"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საბანკო სესხის სიძვირით საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზეა
ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთით საქართველო 152 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
საბანკო სესხების საშუალო პროცენტს ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები აქვეყნებენ. აღნიშნულ ბლოგში მოცემულია მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მაინც არ მოიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები 2022 წლის ბოლოს არსებული სესხის საშუალო პროცენტია. თავად სესხის საშუალო პროცენტი არის ე.წ. შეწონილი საშუალო, ანუ მასში გათვალისწინებულია გაცემული სესხების მოცულობა დანიშნულების და ვადიანობის მიხედვით. რეალურად, პრაქტიკაში, გაცემული სესხების მინიმალური და მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საშუალო პროცენტისგან.
საქართველო საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის რეიტინგში
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით 2022 წლის ბოლოს საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.7% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში შემავალ 152 ქვეყანას შორის 36-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო 35 ქვეყანაში, ხოლო უფრო დაბალი განაკვეთი 116 ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2011-2019 წლებში საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, 2011 წელს საშუალო განაკვეთი 15% იყო და თანდათანობით, 2019 წლისთვის 10.8%-მდე შემცირდა. თუმცა, 2020 წლიდან, პანდემიის და მაღალი ინფლაციის გამო საპროცენტო განაკვეთი 13.7%-მდე გაიზარდა და 2013 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითაც, 2022 წლის ბოლოს საქართველოში სესხის საშუალო წლიური საბაზრო განაკვეთი 13.14% იყო. საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვალუტაშია სესხი გაცემული. 2022 წლის ბოლოს ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 16.2% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე – 8.6%.
სესხზე საპროცენტო განაკვეთით საქართველოსთან ყველაზე ახლოს შემდეგი ქვეყნები არიან: ბუტანი – 14%, კენია – 14%, პარაგვაი 13.3% და ტანზანია 13.3%.
გრაფიკი: საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების სესხებზე საქართველოში
წყარო: მსოფლიო ბანკი
ყველაზე მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთების მქონე ქვეყნები
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი ზიმბაბვეში იყო – წლიური 132%. შემდეგ მოდიოდა ვენესუელა წლიური 58%-ით და არგენტინა 52%-ით. ეს ქვეყნები მაღალი ინფლაციის დონით გამოირჩევიან, რაც სესხებზე პროცენტს ზრდის.
ყველაზე მაღალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ 10-ში მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები ხვდებიან.
ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2022 წელი
ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი |
ზიმბაბვე | 132% |
ვენესუელა | 58% |
არგენტინა | 52% |
მადაგასკარი | 49% |
ბრაზილია | 39% |
განა | 36% |
შრი-ლანკა | 28% |
მალავი | 25% |
ზამბია | 25% |
უზბეკეთი | 22% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
ყველაზე დაბალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ 10-ში მხოლოდ განვითარებული ქვეყნები არიან. 2022 წელს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალი იაპონიაში იყო – 1.3% წელიწადში. შემდეგ მოდის დანია და იტალია 1.9 და 1.3%-ით.
ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2022 წელი
ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი |
იაპონია | 1.3% |
დანია | 1.9% |
იტალია | 2.3% |
ირლანდია | 2.4% |
ნიდერლანდები | 2.4% |
შვედეთი | 2.6% |
შვეიცარია | 2.6% |
ისრაელი | 3.0% |
საფრანგეთი | 3.0% |
ლუქსემბურგი | 3.1% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი თურქეთში იყო – 19%. აზერბაიჯანში 14.6% იყო, სომხეთში 11.7%, რუსეთში კი 11.5%.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024