როგორ გამდიდრდა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი?

Untitled design (13)
2026 წლის 12 ივნისს ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა. 16 ივნისის მდგომარეობით კი მისი ქონება 1.3 ტრილიონი დოლარია.

 

ილონ მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში დაიბადა. მამამისი სამხრეთაფრიკელი ინჟინერი იყო, ხოლო დედა – კანადელი მოდელი და დიეტოლოგი. ილონი ბავშვობაში ძალიან ბევრს კითხულობდა. ჯერ კიდევ 10 წლისას კომპიუტერული ტექნიკა აინტერესებდა, დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და 12 წლის ასაკში უკვე ვიდეოთამაშის კოდი დაწერა, რომელიც 500 დოლარად გაყიდა. კაცობრიობის შეცვლისა და ცხოვრების გამარტივების იდეები ბავშვობიდანვე გაუჩნდა. განსხვავებული ბავშვი იყო, ამიტომ ხშირად ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ გონების დაკარგვამდე სცემეს და ოპერაციებიც კი დასჭირდა.

მასკი აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის დიდი იდეების განხორციელების ადგილია. აშშ-ში შესვლის გასამარტივებლად, პრეტორიაში სწავლა მიატოვა და კანადაში დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. უმაღლესი განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკასა და ფიზიკაში. 1994 წლიდან მასკი სილიკონ-ველიზე სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, სადაც გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა.

24 წლის ასაკში, 1995 წელს, მასკმა, ძმასთან ერთად, პირველი კომპანია დააარსა – Zip2. კომპანია ინტერნეტრუკებს ამზადებდა, რომლებიც გაზეთებში იბეჭდებოდა. გრაფიკული რუკებისა და მიმართულებების კოდებს ილონი თავად წერდა. მალე კონტრაქტი დადეს „ნიუ-იორკ-თაიმზთან“. 1999 წელს კომპანია Compaq-მა Zip2 307 მლნ დოლარად შეიძინა. კომპანიის გაყიდვის დროს მასკი მხოლოდ 7%-იან წილს ფლობდა და, შესაბამისად, მას 22 მლნ დოლარი ერგო.

ZIP2-ის გაყიდვისგან მიღებული თანხით მასკმა ახალი კომპანია, X.com-ი დააარსა, რომელიც ელექტრონული ფოსტით გადახდის და ინტერნეტით ფინანსური მომსახურებით იყო დაკავებული. ერთ წელიწადში X.com-ი კომპანია Confinity-სთან გაერთიანდა, რომელიც ფულის გადარიცხვის ინტერნეტსერვისზე მუშაობდა. 2001 წელს გაერთიანებულ კომპანიას PayPal-ი დაარქვეს. 2002 წელს PayPal-ი 1.5 მილიარდ დოლარად eBay-მ შეიძინა, საიდანაც მასკს 165 მლნ დოლარი შეხვდა.

2001 წლიდან მასკი პლანეტა მარსის ათვისებით დაინტერესდა, სადაც მწვანე სათბურის განთავსებას და პლანეტის შესწავლას გეგმავდა. თავიდან რუსეთიდან კოსმოსური რაკეტის შეძენას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა და 2002 წელს კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია SpaceX-ი დააარსა. კომპანიის მთავარი მიზანი კოსმოსში მოგზაურობისთვის მოსახერხებელი რაკეტების შექმნაა. მასკს სჯერა, რომ კაცობრიობის გადასარჩენად და არსებობის გასახანგრძლივებლად კოსმოსის ათვისებაა აუცილებელი.

ილონ მასკის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საავტომობილო კომპანია Tesla-სთან, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა, მასკი კი 2004 წლიდან დირექტორთა საბჭოს წევრად შეუერთდა. 2008 წლიდან ის Tesla-ს გენერალური დირექტორია და კომპანიის 18%-ს ფლობს. მასკის მმართველობის პერიოდში კომპანიამ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიღწია და ელექტრომანქანების წარმოებაში ლიდერი გახდა.

დღეს Tesla-ს საბაზრო ღირებულება 1.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. შესაბამისად, მასკი Tesla-ში დაახლოებით 280 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს.

2006 წელს მასკმა კიდევ ერთი კომპანია – SolarCity დააარსა. 2006 წელსვე SolarCity კომპანია Tasla-მ შეისყიდა. მასკს მიაჩნია, რომ მზის ენერგიის გამოყენებისა და ელექტრომობილების წარმოების გაფართოება გლობალურ დათბობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

2012 წელს ილონ მასკი პირველად მოხვდა „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში 2 მილიარდი დოლარის ქონებით.

2015 წელს მასკმა, პარტნიორებთან ერთად, დააარსა კომპანია OpenAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. მასკი OpenAI-ის დამფუძნებელთა ჯგუფში შედიოდა და მისი ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერი იყო. 2018 წელს ილონი კომპანიის დირექტორთა საბჭოდან გადადგა. მისი განცხადებით, მიზეზი იყო პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი Tesla-ს AI-პროექტებთან დაკავშირებით, რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი აქტიურად მუშაობს თვითმართვადი მანქანების განვითარებაზე.

2015 წელს მასკმა მიზნად დაისახა გლობალური სატელიტური ინტერნეტის ქსელის შექმნა (Starlink-ის პროექტი) და 2018 წელს SpaceX-მა პირველი ორი სატესტო თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში. 2020 წლიდან კი Starlink-ის ინტერნეტი მომხმარებლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებაზე მუშაობს მასკის კომპანია – Neuralink-ი. მისი ტექნოლოგია მიზნად ისახავს ისეთი დაავადებების მართვას, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, დაზიანებული ნერვული ქსოვილების აღდგენა. Neuralink-მა უკვე ჩაატარა კვლევა ცხოველებსა და ადამიანებზე, ამჟამად კი, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მიკროჩიპის დახვეწაზე მუშაობს.

2021 წლის დასაწყისში მასკი პირველად გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, როცა მისმა ქონებამ 190 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2022 წელს, მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა და X დაარქვა.

ილონ მასკი ასევე ფლობს xAI-ის დაახლოებით 42%-ს, რომელიც მან 2023 წელს დააარსა. კომპანიის ღირებულება დაახლოებით 250 მილიარდი დოლარია.

მასკის ქონებამ 2024 წელს 400 მილიარდს, ხოლო 2025 წელს 800 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მისი კომპანიების აქციების ფასის ზრდამ განაპირობა.

2026 წლის 12 ივნისს მასკმა კომპანია SpaceX-ის აქციები განათავსა საჯაროდ. კომპანია 2 ტრილიონ დოლარად შეფასდა (საბაზრო კაპიტალიზაცია), ხოლო 16 ივნისისთვის მისი კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონი დოლარია. ილონ მასკს SpaceX-ის 38% ეკუთვნის, რაც 950 მილიარდ დოლარამდეა. შესაბამისად, მასკის 1.3 ტრილიონ დოლარის ქონებაში ყველაზე დიდი წილი SpaceX-ს უჭირავს.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა