Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა მაიკლ დელი?

2026 წლის ივნისში მაიკლ დელის ქონება 260 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და დელმა მდიდარი ადამიანების მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ტეხასელი მილიარდერი კომპანია Dell Technologies-ის დამფუძნებელია, რომელიც Dell-ის კომპიუტერებითაა ცნობილი.
მაიკლ დელი 1965 წელს აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონში, ებრაელების ოჯახში დაიბადა . 13 წლის ასაკიდანვე იყო ბიზნესით დაინტერესებული. მშობლებს სურდათ, რომ ექიმი გამოსულიყო, ამიტომ უნივერსიტეტში სამედიცინო პროგრამაზე ჩააბარა, მაგრამ 19 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება. ამის მიზეზი ბიზნესში წარმატება იყო, რომელსაც სწავლის პარალელურად ეწეოდა.
წლების განმავლობაში გაზეთების გამავრცელებლად მუშაობდა, უშუალოდ გაზეთების გამომწერების რიცხვის ზრდაზე. შედეგად, ბევრი ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია დაუგროვდა და თავიდან მათთვის კომპიუტერების აქსესუარებისა და კომპონენტების პირდაპირ მიყიდვა დაიწყო. ამ პროცესში დაინახა, რომ კომპიუტერებზე მოთხოვნის სპეციფიკას არსებული ნაწარმი ვერ პასუხობდა და გადაწყვიტა, თავის კომპანიაში აეწყო კომპიუტერები.
19 წლის ასაკში, 1984 წელს დააარსა კომპანია PC’s Limited-ი. პირველი კომპიუტერი Turbo PC 1885 წელს გამოუშვა, რომელიც დაახლოებით 800 დოლარი ღირდა. Dell-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს მისი სურვილის შესაბამისად კომპიუტერის აწყობის საშუალება მისცა, ანუ მომხმარებელი თავად ირჩევდა, როგორი და რა სიძლიერის კომპონენტები სურდა. ეს იმდენად წარმატებული მიდგომა გამოდგა, რომ კომპანიამ პირველივე წელს 73 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
1987 წელს კომპანიას სახელი შეუცვალა და საკუთარი გვარი – „დელი“ დაარქვა.
პირველი საზღვარგარეთული ფილიალი კომპანიამ 1987 წელს ბრიტანეთში გახსნა. 1988 წელს კი საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციების გაყიდვა დაიწყო და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 30 მლნ-დან 80 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქციების გაყიდვით მიღებული შემოსავალი კომპანიამ წარმოების გაფართოების და ირლანდიაში საწარმოს შექმნისთვის გამოიყენა. ირლანდიაში წარმოებული კომპიუტერები ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს მიეწოდებოდა.
1992 წელს 27 წლის დელი მსოფლიოს 500 უმსხვილეს კომპანიის მმართველებს (CEO) შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო.
1990-იანი წლები კომპანიისთვის საერთაშორისო ბაზრების ზრდის პერიოდი იყო. 1996 წელს ონლაინშეკვეთებით დაიწყო გაყიდვები, რაც იმ დროს ძალიან იშვიათი პრაქტიკა გახლდათ. 1997 წელს ონლაინ ყოველდღიურად 1 მლნ დოლარის კომპიუტერებს ყიდდა. 1998 წელს ჩინეთის ბაზარზე შევიდა. 1999 წელს კომპანიის შემოსავალმა 18 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2000-იანების დასაწყისში Dell-ი პირველ ადგილზე იყო კომპიუტერებისა და მისი დეტალების ბაზარზე მიწოდებით. 2002 წლიდან ტელევიზორების, აუდიომაგნიტოფონებისა და პრინტერების გამოშვებაც დაიწყო. 2000-იანების ბოლო Dell-ის წარმატების უწყვეტი ისტორია შეჩერდა, რადგან კომპიუტერების ბაზარზე კონკურენცია გამძაფრდა, განსაკუთრებით – ტაივანური, კორეული და ჩინური კომპანიების მხრიდან. 2008 წელს კომპანიის შემოსავალი 62 მილიარდი დოლარი იყო, 2010-ში კი – 53 მილიარდი დოლარი.
2013 წელს მაიკლ დელმა აქციონერებისგან აქციების გარკვეული რაოდენობა გამოისყიდა, რომ მართვაში თავისი როლი გაეძლიერებინა და კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია შეემუშავებინა, რომელიც ძირითადად ინოვაციებსა და გრძელვადიან ინვესტიციებზე იქნებოდა კონცენტრირებული. 2013-ში კომპანიის შემოსავალი 57 მილიარდი დოლარი იყო.
2014-2016 წლებში კომპანიის შემოსავალმა კლება განაგრძო და 51 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 2016 წელს Dell-მა EMC Corporation-ი იყიდა 67 მილიარდ დოლარად და ახალ, გაერთიანებულ კომპანიას Dell Technologies-ი ეწოდა, რომელიც დღემდე ჰქვია.
მაიკლ დელის გადაწყვეტილებებმა შედეგი გამოიღო და 2017 წლიდან კომპანია აღმასვლას დაუბრუნდა. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს გადასცდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რამდენიმე ისეთი კომპანიის შესყიდვა იყო, როგორებიცაა SecureWorks-ი, VirtuStream-ი, Wyse-ი და SonicWall-ი. შეიძლება ითქვას Dell-მა დიდება დაიბრუნა, მისი ტექნოლოგიების ხარისხი და მომხმარებლების კმაყოფილების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა.
2017 წელს მაიკლ დელის ქონება 20 მილიარდი დოლარით განისაზღვრა (მისი წილი კომპანიაში), რომელიც 2022 წელს უკვე 55 მილიარდი დოლარი იყო.
მაიკლ დელის ქონების 260 მილიარდ დოლარამდე ზრდა Dell Technologies-ის აქციების ფასის ზრდამ განაპირობა. ბოლო ერთ წელიწადში აქციების ფასი 4-ჯერ გაიზარდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დელი აღარ არის მხოლოდ კომპიუტერების მწარმოებელი, ის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელი გახდა. 2024 წლიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე, ჩიპების მწარმოებელ კომპანია Nvidia-სთან. Dell-ი ყიდის სერვერებს, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის. AI-მონაცემთა ცენტრების სწრაფმა ზრდამ ასეთ სერვერებზე მოთხოვნა ძალიან გაზარდა.
2026 წელს Dell Technologies-ის შემოსავალი 115 მილიარდი დოლარს მიაღწევს. კომპანიის აქტივები 102 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 303 მილიარდი დოლარი. გაყიდული კომპიუტერების რაოდენობით დღეს მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მხოლოდ „ლენოვოს“ და HP-ის ჩამორჩება.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
