
NVIDIA-ს აქციების ფასის ზრდის შედეგად, 2000 წელს ჯენსენ ჰუანგი მილიარდერი გახდა.
NVIDIA-თვის და, შესაბამისად ჰუანგისთვის რევოლუციური იყო 2012 წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე დაიწყო მუშაობა. ბოლო ათწლეულში და განსაკუთრებით ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიის ფანტასტიკური შედეგები სწორედ AI-ის განვითარებას და სხვადასხვა ტექნიკაში ჩიპების სულ უფრო ინტენსიურად გამოყენებას უკავშირდება, მათ შორის ელექტრომობილების წარმოების ზრდას. 2019 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 145 მილიარდი დოლარი იყო, ახლა კი 35-ჯერ მეტი, 5.2 ტრილიონი დოლარია. კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს 2023 წლის ივნისში მიაღწია. ჰუანგის ქონება 4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს კომპანიის შემოსავალი 5 მილიარდი დოლარი იყო, 2025 წელს კი 216 მილიარდი დოლარი.
2017 წელს Harvard Business Review-მ ჯენსენ ჰუანგი მსოფლიოში საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად (CEO) დაასახელა. ამ დროს ჰუანგის ქონება 3 მილიარდ დოლარამდე იყო.
ჰუანგის წარმატების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მან არა მარტო გამოიცნო, რომ AI წარმატებული გახდებოდა, არამედ ის წლების განმავლობაში აშენებდა ინფრასტრუქტურას, რომელზეც AI-ის განვითარება უნდა დაფუძნებულიყო.
ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს აქციების მხოლოდ 3%-ს ფლობს, რაც 156 მილიარდი დოლარის ქონებაა. სწორედ ესაა მისი სიმდიდრის ძირითადი წილი.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
